გიგი უგულავას საქმე

უგულავას ადვოკატი: გიორგი კაპანაძე იგივე ”რიჟა” ნასამართლევია

გიგი უგულავას ადვოკატი ბექა ბასილაია ამბობს, რომ დაცვის მხარე ბრძოლას გაგრძელებს სხვა ინსტანციებში არა მხოლოდ შიდა ეროვნულ დონეზე, არამედ სტრასბურგის სასამართლოშიც. ამის შესახებ მან ტაბულას ეთერში, გადაცემაში ფოკუსი ისაუბრა.

”სააპელაციო სასამართლოზე მაინცდამაინც დიდი მოლოდინები არ გვაქვს. ძირითადად, ის განუხილველად ტოვებს ხოლმე საჩივრებს, რომელსაც დაცვის მხარე წარადგენს და განიხილავს იმ საჩივრებს, რომელსაც წარადგენს ბრალდების მხარე. მაგრამ ჩვენ გამოვიყენებთ ყველა იმ გზას, იმ სამართლებრივ ბერკეტს, რის შესაძლებლობასაც კანონმდებლობა ითვალისწინებს. ამის შემდგომაც ჩვენ სამართლებრივ ბრძოლას გავაგრძელებთ სხვა ინსტანციებში და არა მხოლოდ შიდა ეროვნულ დონეზე, არამედ სტრასბურგის სასამართლოშიც”, - აღნიშნავს უგულავას ადვოკატი.

ბასილაიას თქმით, აღკვეთის ღონისძიება დამოკიდებულია არა ბრალთა რაოდენობასა და სიმძიმეზე, არამედ პიროვნების ქცევაზე. ადვოკატი მიიჩნევს, რომ ამ მხრივ უგულავას დარღვევა არ ჰქონია. ბასილაია ამბობს, რომ სიტი პარკის საქმეში გამოკვეთილია გიორგი კაპანაძის იგივე ”რიჟას” მტკიცებულება, რომელიც ფალსიფიცირებულია, თავად გიორგი კაპანაძე კი ნასამართლევია.

”აღკვეთის ღონიძიების შეფარდების მთელი ლოგიკა რაში მდგომარეობს, ზოგადად. აღკვეთის რაოდენობა არ არის დამოკიდებული არც ბრალთა რაოდენობაზე და არც ბრალთა სიმძიმეზე. დამოკიდებულია პიროვნების ქცევაზე. მოცემულ შემთხვევაში გიორგი უგულავა ბრალდებულია 2 სხვა საქმეზე, რომელთა სასამართლოში განხილვა მიმდინარეობს და საზოგადოება ხედავს. გიორგი უგულავა რამდენჯერაც საქართველოდან გაემგზავრა სასამართლო ჩააყენა საქმის კურსში, გადიოდა და უკან შემოდიოდა. ამის შემდგომ იყო ეს სითი პარკის საქმე, რომელზეც სასამართლომ საერთოდ აღკვეთის ღონისძიებაც არ შეუფარდა, პასპორტი და პირადობის მოწმობაც არ ჩამოართვა, ორი დღით ადრე. რა ხდება 2 დღეში - ბრალი დაუმძიმეს. ამ ლოგიკით, ნებისმიერ ადამიანს შეიძლება, შეთითხნილი ბრალდება წარუდგინონ და შემდგომ მოითხოვონ მისი პატიმრობა, საერთოდ არ გაითვალისწინონ პიროვნების მოთანამშრომლე განწყობა გამოძიების მიმართ. გიორგი უგულავას აქამდე არც ერთ საქმეზე არც გამოძიების ორგანოში დაუგვიანია და არც სასამართლოში. ამ საქმეზეც 4-ში იყო დაბარებული გამოძიებაში, სანამ დააკავებდნენ და ბილეთებიც შემდეგნაირად იყო აღებული - 3-ში დილით მიფრინავდა და 3-შივე ბრუნდებოდა კიევიდან.  უბრალოდ, ამ საქმეში ერთი ახალი გარემოება გამოჩნდა, კიდევ ერთი ფალსიფიცირებული მტკიცებულება გიორგი კაპანაძის, საზოგადოებისთვის და კრიმინალური წრეებისთვის ცნობილი სახელად ”რიჟას” ჩვენება. აქამდე ჩვენ ასე ღიად არ გაგვიჟღერებია, მაგრამ ვთვლით, რომ საჭიროა, საზოგადოებამ იცოდეს. ეს პიროვნება არის ნასამართლევი. ჩვენი ინფორმაციით, ის ნასამართლევია ნარკოტიკულ დანაშაულზე, რამოდენიმე წლის წინ - ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში. ეს პიროვნება არის შურისძიებით აღვსილი და შურისძიებას დაბრმავებული ჰყავს და მიდის ყოველგვარ სისულელეზე. მიდის, ფაქტობრივად, დანაშაულზე, მოვა დრო და ის თავისი ცრუ ჩვენების გამო პასუხს აგებს.

ის, საუბრობს, რომ გიგი უგულავა დაემუქრა ლონდონში - სადღაც ქართული რესტორნიდან გამოვიდა თურმე - რაღაც შერლოკ ჰოლმსული სიტუაცია დახატა თავის ჩვენებაში. ტრაგედიაა, რომ გამოძიებამ ეს გაიზიარა; კომიკურია, რომ სასამართლო თავისი გადაწყვეტილების მიღების დროს ამას დაეყრდნო. ჩვენ ჩაგვბარდა დღეს სასამართლოს გადაწყვეტილება - სადაც მოსამართლე გიორგი გოგინაშვილი ამბობს, რომ დაცვის მხარემ ვერ წარმოადგინა არგუმენტები იმასთან დაკავშირებით, რომ გიორგი უგულავას გიორგი კაპანაძეზე არ განუხორციელებია ზეწოლა. თურმე ჩვენ ის უნდა დაგვემტკიცებინა, რომ გიგი უგულავამ ვიღაც ინკოგნიტო, შავებში ჩაცმული, ახმახი, შავგვრემანი მამაკაცი არ გააგზავნა ლონდონში წერილით ხელში - ეს ხომ სრული აბსურდია. ამ ყველაფერზე წავიდა ბრალდების მხარე, ამ ყველაფერზე წავიდა ფინანსური პოლიცია და ამ ყველაფერზე წავიდა სასამართლო. სამწუხაროა, რომ მოსამართლე გიორგი გოგინაშვილმა ვერ გაუძლო წნეხს. არ ვიტყოდი, რომ ეს მისი საკუთარი ინიციატივა იქნებოდა ამ თამაშში ჩართვის.

გიორგი გოგინაშვილმა, ფაქტობრივად, შეურაცხყოფა მიაყენა საქალაქო სასამართლოს და მართლმსაჯულებას ამ გადაწყვეტილებით, რადგანაც 2 დღის წინ იგივე საფუძვლებით ითხოვდა ბრალდების მხარე არა პატიმრობას, არამედ გირაოს და პასპორტის და პირადობის ჩამორთმევას. ეს შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა და 2 დღის შემდეგ გიორგი გოგინაშვილმა საერთოდ დააპატიმრა გიორგი უგულავა”, - ამბობს ბექა ბასილაია.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ გიგი უგულავასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდების შესახებ გადაწყვეტილება გუშინ გვიან ღამით მიიღო. საქმე მოსამართლე გიორგი გოგინაშვილმა განიხილა. უგულავას ადვოკატები გოგინაშვილის აცილების შესახებ შუამდგომლობას აყენებდნენ, თუმცა სასამართლომ მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

ხუთსაათიანი განხილვის შემდეგ მოსამართლე აღკვეთის ღონისძიებად გირაოს შეფარდების შესახებ დაცვის მხარის შუამდგომლობას არ დაეთანხმა და პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა.

ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო შტაბის უფროსი გიგი უგულავა 3 ივლისს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. 2 ივლისს საქალაქო სასამართლომ სიტი პარკის საქმეზე გიგი უგულავას აღკვეთის ღონისძიების საკითხის განხილვისას პროკურატურის შუამდგომლობები არ დააკმაყოფილა, რადგან სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობს გიგი უგულავას მხრიდან მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენის, ასევე, პროცესის მონაწილეებზე ზემოქმედების და გამოძიებისთვის ხელის შეშლის საფრთხე. 4 ივლისს ფინანსურმა პოლიციამ თბილისის ყოფილ მერს ახალი ბრალი წაუყენა, მას უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე იძულებისა და ჯგუფური ძალადობის ორგანიზება ბრალდება.

კომენტარები