დაპირისპირება სასამართლოსთან

ნარმანია: სასამართლოსთან მომხდარ ინციდენტს საღი თვალებით უნდა შევხედოთ

გუშინ სასამართლოსთან მომხდარ ინციდენტს საღი თვალებით უნდა შევხედოთ - ამის შესახებ ქართული ოცნების თბილისის მერობის კანდიდატმა დავით ნარმანიამ განაცხადა.

ნარმანიას თქმით კანონის წინაშე ყველა თანასწორია და ყველამ თანაბრად უნდა აგოს პასუხი.

”ადამიანები რომლებიც არღვევენ მოქმედ კანონმდებლობას, ვინც არ უნდა იყვნენ ისინი, პასუხი უნდა აგონ კანონის წინაშე. სხვა დანარჩენი საკითხი საპროცესო კანონმდებლობის რეგულირების საგანია და სამართალდამცავი ორგანოები მუშაობენ ამ საკითხზე და ამიტომ ცალკეულ ნიუანსებზე კომენტარის გაკეთება გამიჭირდება. ამ თემაზე იმ ადამიანებმა უნდა ისაუბრონ, ვისი პასუხიმსგებლობაც არის,” - განაცხადა ნარმანიამ.

გიგი უგულავას გუშინდელი პროცესის შემდეგ, სადაც მას მოსამართლემ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, სასამართლოს შენობასთან შეხლა-შემოხლა მოხდა. ჩხუბის დროს დააკავეს კონსტანტინე გაბაშვილი, გოჩა დარჯანია, დავით გოგოხია, ლაშა ჭიღლაძე, ირაკლი ჩხვირკია, ალექსანდრე ბედოიძე, ხვიჩა სუხიშვილი და ლაშა რუხაია. აღნიშნული პირების დაკავება მოხდა ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს და ჯარიმას ითვალისწინებს. ინცინდენტისას დააკავეს საპარლამენტო უმცირესობის წევრი ლევან ბეჟაშვილიც, რომელიც შემდგომ გაათავისუფლეს.

კომენტარები