დაპირისპირება სასამართლოსთან

მელია: ხელისუფლება სამართლებრივ დევნასა და მუშტი-კრივზე გადავიდა

ჩვენი და არამხოლოდ ჩვენი მომხრეები, ვისაც ხვალინდელი უკეთესი მომავალი უნდა 12 ივლისს არჩევნებზე უნდა მოვიდეს - ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ განაცხადა.

მელიას განცხადებით ხელისუფლება, რომელიც 2012 წელს სრულიად სხვა ლოზუნგებით მოვიდა მუშტი-კრივზეა გადასული და ყველაფერს აკეთებს ოპონენტებისთვის ხელის შესაშლელად.

”ის რა უკანასკნელი დღეების განმავლობაში ხდება სამწუხაროდ ბევრისათვის ჯერ კიდევ დაუჯერებელი იყო, რომ ეს შეიძლება მომხდარიყო. მაგრამ ჩვენ უკანასკნელი 3 დღის განმავლობაში ვიხილეთ, რომ ცენტრალურ ხელისუფლებას აქვს ერთადერთი მიზანი რაც შეიძლება მეტი ხელის შეშლა და წინაღობა განახორციელოს ისი ოპონენტების მიმართ. ამ შემთხვევაში ნაციონალური მოძრაობის მიმართ, ძალიან სამწუხაროა რომ არჩევნებამდე შვიდი დღით ადრე. იმდაგვარ პროცესებს აქვს ადგილი რომელსაც დემოკრატიულ ქვეყანაში ადგილი არ უნდა ქონდეს. ამ პროცესებმა თვალნათლივ დაგვანახა ჩვენ, რომ ხელისუფლება, რომელიც 2012 წელს მოვიდა აბსოლუტურად სხვა ლოზუნგებით, ამავე დროს იქცევა აბსოლუტურად განსხვავებულად. მნიშვნელოვანია, რომ მიუხედავად ყველაფერი ამისა, მიუხედავად სისხლის სამართლებრივი დევნისა, დაკვეთილი დაკავებებისა, მიუხედავად იმისა რომ ჩემი საარჩევნო შტაბის უფროსი დაპატიმრებულია და ხელისუფლება ბუკვალურად მუშტი-კრივზე გადავიდა, ჩვენ მზად ვართ, და არამხოლოდ მზად ვართ, გაათმაგებული ენერგიით შევიდეთ 12 ივლისს იმ არჩევნებზე სადაც გამარჯვებას მოვიპოვებთ. იმდაგვარ გამარჯვებას რომელსაც თავად ცენტრალური ხელისუფლება იზეიმებს” - განაცხადა მელიამ.  

გიგი უგულავას გუშინდელი პროცესის შემდეგ, სადაც მას მოსამართლემ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, სასამართლოს შენობასთან შეხლა-შემოხლა მოხდა. ჩხუბის დროს დააკავეს კონსტანტინე გაბაშვილი, გოჩა დარჯანია, დავით გოგოხია, ლაშა ჭიღლაძე, ირაკლი ჩხვირკია, ალექსანდრე ბედოიძე, ხვიჩა სუხიშვილი და ლაშა რუხაია. აღნიშნული პირების დაკავება მოხდა ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს და ჯარიმას ითვალისწინებს. ინცინდენტისას დააკავეს საპარლამენტო უმცირესობის წევრი ლევან ბეჟაშვილიც, რომელიც შემდგომ გაათავისუფლეს.

კომენტარები