დაპირისპირება სასამართლოსთან

ხიდაშელი: რაც ვნახეთ სასამართლოსთან, ხელს უწყობს დემოკრატიის განვითარებას

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თინა ხიდაშელი გუშინ სასამართლოსთან მომხდარი დაპირისპირებისას დეპუტატ ლევან ბეჟაშვილის და თავისუფალი ზონის წევრების დაკავებაზე ამბობს, რომ ეს ხელს უწყობს საქართველოში დემოკრატიის განვითარებას.

"რამდენიმე ადამიანის აყვანა მოხდა - საქართველოს მოქალაქეების, რომლებიც პრობლემას ქმნიდნენ. გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში. ერთ-ერთი მათგანი აღმოჩნდა პარლამენტის წევრი, რომელიც დაუყონებლივ გაათავისუფლეს, როგორც კი აღმოჩნდა, რომ ის იყო პარლამენტის წევრი. დღეს თუ საქართველოში ვინმეს აქვს იმის განცდა, რომ ლევან ბეჟაშვილი ჯორჯ კლუნია, რომელსაც ყველა პოლიციელი უნდა იცნობდეს სახეზე მაინცდამაინც, მემგონი, ძალიან ცდებიან.

შექმნილი ვითარება ვერ შეუქმნის საფრთხეს ვერც არჩევნებს, ვერც ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, პირიქით, ვითარება, რაც ჩვენ გუშინ ვნახეთ თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, ხელს უწყობს [ვიცი, რომ ბევრი ადამიანი ამაზე სიცილს დაიწყებს] საქართველოში დემოკრატიის განვითარებას", - ამბობს ხიდაშელი.

ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში გუშინდელი დაპირისპირებისას დაკავებული თავისუფალი ზონის წევრების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პროცესი 13:00 საათზე უნდა დაწყებულიყო. თუმცა, დარბაზის სიმცირით გამოწვეული ხმაურის გამო, დაგვიანებით იმართება. ის უფრო დიდ დარბაზში ტარდება.

დაკავებული პირები არიან კონსტანტინე გაბაშვილი, გოჩა დარჯანია, დავით გოგოხია, ლაშა ჭიღლაძე, ირაკლი ჩხვირკია, ალექსანდრე ბედოიძე, ხვიჩა სუხიშვილი და ლაშა რუხაია. აღნიშნული პირების დაკავება მოხდა ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს და ჯარიმას ითვალისწინებს.

აღნიშნულ საქმეს მოსამართლე ნინო ყანჩაველი განიხილავს.

მათი პროცესის დასრულების შემდეგ უკვე კონსტანტინე გაბაშვილისა და დეპუტატ ლევან ბეჟაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.

კომენტარები