დაპირისპირება სასამართლოსთან

ლევან ბეჟაშვილი სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად არ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ საპარლამენტო უმცირესობის წევრი ლევან ბეჟაშვილი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად არ ცნო. მოსამართლემ გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოაცხადა და დეპუტატი როგორც წვრილმანი ხულიგნობის, ისე პოლიცისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებაში გაამართლა.

რაც შეეხება გოჩა დარჯანიას, რომელიც 4 ივლისის ღამეს სხვებთან ერთად დააკავეს, მას სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის საფუძველზე, 100-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც მოსამართლემ თბილისის ყოფილ მერს გიგი უგულავას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. დაპირისპირება მაშინ დაიწყო, როდესაც სასამართლოს შენობას პროკურორები ტოვებდნენ. შეხლა-შემოხლა პოლიციასა და ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებს შორის პოლიციის მიერ ერთ-ერთი აქტივისტის დაკავებას მოჰყვა. კონსტანტინე გაბაშვილი, გოჩა დარჯანია, დავით გოგოხია, ლაშა ჭიღლაძე, ირაკლი ჩხვირკია, ალექსანდრე ბედოიძე, ხვიჩა სუხიშვილი და ლაშა რუხაია პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის და წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით აიყვანეს. 5 ივლისის სასამართლო პროცესზე დაკავებულებს 100-ლარიანი ჯარიმა შეუფარდეს, თუმცა, მოსამართლემ გოჩა დარჯანიასა და ლევან ბეჟაშვილის საქმეებზე გადაწყვეტილება არ გამოიტანა და მისი გამოცხადება დღეისთვის გადადო.

კომენტარები