არჩევნები 2014

მელია: საწყენია, რომ ნარმანია და მისი გუნდი ჟურნალისტებს არ ენდობა

0 კომენტარი
ნიკა მელია ფოტო: epn.ge

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თბილისის მერობის კანდიდატის ნიკა მელიას თქმით, მზად არის დავით ნარმანიასთან დებატებისთვის, თუნდაც ეს ბიძინა ივანიშვილის საავტორო გადაცემაში იყოს. მისი განცხადებით, ნარმანიამ ბოლო პერიოდში ისე წარმოაჩინა, თითქოს ნიკა მელია არ იყო ნარმანიასთან დებატების გამართვის მომხრე.

"როგორ შეიძლება არ ვიყო თანახმა, გავმართო დებატები ადამიანთან, ვისაც დედაქალაქის მერობის სურვილი აქვს. თბილისელები იმსახურებენ ამას, ჩემთვის გაუგებარია ნამდვილად, რატომ თქვა ბატონმა ნარმანიამ და მისმა გუნდმა უარი ოთხ ტელევიზიაში დებატების გამართვაზე მაშინ, როცა ჩემი თანხმობა იყო. საზოგადოებრივი მაუწყებლის სტუდიაში მე მარტო ვიჯექი. ჩვენ მიწვევა გვაქვს რუსთავი 2-ზე, იმედზე და ასევე მაესტროში. გამომდინარე აქედან, საწყენია, რომ ის და მისი გუნდი არ ენდობა ჟურნალისტებს. საუბრობს, რომ ნეიტრალური წამყვანი უნდა იყოს, რათა წარმართოს დებატები. ერთადერთი, რაზეც გული მწყდება, ეს არის ის, რომ ბატონ ბიძინა ივანიშვილის საავტორო გადაცემა არ არის დაწყებული, თორემ სიამოვნებით. ყველაფერი იქით მიდის, რომ იქიდან მივიღებდი მოწვევას და თუნდაც ბატონ ბიძინა ივანიშვილის თაოსნობითაც მივიღებდი იმ დებატებში მონაწილეობას. ძალიან მიხარია, რომ ბატონი ნარმანია მზად არის გამოცხადდეს სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასში და მიიღოს მონაწილეობა დებატებში", - თქვა მელიამ. 

კოალიცია ქართული ოცნებისა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თბილისის მერობის კანდიდატებს დავით ნარმანიასა და ნიკა მელიას შორის დებატები დღეს, 20:00-ზე, შერატონ მეტეხი პალასში გაიმართება.

ქართული ოცნების განცხადებით, "დებატებს ორგანიზებას გაუწევს საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც უზრუნველყოფს პროცესის მიუკერძოებლობასა და ობიექტურობას".

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ხათო ფსუტური

კომენტარები