ბაჩო ახალაიას საქმე

ბაჩო ახალაიას სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

შს და თავდაცვის ყოფილი მინისტრს ბაჩო ახალაიას სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. საქმე ეხება რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულთა წამების ორგანიზების საქმეს, რომელთა შორის არის სერგო თეთრაძის მკვლელობის ეპიზოდი.

ბაჩო ახალაიას ადვოკატები 30 000 ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვენ. აღნიშნული მოთხოვნით დაცვის მხარემ მოსამართლეს სასამართლო პროცესზე მიმართა, სადაც ბაჩო ახალაიასთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობდნენ.

პროკურორ რევაზ ნადოის შეფასებით, მისი შუამდგომლობა იყო კანონიერი, დასაბუთებული და მტკიცებულებებიდან გამომდინარეობდა.

”სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. მოსამართლემ სრულად გაიზიარა ჩვენი არგუმენტაციები, ბრალდებულ ბაჩანა ახალაიას მიმართ, პატიმრობის შეფარდების ნაწილში.მიმაჩნია, რომ ჩვენი შუამდგომლობა იყო კანონიერი, დასაბუთებული და გამომდინარეპნდა საქმის მტკიცებულებებიდან”, - ამბობს ნადოი.

ჟურნალისტების კითხვაზე, რატომ დააყენა ბრალდების მხარემ პატიმრობის შუამდგომლობა, ნადოი პასუხობს, რომ არგუმენტი იყო ის, რომ ახალაიას დანაშაულის ჩადენაში უშუალოდ ამხელდნენ წარსულში მის დაქვემდებარებაში მომუშავე პირები და ახალაიას თავისუფლებაზე ყოფნის შემთხვევაში, ძალიან მაღალი იყო მათზე ზემოქმედების რისკი. ”გარდა ამისა, ბრალდებულ ბაჩანა ახალაიასთან ერთად დანაშაულებრივ საქმიანობაში მონაწილე პირები მეგის ქარდავა და ალექსანდრე მუხაძე დღესაც იმყოფებიან მიმალვაში და მათ მიმართ სასამართლოს გამოტანილი აქვს გამამტყუნებელი განაჩენი, მისჯილი აქვთ პატიმრობა 9 წლის ვადით”, - აღნიშნავს ნადოი.

ახალაიას ადვოკატი მალხაზ ველიჯანაშვილი კი ამბობს, რომ, დიდი ალბათობით, სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრდება.

”იმის გათვალისწინებით, რომ საქმეში არანაირი მტკიცებულება არ იყო, კარგია, რომ გადაწყვეტილება იქნება დაუსაბუთებელი. როდესაც ჩავიბარებ და ვნახავ მის დასაბუთებას, ამის გათვალისწინებით, გადავწყვეტთ გასაჩივრების საკითხს. დიდი ალბათობით, აუცილებლად გავასაჩივრებთ სამომავლო გეგმებისთვის, რათა ეს გადაწყვეტილება აისახოს ევროსასამართლოს გადაწყვეტილებებში და ამის გამო სავალდებულოა ყველა ინსტანციის გავლა.”, - თქვა ველიჯანაშვილმა.

ბაჩო ახალაიასთვის პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით პროკურატურამ განცხადება გაავრცელა.

 ”თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა და თავდაცვის ყოფილ მინისტრს ბაჩანა ახალაიას სერგო თეთრაძის გარდაცვალების საქმეზე პატიმრობა შეუფარდა.

ბაჩანა ახალაიას ბრალდება წარდგენილი აქვს წამების, სექსუალური ძალადობის ორგანიზების და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1441-ე მუხლის მეორე ნაწილით, 25,138-ე მუხლის მე-3ნაწილით და 332-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებსთავისუფლების აღკვეთას 9-დან 15-წლამდე ვადით”, - წერია განცხადებაში.

კომენტარები