გიგი უგულავას საქმე

ფანჯიკიძე: სარკოზის გარკვეული დროით პატიმრობაში დატოვება პოლიტიკური დევნაა?

"პოლიტიკური დევნაა, როდესაც საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი დაკითხვაზე წაიყვანეს და პატიმრობაში დატოვეს იმ პერიოდით, რა პერიოდითაც სჭირდებოდათ?" - ასე შეაფასა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ ევროპის სახალხო პარტიის განცხადება, რომელიც EPP-მ გიგი უგულავას დაკავებასთან დაკავშირებით გაავრცელა. აღსანიშნავია, რომ სარკოზი პოლიციაში დაკითხვის მიზნით 15 საათით დააკავეს და ის არ დაუპატიმრებიათ, თუმცა, ჩვენების მიცემის შემდეგ, ბრალი წარუდგინეს.

მაია ფანჯიკიძის თქმით, მისთვის გაუგებარია, რატომ მიაჩნია ვინმეს პოლიტიკურ დევნად "ძალიან მკაფიოდ ჩამოყალიბებული საქმეების განხილვა". საგარეო საქმეთა მინისტრი დარწმუნებულია, რომ გიგი უგულავასთან დაკავშირებით, ქართველი სამართალდამცველები ყველა წესის და კანონის დაცვით მოქმედებენ. მისი თქმით, ძალიან სამწუხაროა, რომ ვინმეს ეჭვი ეპარება მათ აბსოლუტურ მიუკერძოებლობაში. ამასთან, მინისტრმა აღნიშნა, რომ ბოლოს სკეპტიკოსებიც კი დარწმუნდებიან იმაში, რომ კონკრეტული დანაშაულის გამოძიება სამართალდამცველების საქმეა, კანონზე მაღლა არავინ დგას და პოლიტიკური დევნა აქ აბსოლუტურად უადგილო შეფასებაა.

"პოლიტიკური დევნაა, როდესაც საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი წაიყვანეს დაკითხვაზე და პატიმრობაში დატოვეს იმ პერიოდით, რა პერიოდითაც სჭირდებოდათ? პოლიტიკური დევნა იყო ეს? იქაც, როგორც ჩანს, არსებობს მყარი არგუმენტები, რის საფუძველზეც ყოფილი პრეზიდენტი წაიყვანეს და დაკითხეს", - აღნიშნა მაია ფანჯიკიძემ. 

გიგი უგულავა 3 ივლისს, გამთენიისას, აეროპორტში დააკავეს. მას ბრალი დღეს წაუყენეს. უგულავას უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას ედავებიან. გარდა ამისა, ენმ-ის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს ბრალი წაუყენეს მარნეულის ეპიზოდთან დაკავშირებითაც - იძულების (სსკ 150) და ჯგუფური ძალადობის ორგანიზების (სსკ 225) მუხლებით. 

ევროპის სახალხო პარტიის ვიცეპრეზიდენტმა, სარიუშ ვოლსკიმ, ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, გიგი უგულავას დაკავების შესახებ განცხადება გაავრცელა. განცხადებაში ნათქვამია, რომ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის კვალდაკვალ და ადგილობრივი არჩევნების მეორე რაუნდამდე, მთავარი მოწინააღმდეგე პარტიის ლიდერის დაკავება სამწუხაროა და არ შეესაბამება ევროპულ პრინციპებს.

 

კომენტარები