გიგი უგულავას საქმე

წულუკიანი: კონკრეტულ პირთა დანაშაულები ევროკავშირის გზაზე ხელს ვერ შეგვიშლის

news.ge

საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, კონკრეტული პიროვნებების მიერ წარსულში ჩადენილი მძიმე დანაშაულები, საქართველოს სვლას ევროკავშირისკენ ხელს ვერ შეუშლის. მინისტრის თქმით, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება ხელმოწერილია, თუმცა ეს არ არის საბოლოო მიზანი. მისი თქმით, ეს არის "იმ დიდი რეფორმების და შრომის დასაწყისი", რომელიც ყველა სამინისტრომ, ყველა მოქალაქემ მთავრობასთან ერთად უნდა გასწიოს, რათა ევროკავშირთან საზღვრები გაიხსნას და საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს.

"მე არ მგონია, რომ ამ პროცესს რაიმე წინ დაუდგება, რადგან ჩვენ ვართ რეფორმატორი მთავრობა და ამ ჭრილში მე არ ვაპირებ კონკრეტულ საქმეებზე საუბარს, რადგან კონკრეტული საქმეები და კონკრეტული პიროვნებების მიერ წარსულში ჩადენილი მძიმე დანაშაულები, საქართველოს სვლას ევროკავშირისკენ ხელს ვერ შეუშლის. უბრალოდ, დავძენდი, ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს, რომელიმე რიგით მოქალაქეს რომ თუნდაც მეასედი ჩაედინა იმისა, რასაც უგულავას ედავება გამოძიება, ნაციონალური მოძრაობა 20-25-30 და მეტი წლით გაამწესებდა ციხეში. იქ დააავადებდა ტუბერკულოზით, ან C ჰეპატიტით და ვერასდროს ვერ ეღირსებოდა ამ ადამიანს ციხიდან გამოსვლა. დღეს ეს პირობები შეცვლილია, დღეს ციხეში სამართლიანი პირობებია. ადამიანი არის ჩვენთვის მთავარი ღირებულება, რაც, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ დამნაშავე ქუჩაში უნდა დადიოდეს", - აღნიშნა თეა წულუკიანმა და დაამატა, რომ დღეს რიგითი მოქალაქისა და გიგი უგულავასთვის ერთი და იგივე წესი არსებობს.

"თუ აღმოჩნდება, რომ ის დამნაშავეა, ამას სასამართლო დაადგენს და მიბრძანდება ციხეში. თუ სასამართლო დაადგენს, რომ ის არ არის დამნაშავე, გამოვა და არ იქნება ციხეში. ეს მარტივი რაღაცები ეხებათ რიგით მოქალაქეებს და ზუსტად ასევე ეხებათ ყოფილ თუ ამჟამინდელ პოლიტიკოსებს", - თქვა წულუკიანმა. 

ევროკავშირის ელჩის საქართველოში ფილიპ დიმიტროვის განცხადებით, თუ ხელისუფლება ევროკავშირის განცხადებებს მეტ ყურადღებას დაუთმობს, "შესაძლოა თავიდან აიცილოს ის, რაც სხვა შემთხვევაში არასასიამოვნო სიურპრიზი შეიძლება აღმოჩნდეს". მისივე თქმით, ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა სხვა დანარჩენის, მათ შორის, ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის გარანტიებს არ ნიშნავს. ევროკავშირის ელჩმა საინფორმაციო სააგენტო პირველთან საუბარში გიგი უგულავას დაკავება და მისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების შემდეგ, სასამართლოსთან მომხდარი დაპირისპირება შეაფასა. 

„თქვენ იცით ოპოზიციის ლიდერების დაკავებასთან დაკავშირებით ჩვენი შეშფოთების შესახებ. როგორც დიპლომატი, მე ვერ გაგცემთ დეტალურ პასუხს სამართალდამცავი სტრუქტურების მოქმედების თაობაზე, თუმცა ჩემი მტკიცე რეკომენდაცია იქნებოდა, რომ ხელისუფლებამ წაიკითხოს ჩვენი განცხადებები. ისინი ძალიან ზრდილობიანი ფორმითაა გაკეთებული და ამ განცხადებებში ჩვენ არავითარ მოთხოვნებს არ ვაყენებთ, რადგან საქართველო სუვერენული სახელმწიფოა, თუმცა, განცხადებები ევროკავშირის ინსტიტუტებსა და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში არსებულ განწყობას ასახავს“, - განუცხადა დიმიტროვმა პირველს.

კომენტარები