ედუარდ შევარდნაძე

უსუფაშვილი: შევარდნაძის სახელს ძალიან ბევრი მოვლენა უკავშირდება ქვეყანაში

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, "რა თქმა უნდა, სამწუხაროა, რომ გარდაიცვალა ადამიანი, რომლის სახელსაც ძალიან ბევრი მოვლენა უკავშირდება ქვეყანაში. მათი შეფასებისას, არის განსხვავებული მოსაზრებები". როგორც უსუფაშვილმა ბაქოში თქვა, ედუარდ შევარდნაძის პოლიტიკური მოღვაწეობის შეფასების დრო ახლა არ არის. მან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის გარდაცვალება მის ოჯახს და ახლობლებს მიუსამძიმრა.

"აქ, ბაქოში, მისი სახელი უკავშირდება ბაქო-თბილისი-ჯეიჰანს და სხვა პროექტებს. მას მადლიერებით მოიხსენიებენ. ბატონ ედუარდს ჰქონდა გარკვეული მიგნებები ამ სფეროში, სამწუხაროდ, ასე არ იყო ყველა სფეროში, მაგრამ ახლა არ არის მისი პოლიტიკური მოღვაწეობის შეფასების დროს. გარდაიცვალა ადამიანი და ვუსამძიმრებ მის ოჯახს და ახლობლებს. ასეთ შემთხვევაში, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოფოს ის, რაც ეკადრება ყოფილ პრეზიდენტს და მე დარწმუნებული ვარ, ასე იქნება", - აღნიშნა უსუფაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, ედუარდ შევარდნაძის დამკრძალავი სახელმწიფო კომისია უკვე შეიქმნა. 

როგორც ტაბულას შევარდნაძის პრესსამსახურში უთხრეს, იგი დღეს 12:00-ზე, მძიმე ავადმყოფობის შემდეგ, 86 წლის ასაკში გარდაიცვალა.

კომენტარები