სოციალური ქსელი

დაირღვა თუ არა ეთიკური ნორმები Facebook-ის ექსპერიმენტით

შოთა ტყეშელაშვილი
0 კომენტარი

29 ივნისს ამერიკის მეცნიერებათა აკადემიის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა ექსპერიმენტული კვლევის შედეგები. ექსპერიმენტის მიზანი იყო იმის გარკვევა, თუ რა გავლენა აქვს სოციალურ ქსელს ადამიანთა ემოციაზე.

2012 წლის იანვრის ერთ კვირას Facebook-ი საექსპერიმენტო სივრცედ გადაიქცა. შემთხვევითობის პრინციპით აირჩა 600 000-ზე მეტი მონაწილე ანუ დაახლოებით ერთი მომხმარებელი ყოველი 2500 აქტიური მომხმარებლიდან.

სოციალური ქსელი ადამიანთა ქცევაზე დაკვირვების ერთ-ერთი საუკეთესო სივრცეა. ტრადიციული ქცევითი ექსპერიმენტებისგან განსხვავებით, სოციალურ ქსელში არ არის საჭირო მოხალისეთა ძებნა, ვინც ექსპერიმენტზე დათანხმდება, რადგანაც მის ყოველ მომხმარებელს თანხმობა აქვს ნათქვამი საიტის მიერ შეთავაზებულ Data Use Policy-ზე  რისი მიხედვითაც საიტს შეუძლია მომხმარებლის აქტივობის შესახებ მიიღოს ინფორმაცია ან ექსპერიმენტში ჩართოს ის.

კვლევას Facebook-ის მონაცემთა ბაზების ხელმძღვანელი ადამ კრამერი უძღვებოდა. ექსპერიმენტისთვის შერჩეული პირები სამ - ნეგატიურ, პოზიტიურ და საკონტროლო ანუ ნეიტრალურ ჯგუფად დაყვეს. ცდის პირებს სპეციალურად მათთვის მათემატიკურად გამოთვლილი ალგორითმის მეშვეობით მოძიებული ინფორმაცია ხვდებოდათ News Feed-ში. ნეგატიური ჯგუფისათვის ეს შეიძლება ყოფილიყო სურათები ან ინფორმაცია, რომელიც გაჯერებული იყო უარყოფითი შინაარსით. ცდის პირებს მათ მიერ მოწონებული საინფორმაციო გვერდებიდან News Feed-ებში მხოლოდ უარყოფითი ამბები მისდიოდათ. მათი მეგობრების პოსტებიდან ალგორითმი არჩევდა იმ სიახლეებს, სადაც ნეგატიური შინაარსის სიტყვები ფიგურირებდნენ. პოზიტიური ჯგუფის წარმომადგენლებს კი მხოლოდ დადებითი ნიუსები მისდიოდათ.

ალგორითმი News Feed-ის შედგენის შემდეგ პირის ქმედებებს აკვირდებოდა, კერძოდ კი ცდის პირის პოსტებში ეძებდა პოზიტიურ და ნეგატიურ ნიშნებს და მათ ნეიტრალური, საკონტროლო ჯგუფის შედეგებს ადარებდა.

ადამ კრამერმა თავის კედელზე ექსპერიმენტის დეტალური აღწერილობა გამოაქვეყნა. მისი თქმით, Facebook-ს არ წაუშლია არცერთი გვერდისა და არცერთი მომხმარებლის პოსტი. ყველა სიახლე ხელუხლებლად იყო განთავსებული. ერთადერთი რამ, რაც ექსპერიმენტის მსვლელობისას შეიცვალა, იყო ალგორითმი, რომლითაც News Feed-ები დგებოდა. Facebook ბოდიშს უხდის ყველას, ვისი გულისწყრომაც ექსპერიმენტმა გამოიწვია - წერს კრამერი. 

ექსპერიმენტის შედეგებმა დაადასტურა, რომ სოციალურ ქსელებს ადამიანთა ემოციაზე უმნიშვნელოდ, თუმცა გავლენის მოხდენა მაინც შეუძლიათ. კვლევის თანახმად, ის პირები, ვინც დადებით ან უარყოფით პოსტებს ხედავდნენ, უფრო მეტად აქტიურად წერდნენ საკთარ პოსტებს, ვიდრე საკონტროლო ჯგუფის წევრები. შედეგად დაიდო დასკვნა, რომ ექსტრემალური ემოციები ადამიანებს საკუთარი გრძნობების გამოხატვისკენ აქეზებს.

ადამ კრამერი ამბობს, რომ ექსპერიმენტი მხოლოდ ერთი კვირის განმავლობაში გრძელდებოდა და ადამიანთა ემოციაზე მნიშვნელოვან გავლენას ვერ იქონიებდა, თანაც რადგანაც ცვლილება შეეხო მხოლოდ News Feed-ს, მისი შედეგები ადამიანების მენტალურ მდგომარეობაზე შესამჩნევ გავლენას ვერ მოახდენდა, რადგანაც Facebook-ის მომხმარებლები მხოლოდ News Feed-ს არ ათვალიერებენ, ისინი ასევე მეგობრების და გვერდების Wall-ს ეცნობიან, სადაც არანაირი ცვლილება არ განხორციელებულა.

ექსპერიმენტის გამო Facebook კრიტიკის ობიექტი გახდა. მას ეთიკის ნორმების დარღვევაში ადანაშაულებენ. ექსპერიმენტის მონაწილემ, კორნელის უნივერსიტეტის მკვლევარმა კომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების ექსპერტმა, ჯეფრი ჰენკოკმა და მისმა დამხმარემ ჯეიმი გულორმა კორნელის უნივერსიტეტის სახელით გამოაქვეყნეს საკუთარი პოზიცია ექსპერიმენტთან დაკავშირებით, სადაც ამბობენ, რომ მათ ექსპერიმენტისთვის ინფორმაციის შეგროვებაში მონაწილეობა არ მიუღიათ. ჯეფრი ჰენკოკი აცხადებს, რომ კორნელის უნივერსიტეტის მეცნიერები მხოლოდ ინფორმაციის დამუშავების პროცესში მონაწილეობდნენ და ინფორმაციის მოპოვებაზე სრულ პასუხისმგებლობას Facebook-ს აკისრებენ.

2 ივნისს კი დელიში სამუშაო ვიზიტით მყოფმა Facebook-ის მეორე აღმასრულებელმა დირექტორმა, შერილ სანდბერგმა, ჟურნალისტებთან შეხვედრისას მიანიშნა, რომ ექსპერიმენტის შესახებ საიტმა დროულად ვერ უზრუნველყო საჭირო ინფორმაციის გავრცელება, რამაც მომხმარებლებში უკმაყოფილება გამოიწვია. მისი თქმით, Facebook-ს არავის გაბრაზება არ უნდოდა.

ექსპერიმენტის მიერ ეთიკური ნორმების დარღვევა-არდარღვევის ფაქტს აფასებს IDFI-ს ანალიტიკოსის თეონა თურაშვილის. მან ტაბულას უთხრა, რომ Facebook-ის მიერ ამგვარი კვლევის ჩატარება გამართლებულია, რადგანაც საიტს Data Use Policy-ით განსაზღვრული აქვს ამგვარი ექსპერიმენტების ჩატარების შესაძლებლობა. თუმცა ის ფაქტი, რომ მომხმარებელი არ ეცნობა სოციალური ქსელების მიერ წამოყენებულ პირობებს, ცალკე პრობლემას წარმოადგენს.

მედიაექსპერტ დოდი ხარხელის აზრით, Facebook-ის ამგვარი ქმედება გამართლებულია, რადგანაც ყოველ მომხმარებელს თანხმობა აქვს ნათქვამი საიტის Data Use Policy-ზე, რომლის მიხედვითაც Facebook-ს უფლება აქვს მსგავსი ექსპერიმენტი ჩაატაროს.

Jumpstart საქართველოს აღმასრულებელი დირექტორის ერიკ ბარეტის თქმით, სოციალური ქსელები ხშირად ატარებენ მარკეტინგულ და სხვა სახის კვლევებს საკუთარ მომხმარებელზე. თუმცა,, მისი თქმით, ეს ექსპერიმენტი სხვებისგან განსხვავდება, რადგანაც ამ დროს ცდის პირები არ იღებდნენ ობიექტურ ინფორმაციას საკუთარი News Feed-ებიდან, მათ მიეწოდებოდათ ინფორმაციის დამახინჯებული ნაზავი, რომელიც არ ასახავდა რეალურ სურათს. მისი თქმით Facebook-ის ქმედებები კითხვებს ბადებს, რადგანაც ის მსოფლიოს ყველაზე დიდი სოციალური ქსელია და მეტი პასუხისმგებლობა უნდა ჰქონდეს მომხმარებლების მიმართ. ბარეტის განცხადებით, Facebook-ის ექსპერიმენტი ადამიანთა გრძნობებით მანიპულირებას ჰგავს. ერიკ ბარეტიც პრობლემად მიიჩნევს იმას, რომ მომხმარებელთა უმრავლესობა წაუკითხავად თანხმდება საიტების მიერ შემოთავაზებულ Data Use Policy-ს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გიორგი ცინცაძე

კომენტარები