უგულავას საქმე

ნიკა კვარაცხელია: უგულავა გლდანის ციხეში პროტესტის ნიშნად საკვებს არ იღებდა

გიგი უგულავა პროტესტის ნიშნად საკვებს არ იღებდა  და სასჯელაღსრულების მე-9 დაწესებულებაში (ე.წ.მატროსოვის ციხეში) გადაყვანას ითხოვდა, სადაც სპეცკონტიგენტია მოთავსებული, - თქვა ჟურნალისტებთან საუბარში სახალხო დამცველის აპარატის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსმა ნიკა კვარაცხელიამ.

„სახალხო დამცველის რწმუნებულებმა ბრალდებული გიორგი უგულავა სასჯელაღსრულების #8 დაწესებულებაში მოვინახულეთ. ის საკარანტინო ნაწილის საკანში განმარტოებით იყო მოთავსებული. მასთან და ციხის ადმინისტრაციასთან გასაუბრების შემდეგ გაირკვა, რომ უგულავას გადაყვანა პოლიციის ყოფილი თანამშრომლების ნაწილში სცადეს, მაგრამ ამას, პატიმრების მხირდან ხმაური მოჰყვა და ის საკარანტინო საკანში დააბრუნეს“, - აღნიშნავს კვარაცხელია.

როგორც კვარაცხელია ამბობს, უგულავას გადაყვანის საჭიროება გლდანის მე-8 დაწესებულების დირექტორის მოადგილემაც დაადასტურა. ნიკა კვარაცხელიას ინფორმაციით, უგულავა ე.წ. მატროსოვის ციხეში 03:10 საათზე გადაიყვანეს, სადაც იგი სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა დილით მოინახულეს.

რაც შეეხება ე.წ. მატროსოვის ციხეში უგულავას მდგომარეობას, როგორც კვარაცხელია ამბობს, უგულავა საკანში განმარტოებით იმყოფება, პირობები დამაკმაყოფილებელია და საკვებსაც იღებს.

ნიკა კვარაცხელიას თქმით, უგულავას საკანში სათვალთვალო კამერაა დამონტაჟებული. კვარაცხელიას ინფორმაციით, ციხის ადმინისტრაციამ უგულავას განუმარტა, რომ ელექტრონული მეთვალყურეობა მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფით არის განპირობებული, რის შემდეგაც უგულავამ ელექტრონული მეთვალყურეობის შესახებ ოქმს ხელი მოაწერა.

„უგულავა ისურვებდა, რომ, როდესაც საფრთხე აღარ იარსებებს, ის კამერიან საკანში არ იყოს მოთავსებული“, - ამბობს ნიკა კვარაცხელია. 

გიგი უგულავა 3 ივლისს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. მას ბრალად უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე იძულებისა და ჯგუფური ძალადობის ორგანიზება ედება.

4 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლომ დედაქალაქის ყოფილ მერს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. 

 

კომენტარები