დაპირისპირება სასამართლოსთან

სახალხო დამცველის აპარატი სასამართლოსთან დაპირისპირების ფაქტს სწავლობს

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი, 4 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, გიგი უგულავას სასამართლოს შემდეგ მომხდარი დაპირისპირების ფაქტს სწავლობს. ომბუდსმენის აპარატმა ამასთან დაკავშირებით განცხადება გამოაქვეყნა.

განცხადებაში წერია, რომ უგულავას აღკვეთის ღონისძიების შეფარდების სხდომას საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენელი ესწრებოდა.

სახალხო დამცველის აპარატში მიიჩნევენ, რომ სახელმწიფოს ვალდებულებაა დაიცვას საზოგადოებრივი წესრიგი და ამ პროცესში უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო აქტებით გარანტირებული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა.

"ადამიანის თავისუფლების ნებისმიერი შეზღუდვა მხოლოდ კანონით დადგენილი საფუძვლით, მიზნით და წესების დაცვით უნდა განხორციელდეს.
მიუღებელია სასამართლო პროცესის მონაწილეთა მიმართ აგრესიის ან ძალადობის გამოვლინება. ამასთან, ძალადობა და ძალადობისაკენ მოწოდება დაუშვებელია. საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებულ კადრებში დაფიქსირებული ნებისმიერი არამართლზომიერი და არაპროპორციული ძალის გამოყენების ფაქტი უნდა იქნეს ყოველმხივ შესწავლილი, გამოკვეული და განხორციელდეს შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება.

ამასთან, საქართველოს ადმინისტრციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 245–ე მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის დაკავებული პირის თხოვნით მის ადგილსამყოფელს აცნობებენ ნათესავებს, თუმცა, საქართველოს სახალხო დამცველის ხელთ არსებული ინფორმაციით, დაკავებულთა ოჯახის წევრებისათვის ფაქტობრივად მთელი ღამის განმავლობაში უცნობი იყო თუ რომელ იზოლატორებში იყვნენ გადაყვანილი დაკავებულები, რაც კანონის მოთხოვნათა დარღვევად შეიძლება ჩაითვალოს.

საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლები ესწრებოდნენ თბილისის საქალაქო სასამართლოში ცხრა პირის, მათ შორის პარლამენტის წევრის, ლევან ბეჟაშვილის მიმართ გამართულ სასამართლო პროცესებს. სახალხო დამცველის წარმომადგენლები საქმის განხილვამდე გაესაუბრნენ სამ დაკავებულს, კონსტანტინე გაბაშვილს, დავით გოგოხიასა და გოჩა დარჯანიას, დაკავების შემდგომ მოპყრობასთან დაკავშირებით არც ერთ მათგანს პრეტენზია არ გამოუთქვამს. მხოლოდ დავით გოგოხიას ორივე მაჯაზე აღენიშნება ხელბორკილების გამოყენების შედეგად მცირე დაზიანებები. რაც შეეხება დაკავებულ ლაშა რუხაიას, საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა, პროცესის მიმდინარეობის გამო, მასთან გასაუბრება მხოლოდ საქმის განხილვის დასრულების შემდეგ შეძლეს. მისი განცხადებით, მას თავში მოხვდა რაღაც საგანი, რის გამოც, მისი ინფორმაციით, საავადმყოფოში დაუდგინდა ტვინის შერყევა. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი შეიწავლის ლაშა რუხაიას დაკავების თაობაზე ყველა გარემოებას, მათ შორის, რამდენად მიზანშეწონილი იყო მისი გადაყვანა ღუდუშაურის საავადმყოფოდან დროებითი მოთავსების იზოლატორში და შესწავლის შედეგები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

რაც შეეხება, საქართველოს პარლამენტის წევრის, ლევან ბეჟაშვილის დაკავების ფაქტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლი პარლამენტის წევრის დაკავებას მხოლოდ პარლამეტის თანხმობით ხდის შესაძლებელს. გამონაკლისია დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს პარლამენტს. თუ პარლამენტი არ მისცემს თანხმობას, პარლამენტის დაკავებული წევრი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. შესაბამისად, საქართველოს უზენაესი კანონის მიხედვით, პარლამენტის წევრის დაკავება მხოლოდ საგამონაკლისო შემთხვევაში დაიშვება: კანონი მკაფიოდ ასახელებს დანაშაულზე და არა ადმინისტრაციული სამართალდარღვევაზე წასწრების შემთხვევას. ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, მისი დაკავება სამ საათს გრძელდებოდა, მას შემდეგ რაც გახდა ცნობილი სამართალდამცავებისათვის მისი ვინაობა, იგი გათავისუფლდა. როგორც საინფორმაციო საშუალებებით გახდა ცნობილი, საქართველოს პარლამენტმა უკვე გაუგზავნა შეკითხვა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს აღნიშნულთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია, დადგინდეს ის ფაქტობრივი გარემოებები, რომელშიც მოხდა პარლამენტის წევრის დაკავება, ამასთან, გაირკვეს, რამდენად აუცილებელი იყო სამი საათის განმავლობაში მისი შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში მოთავსება. საქართველოს სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული დადგენილება პასუხს გასცემს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა სამართლებრივ საკითხს", - წერია სახალხო დამცველის აპარატის განცხადებაში.

კომენტარები