საქართველო რუსეთის წინააღმდეგ

პრეზიდენტი: დაზარალებულები მიიღებენ რუსეთის მიმართ ევროპულ სამართალს

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, ვინც 7 წლის განმავლობაში ჩართული იყო სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებაში. ჟურნალისტმა მას ჰკითხა, ქართული მხარე ეცდება სუფთა ფურცლიდან დაიწყოს რუსეთთან ურთიერთობა, თუ კომპენსაციის გადახდას მოითხოვს, რაზეც გიორგი მარგველაშვილმა უპასუხა, რომ ქართული მხარე ამ პროცესს გააგრძელებს. 

"პირველ რიგში, მინდა მადლობა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს, ვინც შვიდი წლის განმავლობაში ჩართული იყო ამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებაში, როგორც ქართულ მხარეს, ასევე ევროპელ კოლეგებს, რომლებმაც კიდევ ერთხელ აჩვენეს, რომ ევროპულ სამართალს აქვს თავისი ძალა და ეს სამართალი ბოლოს სრულდება. მინდა, ასევე მივულოცო საქართველოს მოსახლეობას ეს გამარჯვება და თითოეულ იმ ადამიანს, ვინც მაშინ იყო ამ ძალადობის მსხვერპლი, კიდევ ერთხელ თანავუგრძნო და მივულოცო ეს გამარჯვება", - განაცხადა მარგველაშვილმა და აღნიშნა, რომ ამ გამარჯვების კონკრეტული შედეგების მოპოვებას დამატებითი პროცედურები სჭირდება, რაც შესაბამის სარჩელებს და განხილვებს გულისხმობს. 

"ბუნებრივია, ჩვენ ამ პროცესს გავაგრძელებთ და ამ პროცესის შედეგად, ის ადამიანები, ვინც იზარალა, მიიღებენ რუსეთის მიმართ ევროპულ სამართალს", - დასძინა მარგველაშვილმა. 

სტრასბურგის სასამართლომ ეთნიკური ქართველების დეპორტაციის გამო რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს საჩივარზე გადაწყვეტილება საქართველოს სასარგებლოდ გამოიტანა. ამით დასრულდა შვიდწლიანი განხილვა სახელმწიფოთაშორის საჩივარზე "საქართველო რუსეთის წინააღმდეგ" . სასამართლოს დიდი პალატის ღია სხდომას ორივე მხარის - საქართველოსა და რუსეთის წარმომადგენლები დაესწრნენ. აღნიშნულ საქმეზე სახელმწიფოს ინტერესებს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს იუსტიციის სამინისტრო იცავდა. 

სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთმა 2006 წელს დაარღვია ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი. გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ რუსეთის მხრიდან ადგილი ჰქონდა კოორდინირებულ პოლიტიკას ქართველების წინააღმდეგ დაკავებისას, დაპატიმრებისას და მასობრივად ქვეყნიდან გამოძევებისას და, შესაბამისად, დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მეოთხე ოქმის მეოთხე მუხლი. დაკავებისა და დაპატიმრების დროს ქართველები დამამცირებელ და არაადამიანურ პირობებში იმყოფებოდნენ, რითაც დაირღვა მე-3 და მე-5 მუხლები.

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის თქმით, "კომპენსაციის ოდენობის გარშემო უნდა შედგეს იუსტიციის ორ სამინისტროს შორის მოლაპარაკებები, რისთვისაც ევროპელმა მოსამართლემ მოგვცა 12-თვიანი ვადა".

საქართველოს მთავრობამ სტრასბურგის სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ სახელმწიფოთაშორისი საჩივარი 2007 წლის 26 მარტს შეიტანა. საჩივარი უკავშირდება რუსეთის მიერ 2006 წლის შემოდგომაზე გატარებულ სადამსჯელო პოლიტიკას, რომელსაც რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მცხოვრები ეთნიკური ქართველების დევნა, შევიწროება და ქვეყნიდან მათი მასობრივი დეპორტაცია მოჰყვა.

კომენტარები