დაპირისპირება სასამართლოსთან

ბესელია ბეჟაშვილის დაკავებაზე: არავითარ კანონდარღვევას ადგილი არ ჰქონია

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია დეპუტატ ლევან ბეჟაშვილის დაკავებაზე ამბობს, რომ სამართალდამცველების მხრიდან კანონდარღვევას ადგილი არ ჰქონია. მისი თქმით, კანონის წინაშე ყველა თანასწორია.

"როგორც ჩანს, ზოგი შეგნებულად და ზოგიც ალბათ უნებლიედ, აკეთებს არასწორ შეფასებას პოლიციის ქმედებასთან დაკავშირებით, რომელიც ეხება ლევან ბეჟაშვილის დაკავების საკითხს. როდესაც სამართადარღვევას აქვს ადგილი, იქნება ეს ადმინისტრაციული თუ სხვა სახის დარღვევა, როდესაც საქართველოს მოქალაქე კანონს არღვევს, ვინც არ უნდა იყოს იგი, კანონის წინაშე ყველა თანასწორია. ამ შემთხვევაში, პოლიცია ვალდებულია, აღკვეთოს ქმედება დაუყოვნებლივ, მოხდეს კანონდამრღვევის დაკავება და გამომძიებლისთვის წარდგენა, რომელმაც ფაქტი სამართლებრივად უნდა შეაფასოს", - თქვა ბესელიამ.

ბესელიას თქმით, როდესაც საქალაქო სასამართლოში პოლიცია ცდილობდა კანონდამრღვევი მოქალაქეების შეჩერებას და უკანონო ფაქტების აღკვეთას, მათ, ბუნებრივია, არ შეეძლოთ, სამართლებრივად შეეფასებინათ, ვინ რა ქმედებას სჩადიოდა.

"იქ ვერ მოახდენდნენ ამ ფაქტების ანალიზს. პრევენციის განმხორციელებელი პოლიცია ვალდებულია, დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები და 3 საათი არის ადეკვატური დრო შესაბამისი სამართლებრივი პროცედურებისთვის. ამ კომენტარებით, რომელსაც ვისმენთ, საპატრულო პოლიციას ვეუბნებით, რომ განახორციელოს გამომძიებლის და პროკურორის უფლებამოსილება, რაც შეუძლებელი და წარმოუდგენელია. სამართალდამცავები ექსტრემალურ ვითარებაში მოქმედებდნენ კანონის შესაბამისად და არავითარ კანონდარღვევას ადგილი არ ჰქონია. მას შემდეგ, რაც დადგინდა სამართალდარღვევის ხასიათი, ლევან ბეჟაშვილი გათავისუფლდა, იმიტომ, რომ იგი იყო დეპუტატი. ამიტომ, ამ საკითხზე საჭიროა სწორი სამართლებრივი შეფასების გაკეთება", - აღნიშნა ბესელიამ.

დეპუტატი ლევან ბეჟაშვილიც 4 ივლისს სასამართლოსთან მომხდარი ინციდენტისას დააკავეს და შემდგომ გაათავისუფლეს. აღნიშნულ საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილება 7 ივლისს გახდება ცნობილი.

კომენტარები