უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია - კიევის საპატრიარქო

ქართულმა სამრევლომ უკრაინაში საქართველოს ხელისუფლების მოხსენიება შეწყვიტა

არქიმანდრიტი კირიონ ინასარიძე და პატრიარქი ფილარეტი
facebook.com/geoparafia

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის კიევის საპატრიარქოს ქართული სამრევლო, რომელიც კიევისა და სრულიად რუს-უკრაინის პატრიარქ ფილარეტს ემორჩილება, დღეიდან საღვთო ლიტურგიაზე საქართველოს მთავრობასა და მხედრობას აღარ მოიხსენიებს. ამის შესახებ სამრევლოს წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა კირიონ ინასარიძემ განცხადება გამოაქვეყნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის, კიევის საპატრიარქოს ქართულმა სამრევლომ მიიღო გადაწყვეტილება შეწყვიტოს ლოცვა საქართველოს ხელისუფლებისათვის.
ამიერიდან ჩვენი სამრევლო წყვეტს საქართველოს ხელისუფლების მოხსენიებას ლიტურგიაზე და ყველა საეკლესიო მსახურებაზე, მათ შორის პირად ლოცვებშიც.

გასულ დღეებში მთელი საქართველო გახდა რიგითი საცირკო წარმოდგენის მოწმე. კვლავ ვიხილეთ ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური დევნის მორიგი ფაქტი პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ, კერძოდ ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის ბ-ნი გიგი უგულავას წინააღმდეგ. კვლავ გავხდით ძალოვანი სტრუქტურების მიერ უკანონო და აღვირახსნილი ქმედებების და მიკერძოებული თუ დაშინებული მოსამართლის, კიდევ ერთი უკანონო გადაწყვეტილების მოწმენი, რამაც საბოლოოდ აავსო ჩვენი მოთბინების ფიალა და მიგვაღებინა ეს გადაწყვეტილება.

მიგვაჩნია რომ ვერ ვილოცებთ ხელისუფლებისათვის რომლის მართველობის სტილი დღიდან მისი ხელისუფლებაში მოსვლისა არის სიძულვილი, ძალადობა, სიცრუე, სიყალბე, ნეპოტიზმი და კორუფცია. რომელიც დღენიადაგ სთესს ადამიანებს შორის სიძულვილს, პოლიტიკურ, ეთნიკურ თუ რელიგიურ ნიადაგზე. ფეხქვეშ თელავს ადამიანის უფლებებს, ახორციელებს დევნას პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ, რომელმაც დაანგრია საქართველოს ეკონომიკა, ცდილობს ჩამოშალოს სახელმწიფო და დემოკრატიული ინსტიტუტები და ამით გაანადგუროს საქართველოს სახელმწიფოებრიობა!

ასევე მივმართავ თხოვნით ჩემს მეგობრებს, სასულიერო პირებს საქართველოში, შეწყვიტონ ლოცვა საქართველოს ხელისუფლებისათვის.

აღვავლინოთ ყველამ ლოცვები რათა სასწრაფოდ შეიცვალოს საქართველოში ხელისუფლება, ვიდრე მთლიანად არ ჩამოშლილა ჩვენი სახელმწიფოებრიობა.

იმედი გვაქვს ღმერთი მსწრაფლ შეისმენს ჩვენს მხურვალე ლოცვებს, ამინ!

პატივისცემით,

არქიმანდრიტი კირიონი (ინასარიძე)" - ნათქვამია განცხადებაში.

 

კომენტარები