ნადირაშვილი: ვაცხადებთ ჩვენს მზაობას, დებატები შედგეს ოთხშაბათს, 9 ივლისს

news.ge

ნაციონალური მოძრაობის წევრი ირმა ნადირაშვილი მიიჩნევს, რომ არჩევნებში მონაწილე კანდიდატების სატელევიზიო დებატები ქართულმა ოცნებამ პოლიტიკური სპეკულაციის საგნად აქცია. პარტია აცხადებს მზაობას, რომ დებატები ოთხშაბათს, 9 ივლისს შედგეს ყველა ნაციონალური მაუწყებლის მიერ ეთერში პირდაპირი ტრანსლაციით.

"ჩვენი დემოკრატიული განვითარების ისეთი ელემენტარული მონაპოვარიც კი, როგორიც არჩევნებში მონაწილე კანდიდატების სატელევიზიო დებატებია, კოალიაცია ქართულმა ოცნებამ პოლიტიკური სპეკულაციის საგნად აქცია. იმის გამო, რომ თბილისის მერის პოსტზე კოალიციის კანდიდატს, ბატონ ნარმანიას უსუსური გამოსვლები ჰქონდა არჩევნების პირველი ტურის წინ გამართულ დებატებში, მას აღარ სურს მეორე ტურის წინ დებატები ნაციონალური მოძრაობის კანდიდატ ნიკა მელიასთან. ბატონი ნარმანია არ გამოცხადდა საზოგადოებრივ მაუწყებელზე რამდენიმე დღის წინ, როდესაც ნიკა მელიასთან დებატები უნდა შემდგარიყო. სავარაუდოდ, იგი თავს ასევე აარიდებს ტელეკომპანიების, "რუსთავი2"-სა და "იმედის" ეთერებში დებატებს, რომლებიც, შესაბამისად, ხუთშაბათსა და პარასკევსაა დაგეგმილი.

დებატებში მონაწილეობის ნაცვლად, კოალიცია და მისი კანდიდატი გარკვეულ პირობებს აყენებს, რომ დებატები შედგეს. ვიმეორებთ: დებატების მოწყობას არ სჭირდებას თავად დებატები. ბატონი ნარმანია უბრალოდ უნდა გამოცხადდეს დაანონსებულ დებატებზე.

გვსურს, საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ ნაციონალური მოძრაობა, როგორც კონსტრუქციული ოპოზიცია, მონაწილეობს იმ მოლაპარაკებებში, რომელიც დებატების გამართვასთან დაკავშირებით საარჩვენო სისტემების საერთშორისო ფონდის შუამავლობით მიმდინარეობს და ვაცხადებთ ჩვენს მზაობას, დებატები შედგეს ოთხშაბათს, 9 ივლისს ყველა ნაციონალური მაუწყებლის მიერ ეთერში პირდაპირი ტრანსლაციით", - თქვა ნადირაშვილმა პრესკონფერენციაზე.

კომენტარები