საქართველო რუსეთის წინააღმდეგ

სახალხო დამცველი ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას მიესალმება

საქართველოს სახალხო დამცველი მიესალმება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დღეს გამოტანილ გადაწყვეტილებას საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ და იმედოვნებს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ქსენოფობიისა და რასიზმის პოლიტიკის წინააღმდეგ ბრძოლისაკენ მიმართული მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება არამხოლოდ მოპასუხე სახელმწიფოში.

საქართველოს სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ რუსეთის ხელისუფლების მიერ ეთნიკური ქართველების წინააღმდეგ განხორციელებული დისკრიმინაციის შესახებ ომბუდსმენი 2006 წლის ანგარიშშიც საუბრობდა.

„ეს ის შემთხვევაა, როცა მსოფლიოს ყველა უფლებადამცველმა ხმა უნდა აიმაღლოს რასიზმისა და ქსენოფობიის პოლიტიკის წინააღმდეგ. დღეს გაჩუმება ნიშნავს, რომ ხვალ ყველა ჩვენგანს მოგვიწევს ისეთ ევროპაში ცხოვრება, სადაც უცხოსადმი, ყოველივე განსხვავებულისადმი სიძულვილი, რასიზმი, ქსენოფობია ცხოვრების წესად იქცევა. ის, რაც დღეს საქართველოს მიმართ ხდება, თუ დროზე არ შეჩერდა, ხვალ ყველა ეროვნულ უმცირესობებს შეეხება“ – განაცხადა საქართველოს სახალხო დამცველმა 2006 წელს.

სტრასბურგის სასამართლომ ეთნიკური ქართველების დეპორტაციის გამო რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს საჩივარზე გადაწყვეტილება საქართველოს სასარგებლოდ გამოიტანა. ამით დასრულდა შვიდწლიანი განხილვა სახელმწიფოთაშორის საჩივარზე "საქართველო რუსეთის წინააღმდეგ" . სასამართლოს დიდი პალატის ღია სხდომას ორივე მხარის − საქართველოსა და რუსეთის წარმომადგენლები დაესწრნენ. აღნიშნულ საქმეზე სახელმწიფოს ინტერესებს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს იუსტიციის სამინისტრო იცავდა. 

სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთმა 2006 წელს დაარღვია ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი. გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ რუსეთის მხრიდან ადგილი ჰქონდა კოორდინირებულ პოლიტიკას ქართველების წინააღმდეგ დაკავებისას, დაპატიმრებისას და მასობრივად ქვეყნიდან გამოძევებისას და, შესაბამისად, დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მეოთხე ოქმის მეოთხე მუხლი. დაკავებისა და დაპატიმრების დროს ქართველები დამამცირებელ და არაადამიანურ პირობებში იმყოფებოდნენ, რითაც დაირღვა მე-3 და მე-5 მუხლები.

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის თქმით, "კომპენსაციის ოდენობის გარშემო უნდა შედგეს იუსტიციის ორ სამინისტროს შორის მოლაპარაკებები, რისთვისაც ევროპელმა მოსამართლემ მოგვცა 12-თვიანი ვადა".

საქართველოს მთავრობამ სტრასბურგის სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ სახელმწიფოთაშორისი საჩივარი 2007 წლის 26 მარტს შეიტანა. საჩივარი უკავშირდება რუსეთის მიერ 2006 წლის შემოდგომაზე გატარებულ სადამსჯელო პოლიტიკას, რომელსაც რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მცხოვრები ეთნიკური ქართველების დევნა, შევიწროება და ქვეყნიდან მათი მასობრივი დეპორტაცია მოჰყვა.

კომენტარები