აფხაზეთი

სახელმწიფობანას თამაში აფხაზეთში

თეიმურაზ პაპასქირი
0 კომენტარი

2014 წლის 1 ივნისს აფხაზეთში გადადგა თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მესამე „პრეზიდენტი" ალექსანდრ ანქვაბი. ეს მოჰყვა პროტესტის ტალღას, რომელიც აგორდა მაისის ბოლოს და რომელშიც ძირითადი როლი ითამაშეს რაულ ხაჯიმბას აფხაზეთის სახალხო ერთიანობის ფორუმმა და 1992-1993 წლების ომის ვეტერანთა კავშირმა ამცაჰარამ. შედეგად, აფხაზეთის დროებით „მმართველად" იქცა აფხაზეთის „პარლამენტის" სპიკერი ვალერი ბგანბა, ხოლო „პრემიერმინისტრის" პოსტი დაიკავა ვლადიმირ დელბამ, ანქვაბის პერიოდის ფინანსთა მინისტრმა. ვადამდელი „საპრეზიდენტო" არჩევნები 2014 წლის 24 აგვისტოსთვის დაინიშნა.

საქართველოს ხელისუფლებამ აფხაზეთში მომხდარი მოვლენები „მორიგ საკადრო გადაადგილებად" შეაფასა და, ერთი შეხედვით, ეს თითქოს სწორი შეფასებაა, რადგანაც ამჟამინდელ აფხაზურ პოლიტიკურ სპექტრში არ არსებობს ფიგურა, რომელიც პრორუსულ პოლიტიკას არ გაატარებს. მიუხედავად ამისა, აქ არის ერთი ნიუანსი, რომელიც აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებული აფხაზეთში მიმდინარე მოვლენების მიმოხილვისას. საბაბი, რომელიც გამოყენებულ იქნა ანქვაბის გადასაყენებლად, პირდაპირ კავშირშია აფხაზეთში მცხოვრებ ქართველებთან. მართალია, აფხაზეთში გამეფებულია ტოტალური კორუფცია და თავად ანქვაბსაც აბრალებდნენ დიქტატორობას, მაგრამ მის წინააღმდეგ გამოსვლების მთავარ საბაბად მაინც აფხაზეთის ქართველი მოსახლეობის ე.წ. პასპორტიზაცია იქცა. საუბარი ეხება გალის რაიონში დაბრუნებულ ქართველებს, რომელთა უმრავლესობასაც ანქვაბის ადმინისტრაციამ აფხაზური პასპორტები დაურიგა და ამით მნიშვნელოვნად შეცვალა ძალთა ბალანსი აფხაზეთში.

ოპოზიციის ლიდერი რაულ ხაჯიმბა საპროტესტო აქციაზე სოხუმის ცენტრში ფოტო: AFP
ბუნებრივი იყო, რომ 26 ათასი ქართველისთვის პასპორტების დარიგება მიუღებელი აღმოჩნდა აფხაზებისთვის, განსაკუთრებით კი რაულ ხაჯიმბასთვის, რომელიც უკანასკნელ წლებში აფხაზეთის ულტრანაციონალისტურად განწყობილი მოსახლეობის ლიდერად გვევლინება. მართალია, ანქვაბი იძულებული გახდა, დათმობაზე წასულიყო და 2015 წლიდან ახალი პასპორტების შემოღებაზე დათანხმებულიყო, რაც ავტომატურად გამორიცხავდა ქართველების მონაწილეობას 2016 წლისთვის დაგეგმილ „საპრეზიდენტო" არჩევნებში, მაგრამ ამან ის ვერ გადაარჩინა. სავარაუდოდ, ახლა პროცესი დაჩქარდება და 2014 წლის 24 აგვისტოს არჩევანის უფლება მხოლოდ 3 ათასს ქართველს ექნება. ასე რომ, აფხაზეთის ქართული მოსახლეობისთვის და, შესაბამისად, მთლიანად საქართველოსთვის აფხაზეთში მომხდარი ცვლილებები არანაირად არ შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ „საკადრო გადაადგილებად".

სინამდვილეში ეს არის რუსეთის თამაში, რომელიც მიმართულია აფხაზეთის პირდაპირ რუსეთის შემადგენლობაში მიერთებაზე. დღეისთვის არსებული ვითარებით, რუსეთთან შეერთებას აფხაზეთის მოსახლეობის უმრავლესობა ნამდვილად არ დაუჭერს მხარს და ამის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი სწორედ ქართული მოსახლეობის ხმებია. მეტიც, როდესაც 2014 წლის მაისის დასაწყისში ტარას შამბამ რუსეთთან ასოცირების შესახებ წინადადება წამოაყენა, აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სასტიკად დაგმო ეს იდეა და გამოაცხადა, რომ „რუსეთთან ასოცირებული ურთიერთობების დამყარება ნიშნავს... აფხაზეთის სუვერენიტეტის დაკარგვას, მისთვის დამოუკიდებელი სახელმწიფოს ნიშნების მოცილებას".

არ არის გამორიცხული, რომ ამჟამინდელი კრიზისი წარმოადგენდა კრემლის პასუხს ტარას შამბას მიერ გახმოვანებული იდეების კატეგორიულად უარყოფაზე ანქვაბის ხელისუფლების მხრიდან და რომ ანქვაბი დაისაჯა რუსეთთან შეერთებაზე სასტიკი უარის თქმის გამო. სავსებით სავარაუდოა, რომ შექმნილ ვითარებაში, როდესაც რუსეთმა უკრაინას წაართვა ყირიმი და ყველანაირად უჭერს მხარს პრორუსულ ძალებს დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში, აფხაზეთის მხრიდან ასეთი პოზიციის დაფიქსირება კრემლმა წაგებიანად ჩათვალა და ანქვაბის მოცილება გადაწყვიტა. ყოველივე ეს კი გვაფიქრებინებს, რომ რაულ ხაჯიმბა ახლა აშკარად თამაშობს რუსეთის თამაშს, რაშიც მას, გარკვეულწილად, გაუთვითცნობიერებლად, მხარს უჭერს ულტრანაციონალისტურად განწყობილი აფხაზური მოსახლეობის ნაწილი.

რაულ ხაჯიმბას პიროვნება ნამდვილად ითხოვს მასზე ცალკე ყურადღების გამახვილებას. აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის 1984 წლის წარჩინებულმა კურსდამთავრებულმა სსრ კავშირის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ყურადღება მიიპყრო და მანაც კარიერა ამ მიმართულებით განაგრძო. სუკ-ის მინსკის სკოლის 1986 წლის კურსდამთავრებული 1992 წლამდე ტყვარჩელის სუკ-ის თანამშრომელი იყო და ომში ქართველების წინააღმდეგ აქტიურად იბრძოდა, რისთვისაც ის დააჯილდოვეს „ლეონის ორდენით". ომის შემდგომ მისი კარიერა სწრაფად მიდიოდა წინ და არძინბას მმართველობის ბოლო წლებში ის აშკარად მოიაზრებოდა მის მემკვიდრედ. სწორედ ამიტომაც დაინიშნა 2003 წელს აფხაზეთის „პრემიერმინისტრად". 2004 წლის 3 ოქტომბრის „საპრეზიდენტო" არჩევნებში ის აშკარად სარგებლობდა რუსეთის ხელისუფლების სიმპათიებით. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ფაქტობრივად მისი ხელდასხმაც მოახდინა, როდესაც 29 აგვისტოს დაგომისში მიიღო.

ხაჯიმბას სასარგებლოდ ახდენდა აგიტირებას რუსული „დესანტიც", რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ რუსი პოლიტიკოსები თუ მომღერლები. მიუხედავად ამისა, ხაჯიმბამ არჩევნები წააგო სერგეი ბაგაფშთან, რომელსაც მხარი დაუჭირა ნაციონალისტურად განწყობილი აფხაზებისა (მათ არ ესიამოვნათ მოსკოვის ასეთი აშკარა ჩარევა „შიდააფხაზურ" საქმეებში) და გალის რაიონის ქართული მოსახლეობის ალიანსმა. ამ უკანასკნელთა ხმები ფაქტობრივად გადამწყვეტი აღმოჩნდა (გალის რაიონის ქართველი მოსახლეობის მიერ ბაგაფშისთვის ხმის მიცემა, თავის მხრივ, განპირობებული იყო მათდამი ბაგაფშის ბევრად უკეთესი დამოკიდებულებით). კრემლმა ვერ აიტანა ეს მარცხი და პირდაპირ ჩაერია აფხაზეთში მიმდინარე პროცესებში, რაც, როგორც ჩანს, განპირობებული იყო იმის შიშით, რომ გალის რაიონის მხარდაჭერა ბაგაფშისადმი გამოიწვევდა დაახლოებას თბილისსა და სოხუმს შორის. აფხაზებში დაიწყო დაპირისპირება, რომელსაც მსხვერპლიც კი მოჰყვა.

საპროტესტო აქცია სოხუმის ცენტრში ფოტო: AFP
საბოლოო ჯამში, პუტინმა აიძულა ბაგაფში, შეთანხმებოდა ხაჯიმბას და აეყვანა ის „ვიცეპრეზიდენტად" ხელახალი არჩევნებისთვის, რომელიც 2005 წლის 12 იანვარს გაიმართა. არჩევნების შემდეგ ბაგაფში „პრეზიდენტი" გახდა, მაგრამ „ვიცეპრეზიდენტი" ხაჯიმბა არანაკლები უფლებებით სარგებლობდა. ორ აფხაზ ლიდერს შორის დაპირისპირება შემდგომშიც გაგრძელდა და 2009 წელს ხაჯიმბას გადადგომით დასრულდა. 2009 წლის „საპრეზიდენტო" არჩევნებზე მათ დამოუკიდებლად იყარეს კენჭი. დამაჯერებელი გამარჯვება დარჩა ბაგაფშისა და ალექსანდრ ანქვაბის ალიანსს, რომელსაც მხარი დაუჭირა გალის რაიონის მოსახლეობის უმრავლესობამაც, თუმცა ამჯერად ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ჰქონია.

2009 წლის შემდეგ ხაჯიმბას ტრანსფორმაცია დაიწყო და მან ულტრანაციონალისტების მხარდაჭერის მოპოვებისთვის დაიწყო ზრუნვა. ძნელი სათქმელია, ეს მისი პირადი სურვილი იყო თუ უფრო იმ ფაქტმა განაპირობა, რომ რუსეთს გული აუცრუვდა ხაჯიმბაზე, როგორც წარუმატებელ პროექტზე და გადაწყვიტა მისი ჩანაცვლება სერგეი შამბათი. არ არის გამორიცხული, რომ ეს გარკვეულწილად რუსეთის მიერ გათამაშებული ფანდიც იყო და მან, ერთი შეხედვით, მოიცილა უკვე ყავლგასული კადრი და, ამავდროულად, ის მოაქცია რუსეთისადმი არცთუ დიდი სიმპათიებით განწყობილი აფხაზების სათავეში (პირადად მე სწორედ ამ აზრისკენ ვიხრები). ყოველ შემთხვევაში, ფაქტია, რომ სერგეი ბაგაფშის მოულოდნელი (იქნებ, არც შემთხვევითი) გარდაცვალების გამო 2011 წელს გამოცხადებულ ვადამდელ „საპრეზიდენტო" არჩევნებზე პრორუსული ძალების ლიდერად უკვე სწორედ სერგეი შამბა მოგვევლინა, ხაჯიმბა კი სათავეში ჩაუდგა ე.წ. ულტრანაციონალისტურ ძალებს, რომლებსაც მაინცდამაინც არ მოსწონთ რუსეთზე დამოკიდებულების პოლიტიკა.

მიუხედავად იმისა, რომ 2011 წელს რუსეთს აშკარად შამბა ერჩივნა, პუტინმა ამჯერად არ გაიმეორა 2004 წლის შეცდომა და ცნო არჩევნებში ალექსანდრ ანქვაბის გამარჯვება. უნდა აღინიშნოს, რომ ამ შემთხვევაშიც, ისევე როგორც 2004 წელს, გალის რაიონის ქართული მოსახლეობის პოზიციამ და ანქვაბის მხარდაჭერამ გადამწყვეტი როლი ითამაშა. აქედან გამომდინარე, როგორც ხაჯიმბას, ისე პრორუსული ძალების მთავარ სამიზნედ სწორედ გალის რაიონის მოსახლეობა იქცა. ხაჯიმბამ ძალზე ეფექტურად გამოიყენა ეს კარტი აფხაზი მოსახლეობის უკმაყოფილების ასაგორებლად.

2013 წელს შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელმაც დაადგინა, რომ გალის რაიონში ქართული მოსახლეობის პასპორტიზაცია დიდი დარღვევებით ჩატარდა და რომ ქართველების უმრავლესობას უარი არ უთქვამს საქართველოს მოქალაქეობაზე, რაც წარმოადგენს აფხაზეთის „კონსტიტუციის" დარღვევას, რომლითაც „ორმაგი მოქალაქეობის ქონა მხოლოდ რუსეთთან არის შესაძლებელი". შედეგად, როგორც უკვე აღინიშნა, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ახალი პასპორტების შემოღებაზე, თუმცა, ბოლოდროინდელი მოვლენებიდან გამომდინარე, სავარაუდოა, რომ გალის რაიონის ქართულ მოსახლეობას სერიოზული პრობლემები უკვე უახლოეს კვირებში შეექმნება. ასე რომ, აფხაზეთში მომხდარი ცვლილებები აშკარად სცდება უბრალოდ „საკადრო გადაადგილებებს" და შესაძლოა, საკმაოდ ნეგატიური შედეგებიც გამოიწვიოს ჩვენი მოსახლეობის ნაწილისთვის.

აქვე უნდა შევეხოთ გალის რაიონის ქართველი მოსახლეობისადმი აფხაზური მხარის დამოკიდებულებას. ბუნებრივია, ის ყოველთვის უარყოფითი იყო. აფხაზები შინაგანად ყოველთვის ეწინააღმდეგებოდნენ ქართველების დაბრუნებას გალის რაიონში (სხვაგან ქართველების დაბრუნებაზე ისინი კატეგორიულ უარს აცხადებენ დღესაც), მაგრამ არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, გადაწყვიტეს, რომ ცარიელ ტერიტორიას (ისტორიის მანძილზე გალის რაიონში აფხაზები პრაქტიკულად არასდროს სახლობდნენ, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე სოფელს, რომელთა მოსახლეობაც, თავის დროზე, XVII საუკუნის მიწურულს იქნა გადმოყვანილი ჩრდილოეთი ნაწილიდან, დღევანდელი გუდაუთის რაიონიდან) სჯობდა ქართული მოსახლეობის დაბრუნება და მათგან შემდეგ „გადასახადების" (უფრო სწორი ტერმინი ალბათ „ხარკი" იქნება) აკრეფა. აფხაზები განსაკუთრებით აქტიურდებიან ხოლმე შემოდგომაზე, ე.წ. თხილის სეზონის დროს, როდესაც დიდი შემოსავლების იმედი აქვთ. გალის რაიონი იქცა აფხაზეთის სოფლის მეურნეობის პროდუქტებით მთავარ მომმარაგებლად.

ბაგაფშის და, განსაკუთრებით, ანქვაბის პერიოდში ჩატარებული პასპორტიზაციის შედეგად, ქართულმა მოსახლეობამ შედარებით ამოისუნთქა და მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა, მაგრამ ბოლოდროინდელმა მოვლენებმა კვლავ საფრთხის ქვეშ დააყენა მათი აფხაზეთში ყოფნა, მით უმეტეს, რომ ულტრანაციონალისტი აფხაზები საერთოდ ითხოვენ აფხაზეთიდან იმ ქართველების გასახლებას, ვისაც საქართველოს მოქალაქეობა შენარჩუნებული აქვს. არადა, ასეთია გალის რაიონის დიდი უმრავლესობა.

ქართული მოსახლეობისთვის არჩევნებში მონაწილეობის უფლების შეზღუდვით, ულტრანაციონალისტების გარდა, დაინტერესებულია რუსეთის ხელისუფლებაც, რომლის მიზნებშიც, როგორც ჩანს, შედის აფხაზეთის ოფიციალურად მიერთება. ეჭვგარეშეა, რომ აფხაზეთის „დამოუკიდებლობის" აღიარების ჩავარდნილმა კამპანიამ რუსეთის ხელისუფლებას ტაქტიკის შეცვლისკენ უბიძგა, მით უმეტეს, უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე. ქართველი მოსახლეობისათვის აფხაზეთში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის უფლების ჩამორთმევა კი ამ მიმართულებით გადადგმული სერიოზული ნაბიჯი იქნება.

ქართველების გარეშე აფხაზები, რომელთა უმრავლესობაც დღეს რუსეთთან შეერთების მოწინააღმდეგეა, უმცირესობაში აღმოჩნდებიან. იოტისოდენა ეჭვის შეტანაც არ შეიძლება, რომ რუსეთთან შეერთებას მხარს დაუჭერს აფხაზეთის სომხური მოსახლეობა, რომლისთვისაც ბევრად უფრო მისაღებია რუსეთის პირდაპირი მოქალაქეობა. ასე რომ, პარადოქსია, მაგრამ ულტრანაციონალისტების ქმედებები სინამდვილეში სწორედ საკუთარი თავის წინააღმდეგ არის მიმართული და ისინი ფაქტობრივად იმ „ტოტს ჭრიან, რომელზეც სხედან". ეს არის გზა თვითგანადგურებისკენ, მაგრამ ქართველებისადმი სიძულვილი, რომელიც აფხაზების ნაწილს ლამისაა გენეტიკურ დონეზე აქვს, აფხაზებს აბნელებს და რაციონალური აზროვნების უნარს უკარგავს. სამწუხაროდ, ამით მხოლოდ ისინი არ ზარალდებიან და მთლიანად ქართულ სახელმწიფოს ადგება ზიანი. აფხაზები ვერ ხვდებიან, რომ თავიანთი უგუნური, ანტიქართული პოლიტიკით საკუთარ აღსასრულს განაპირობებენ. სამწუხაროდ, დღევანდელ აფხაზურ პოლიტიკურ სპექტრში საქართველოში დაბრუნების მომხრე არავინ არის და რომც იყოს, ამას მაინც ვერ იტყვის, რადგანაც ამით თავის კარიერას დაასამარებს. ამიტომ ილუზიაა იმის მტკიცება, რომ „ჩვენ ჯერ ხალხი უნდა დავიბრუნოთ და მხოლოდ შემდეგ ტერიტორია". აფხაზური თვითშეგნება ამას გამორიცხავს.

აფხაზი ულტრანაციონალისტების სიბეცე დიდწილად განპირობებულია აფხაზური თვითშეგნების თავისებურებებით. საერთოდ, აფხაზები თავს ყველა სხვა ერის წარმომადგენელზე მაღლა აყენებენ. ისინი თვლიან, რომ მხოლოდ ისინი არიან აფხაზეთის მკვიდრი მცხოვრებლები, რაც მათ აძლევთ უპირატეს უფლებებს იქ მცხოვრებ სხვა ერებთან მიმართებით. მართალია, აფხაზების ერთაბორიგენობის პოსტულატი იმდენად მცდარია, რომ ამას სერიოზული ისტორიკოსი საერთოდ არც ჩათვლის განხილვის საგნად, მაგრამ აფხაზების ამაში დარწმუნება დღეს პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგანაც ეს გამოგონილი, მითიური სამყარო მათი არსებობის დედაბოძს წარმოადგენს.

სერგეი ბაგაფში
სწორედ „აბორიგენობის" პოსტულატიდან გამომდინარე თვლიან აფხაზები, რომ სხვა ერების წარმომადგენლები იმითაც კმაყოფილი უნდა იყვნენ, რომ აფხაზებმა მათ ამ მიწაზე ცხოვრების უფლება მისცეს და მეტი არაფერი უნდა მოითხოვონ. სწორედ აფხაზების ამგვარი მენტალობის გამო არ გამოუვიდა რუსეთს თავისთვის ყველაზე სასურველი კანდიდატის გაყვანა 2004 თუ 2011 წლების არჩევნებში. სწორედ ამით არის განპირობებული ის ფაქტი, რომ არცერთი აფხაზი ლიდერი, რომელიც იკავებს აფხაზეთის „პრეზიდენტის" პოსტს, არ წარმოადგენს რუსეთის ხელისუფლების სრულ მარიონეტს შიდააფხაზურ საქმეში. სხვა რა უნდა ითქვას, როდესაც აფხაზები რუსეთის მოქალაქე ეთნიკურად რუს აფხაზეთის მცხოვრებლებსაც კი არ უბრუნებენ კუთვნილ ბინებს, რაც რუსეთის ხელისუფლების დიდ უკმაყოფილებას იწვევს. აფხაზები იმდენად გათამამდნენ, რომ შარშან სექტემბერში რუსი დიპლომატი დმიტრი ვიშერნიოვი და მისი მეუღლე მოკლეს. მკვლელობის მთავარი მიზეზი სწორედ ის იყო, რომ ვიშერნიოვი აქტიურად ეხმარებოდა ეთნიკურად რუს მოქალაქეებს აფხაზეთში საკუთრების დაბრუნებაში.

ამავე დროს, ხაზი უნდა გაესვას აფხაზების კიდევ ერთ თვისებასაც. ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში, აფხაზები მაქსიმალურად ცდილობდნენ, დაკავებულიყვნენ ისეთი სამუშაოთი, რომელიც განსაკუთრებით სარფიანი იქნებოდა და ნაკლებ შრომას მოითხოვდა (მაგალითად, ტაქსისტობით, რომელიც მაშინ ძალზე მოგებიანი პროფესია იყო). ომის შემდგომ ვითარება კიდევ უფრო მეტად შეიცვალა უარესობისკენ. თამამად შეიძლება ითქვას, რომ 1993 წლის 30 სექტემბრიდან მოყოლებული, როდესაც აფხაზმა ინსურგენტებმა, რუსეთის შეიარაღებული ძალების აქტიური მხარდაჭერით, კონტროლი დაამყარეს აფხაზეთის ტერიტორიის უდიდეს ნაწილზე (მაშინ საქართველოს ხელისუფლებამ შეინარჩუნა მხოლოდ კოდორის ხეობის ნაწილი, რომელიც რუსეთმა უკვე 2008 წელს, პირდაპირი აგრესიის შემდეგ დაიკავა), აფხაზეთში ბნელმა ხანამ დაისადგურა.

აგერ უკვე 20 წელზე მეტია, აფხაზები თავს დამოუკიდებლად თვლიან და ამ „დამოუკიდებლობის" პერიოდში მთავარი „პროგრესი", რაც მათ განიცადეს, არის ნარკომანების რიცხვისა და თვითმკვლელობათა შემთხვევების კატასტროფული ზრდა. ქართველების განდევნისა და მათი ქონების ხელში ჩაგდების შემდგომ აფხაზები საერთოდ „გაზარმაცდნენ". ისინი რუს ტურისტებსაც კი უყურებენ მხოლოდ როგორც „შესაძლო ნადავლს". თვითონ რუსებიც აფხაზეთში დასვენებას ხშირად „ექსტრემალურ ტურიზმს" უწოდებენ, რადგანაც ისინი ნებისმიერ მომენტში შეიძლება გაძარცვონ ან გაიტაცონ და გამოსასყიდი მოითხოვონ.

რუსი ტურისტები განსაკუთრებით ხაზს უსვამენ იმ გარემოებას, რომ აფხაზეთში დასვენება ბევრად უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე თურქეთში და თვით იტალიაშიც კი, ხოლო კომფორტი პრაქტიკულად არ არსებობს. სხვათა შორის, ამ მხრივ ძალზე საინტერესო იქნება, თუ როგორი საკურორტო სეზონი იქნება წელს აფხაზეთში. წლების განმავლობაში რუსეთის ხელისუფლება დაინტერესებული იყო აფხაზეთში საკურორტო სეზონის წარმატებით, მაგრამ წელს, როდესაც მთავარი საზრუნავი ყირიმის პლაჟების შევსება იქნება, სავარაუდოდ, რუსეთის ხელისუფლება აფხაზეთს ამ მხრივ ყურადღებას მოაკლებს. მით უმეტეს, რომ „დამოუკიდებელი" აფხაზეთის ბიუჯეტი, უკანასკნელი წლების განმავლობაში, ძირითადად, რუსეთის ხელისუფლების მიერ პირდაპირ გამოყოფილი თანხებით ივსება და ეს დოტაცია 70%-ს აღემატება. აფხაზეთში გამეფებულია კორუფცია, რომელთან ბრძოლაც ალექსანდრ ანქვაბის მთავარ სამიზნეს წარმოადგენდა, თუმცა მან ამ მიმართულებით რაიმე შესამჩნევი პროგრესის მიღწევა ვერ შეძლო.

აფხაზური რეჟიმის არსებობა დღეს თავიდან ბოლომდე განპირობებულია რუსეთის პოლიტიკით და აფხაზეთში რუსეთის ჯარების არსებობით. მართალია, რუსულ პრესაში დროდადრო ჩნდება მასალები, რომლებიც არსებული მდგომარეობით უკმაყოფილებას გამოხატავს და ზოგჯერ კრამოლურ აზრსაც კი ავრცელებს, რომ „არ იყო საჭირო საქართველოსთან დაპირისპირება იმ აფხაზების გამო, რომლებიც რუსებს არანაირ პატივს არ სცემენ", მაგრამ რუსეთის ხელისუფლების პოლიტიკა ამ მიმართულებით უცვლელი რჩება და ძნელი წარმოსადგენია, მომავალში შეიცვალოს.

რუსეთის ხელისუფლება და, სამწუხაროდ, რუსი ხალხის უმრავლესობაც, დღეს ნეოიმპერიალისტური მისწრაფებებით არის შეპყრობილი და მეზობლებთან ნორმალური ურთიერთობები უბრალოდ ვერ წარმოუდგენია. შედეგად, აფხაზები კიდევ ცოტა ხანს განაგრძობენ სახელმწიფობანას თამაშს, მანამ, სანამ რუსეთის ხელისუფლება არ ჩათვლის, რომ „მორჩა კინო" და საჭიროა რეფერენდუმის ჩატარება რუსეთთან შეერთების შესახებ. სავარაუდოდ, ამას ის ეცდება აფხაზეთში „საპრეზიდენტო" არჩევნებში საკუთარი კანდიდატის გაყვანით, იქნება ღიად პრორუსი თუ ულტრანაციონალისტების დღევანდელი ლიდერი ხაჯიმბა.

ქართველი მოსახლეობის უმრავლესობისთვის პოლიტიკური უფლებების ჩამორთმევა მას ამის საშუალებას მისცემს, შემდეგ კი უკვე რუსეთი ალბათ ბოლოს მოუღებს აფხაზების არაღიარებულ „დამოუკიდებლობასაც". 2008 წელს პუტინს იმისთვის არ წამოუწყია ომი საქართველოს წინააღმდეგ, რომ მოგვიანებით აფხაზების ხუშტურები ეთმინა. თუ რუსეთის პრეზიდენტი არ გადააწყდა საერთაშორისო თანამეგობრობის მართლაც მკაცრ სანქციებს უკრაინასთან მიმართებით (სამწუხაროდ, ამის ალბათობა დღეს არც ისე დიდია, პირველ რიგში, გერმანიისა და საფრანგეთის პოზიციის გამო), ის არც დაფიქრდება და ისე გადადგამს ამ ნაბიჯს. ამით დასრულდება კიდეც აფხაზების მხრიდან სახელმწიფობანას თამაში, რომელსაც ისინი ბოლო 20 წლის განმავლობაში ეწევიან, ხოლო ჩვენ იმედად დაგვრჩება მხოლოდ ის, რომ პუტინის ამგვარი ქმედებები უეჭველად გამოიწვევს ახალ ცივ ომს დასავლეთთან და რუსეთის ახალი იმპერიის გარდაუვალ და ძალზე სწრაფ დაშლას.

დაბოლოს – შეიძლება ვინმეს მოეჩვენოს, რომ ჩვენი პროგნოზი ზედმეტად მუქი ფერებითაა დახატული, მაგრამ უმჯობესია საქართველოს ხელისუფლებამ გაითვალისწინოს, რომ მოვლენების ამგვარი განვითარება სავსებით შესაძლებელია და შეწყვიტოს იმ ილუზიებით ცხოვრება, რომ „აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობას დამოუკიდებლობა სურს" და რომ „რუსეთს არაფერში სჭირდება ამ ტერიტორიების მიერთება". მან უნდა გაითავისოს ამ საფრთხის არსებობა და ცოტა უფრო აქტიურად იმოქმედოს საგარეო-პოლიტიკურ არენაზე. საქართველოს დღეს, როგორც არასდროს, ისე სჭირდება დასავლური სამყაროს რეალური მხარდაჭერა რუსეთის მხრიდან მომავალი საფრთხეების თავიდან ასაცილებლად და ამ მიზნის მისაღწევად ყველა საშუალება უნდა გამოიყენოს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ოსკარი 2017-ის გამარჯვებულები ცნობილია

კომენტარები