გიგი უგულავას საქმე

აპატურაი უგულავას საქმეზე: თავიდან უნდა ავიცილოთ პოლიტიკური ჩარევის აღქმაც კი

0 კომენტარი

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ჯეიმს აპატურაიმ გიგი უგულავას დაკავებაზეც ისაუბრა. სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის თქმით, ის უკვე შეხვდა ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობათა მდივანს გიგა ბოკერიას. აპატურაის შეფასებით, კანონის უზენაესობა დაცული უნდა იყოს და არ არსებობდეს პოლიტიკური ნიშნით დევნის აღქმაც კი.

"სამართლებრივი პროცესები უნდა იყოს დამოუკიდებელი ნებისმიერი პოლიტიკური ჩარევისაგან, კანონს პატივი უნდა სცენ და როგორც გენერალურმა მდივანმა ბევრჯერ თქვა, ჩვენ თავიდან უნდა ავიცილოთ პოლიტიკური ჩარევის ან მოტივაციის აღქმაც კი. მე გავეცანი დამკვირვებლებისა და ამერიკის ელჩის განცხადებებს ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო შტაბის უფროსის დაკავებასთან დაკავშირებით, მაგრამ, ამის გარდა, ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ არ უნდა არსებობდეს აღქმა პოლიტიკურად მოტივირებული სამართლებრივი დევნის შესახებ", - განაცხადა აპატურაიმ.

გიგი უგულავა 3 ივლისს თბილისის აეროპორტში, კიევში გამგზავრების წინ დააკავეს. აღკვეთის ღონისძიების სახით მას თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. სააპელაციო სასამართლომ კი, გიგი უგულავას ადვოკატების სარჩელი აღკვეთის ღონისძიების სახის შეცვლის შესახებ დაუშვებლად ცნო.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"იარაღის მუქარით ტელეფონები და ფული წაართვა" - სენაკში ყაჩაღობისთვის 63 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები