გიგი უგულავას საქმე

ბაქრაძე: ასეთი მეთოდებით ჩვენს ბრძოლას ვერ გატეხენ

wikipedia.org

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლების გუშინდელი ნაბიჯი არის ახალი და უკან გადადგმული ნაბიჯი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის. მისი თქმით, ხელისუფლებამ გიგი უგულავას დაკავებით გამოხატა დამოკიდებულება, რომ დაეთანხმება სასამართლოს მხოლოდ იმ გადაწყვეტილებას, რომელიც მას აწყობს.

"პირველ რიგში, დავიწყებ გიგი უგულავას დაკავებით. მიუხედავად იმისა, რომ უკვე წელიწადნახევარზე მეტია, მიმდინარეობს ოპოზიციის წინააღმდეგ პოლიტიკური დევნის კამპანია, გიგი უგულავას დაკავება, ჩვენი შეფასებით, მაინც ნიშნავს ახალი ეტაპის დაწყებას. ნიშნავს იმიტომ, რომ ხელისუფლებამ გადაწყვიტა, სრულიად დემონსტრატიული ფორმით არჩევნების მეორე ტურამდე 1 კვირით ადრე, ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო შტაბის და კამპანიის უფროსი და ამითი ყველასთვის გაეგზავნა ძალიან ნათელი მესიჯი, რომ ხელისუფლებისთვის მისი ანგარიშსწორების დღის წესრიგთან შედარებით არ არსებობს სხვა არცერთი მნიშვნელოვანი თემა. მათ შორის არც არჩევნების მეორე ტური და ქვეყნის დემოკრატიული განვითარება და ვფიქრობ, ეს იყო ძალიან ცუდი და საშიში სიგნალი ხელისუფლების მხრიდან. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, თუ რა ფორმით მოხდა გიგი უგულავას დაკავება; იმის გათვალისწინებით, რომ ეს მოხდა სასამართლოს წინა დღის გადაწყვეტილებიდან ფაქტობრივად 12 საათის შემდეგ. რაც იყო პროკურატურის მხრიდან აბსოლუტურად მკაფიო სიგნალი, რომ ის არ მიიღებს და არ დაეთანხმება სასამართლოს იმ გადაწყვეტილებას, რომელიც მას არ აწყობს. და გარდა არჩევნებისა, გუშინდელი დღე მნიშვნელოვანი იყო იმითიც, რომ ხელისუფლებამ ამ დაჭერით პირდაპირ გამოხატა თავისი დამოკიდებულება, რომ დაეთანხმება სასამართლოს მხოლოდ იმ გადაწყვეტილებას, რომელიც მას აწყობს. ხოლო თუ იქნება საწინააღმდეგო გადაწყვეტილება, პროკურატურა იმოქმედებს, როგორც სურს. სხვანაირად ვერ შევაფასებთ იმ ფაქტს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებიდან 12 საათში პროკურატურამ სასამართლოს საწინააღმდეგოდ მოახდინა გიგი უგულავას დაკავება და დაპატიმრება. ხაზს ვუსვამ კიდევ ერთხელ, ეს ხდება არჩევნების მეორე ტურამდე 1 კვირით ადრე, იმ მეორე ტურამდე, სადაც მათ შორის თბილისში უნდა გადაწყდეს, ვის აირჩევს თბილისის მოსახლეობა და ჩვენი ამომრჩეველი. გუშინდელი ნაბიჯი გახდა ახალი და უკან გადადგმული ნაბიჯი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის", - ამბობს ბაქრაძე.

ბაქრაძის თქმით, მეორე შემაშფოთებელი საკითხი ძალადობაა, რომელიც სასამართლოს შემდეგ მოხდა. ბაქრაძე მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ, შსს-მ ღიად მოახდინა ძალადობის ესკალირება და ოპოზიციის და მისი მხარდამჭერების წინააღმდეგ ძალის გამოყენება.

"მეორე ძალიან შემაშფოთებელი საკითხი, რასაც მინდა შევეხო, გახლდათ ძალადობა, რომელიც ვიხილეთ სასამართლოს შემდეგ, ძალადობა, რომელიც იყო პროვოცირებული და რომლის ესკალასიასაც ახდენდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პოლიციის თანამშრომლები. და თუ აქამდე ჩვენ საქმე გვქონდა შემთხვევებთან, როდესაც ძალადობას ხელისუფლებას ახორციელებდნენ მათი მომხრეები, ქართული ოცნების აქტივისტები, თვითმმართველობის თანამშრომლები, გუშინ ვიხილეთ ძალადობა, რომელშიც პირდაპირ იყო ჩართული შსს-ს გარკვეული დანაყოფები, პირველ რიგში ეს ეხება სუს-ს. გუშინ ვიხილეთ ფაქტი, როდესაც პარლამენტის წევრს ლევან ბეჟაშვილს, ყველას თვალწინ ფიზიკურად გაუსწორდნენ და დააპატიმრეს, რაც არის საქართველოს კონსტიტუციის და კანონმდებლობის პირდაპირი დარღვევა და ჩვენ აუცილებლად მოვითხოვთ ამ ადამიანების დაჭერას, ვინც პარლამენტის წევრს ყველას თვალწინ ფიზიკურად უსწორდება, სცემს და აპატიმრებს. და ეს იყო კიდევ ერთი ზღვრის გადალახვა, როდესაც უკვე სახელმწიფომ, შსს-მ ღიად მოახდინა ძალადობის ესკალირება და ოპოზიციის და მისი მხარდამჭერების წინააღმდეგ ძალის გამოყენება.

გამომდინარე ამ ყველაფრიდან, მიმაჩნია, რომ გუშინდელი დღე იყო ძალიან სერიოზული უკანგადადგმული ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის.

მინდა, ჩვენს მხარადამჭერებს მოვუწოდო სიმშვიდისკენ და ვუთხრა, რომ ასეთი მეთოდებით ჩვენს ბრძოლას ვერ გატეხენ. ის, რაც არ გკლავს, გაძლიერებს, ამიტომ ყველა ის ადამიანი, ვისაც უნდა ამ ქვეყანაში თავისუფალი გარემო, დემოკრატია და ძლიერი ოპოზიცია, გუშინდელი დღის შემდეგ ყველა ასეთი ადამიანი არის უფრო ძლიერი", - თქვა ბაქრაძემ.

კომენტარები