გიგი უგულავას საქმე

ენმ-ის წევრებმა დიპლომატებს უგულავას დაკავებაზე ინფორმაცია მიაწოდეს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს გიგი უგულავას დაკავებასთნ დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდეს. შეხვედრა პარტიის ცენტრალურ ოფისში გაიმართა. ნაციონალური მოძრაობის წევრების თქმით, ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ საქართველოს მთავრობა არადემოკრატიულ ნაბიჯებს დგამს, რასაც დიპლომატების მხრიდან ადეკვატური რეაგირება უნდა მოჰყვეს.

"აბსოლუტურად ბუნებრივია, რომ მთავარი, ლამის ერთადერთი თემა და საკითხი, რომელზეც ვისაუბრეთ, იყო გიგი უგულავას აბსოლუტურად უკანონო დაპატიმრება ყველა ნორმის დარღვევით და სასამართლოს ბოლომდე აბუჩად აგდებით. ის ამოცანები, რის გამოც მოხდა ეს ყველაფერი და ეს პროცესები. რა თქმა უნდა, ამის გარშემო ტრიალებდა მთელი დისკუსია - იმაზე, თუ რა ტიპის საფრთხის წინაშე დგას საქართველოს დემოკრატია ხელისუფლების ამ განზრახვების და ამ ნაბიჯების ფონზე. სწორედ ამ თემაზე ვესაუბრებოდით, რა თქმა უნდა, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს" - განაცხადა ენმ-ის საგარეო ურთიერთობათა მდივანმა გიგა ბოკერიამ.

გიგი უგულავა 3 ივლისს თბილისის აეროპორტში, კიევში გამგზავრების წინ დააკავეს. აღკვეთის ღონისძიების სახით მას სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. დღეს კი, სააპელაციო სასამართლომ გიგი უგულავას ადვოკატების სარჩელი აღკვეთის ღონისძიების სახის შეცვლის შესახებ დაუშვებლად ცნო.

კომენტარები