მიწის გასხვისება

უცხოელებზე მიწების გაყიდვასთან დაკავშირებით, ახალი რეგულაციები ამოქმედდება

უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიწების გასხვისებასთან დაკავშირებით ახალი რეგულაციები ამოქმედდება. საქართველოს იუსტიციის სამინისტროში მიწის საბჭოს სხდომა მიმდინარეობს, რომელსაც იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ხელმძღვანელობს.

წულუკიანის თქმით, მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო ზედაპირული, გაუმართავი გადაწყვეტილება, რომ მოეხსნა მთავრობის აკრძალვა უცხოელებზე შეეძინათ საქართველოში სასოფლო-სამეურნეო მიწები, პირველ იანვრამდე მთავრობას მუშაობისთვის დრო წაერთვა.

თეა წულუკიანის თქმით, მიწის უწყებათაშორისი საბჭო, რომელიც ამ საკითხზე მუშაობდა, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად ცაიტნოტში აღმოჩნდა. აქედან გამომდინარე, თეა წულუკიანმა, როგორც საბჭოს თავმჯდომარემ, რიგგარეშე საგანგებო სხდომა მოიწვია, სადაც განიხილავენ მომავალ სამოქმედო გეგმას.

"შევთანხმდით იმაზე, რომ საქართველოში სწორი აგრარული პოლიტიკის ჩამოყალიბების მიზნით, რომელიც ევროკავშირის აგრარულ პოლიტიკასთან იქნება შესაბამისობაში, ჩვენ გვჭირდება რეგულაციები. შევთანხმდით იმაზე, რომ მაგალითად უცხოეთში დაფუძნებული იურიდიული პირები მომავალშიც ვერ შეიძენენ საქართველოში სასოფლო-სამეურნეო კატეგორიის მიწას. თუკი უცხოელს დასჭირდება, რომ შეიძინოს საქართველოში სასოფლო-სამეურნეო მიწა, მან აქ უნდა დააარსოს იურიდიული პირი. მას უნდა ჰქონდეს მკაცრად გაწერილი საინვესტიციო გეგმა და დარგობრივ სამინისტროებს და მთავრობასაც უნდა შეუთანხმოს ის საინვესტიციო საქმიანობა, რომელსაც აპირებს. ჩეენთვის მთავარია, ინვესტიციებს ხელი შეეწყოს, რომ ის მექანიზმი, რომელსაც ჩვენ პარლამენტს შევთავაზებთ, იყოს მაქსიმალურად მოქნილი", - თქვა თეა წულუკიანმა.

ამასთან, წულუკიანის თქმით, მიმდინარეობს მსჯელობა იმაზეც, თუ რა რეჟიმს შეიძლება, დაექვემდებარონ უცხოელები, რომლებიც ჩამოდიან საქართველოში მხოლოდ იმიტომ, რომ საკუთარი მრავალშვილიანი ოჯახები გამოკვებონ ქართული მიწის დამუშავებით.

როგორც წულუკიანმა აღნიშნა, ამ რეჟიმზე ახლა მიდის მსჯელობა. დღის ბოლომდე ჩამოყალიბდება ძირითადი პრინციპები, რომელსაც შემდეგ იუსტიციის სამინისტრო აქცევს კანონპროექტად. მინისტრის განმარტებით, ამის შემდეგ, მომდევნო ორი კვირის განმავლობაში ისინი წარსდგებიან ჯერ მთავრობის სხდომაზე, ხოლო შემდეგ პარლამენტში გაიტანენ ამ კანონპროექტს.

რაც შეეხება მიწის საბჭოს სხდომას, ის ამ წუთებშიც მიმდინარეობს. მას სხვადასხვა სამინისტროების, პარლამენტის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საექსპერტო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებიან.

როგორც ცნობილია, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო მორატორიუმი, რომლითაც უცხოელებზე სასოფლო-სამეურნეო მიწის მიყიდვაზე მორატორიუმი იყო გამოცხადებული.

კომენტარები