ღაზის სექტორი

ნორლანდი: შეშფოთებულები ვართ ისრაელში ძალადობის ესკალაციის გამო

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა ისრაელში არსებული ვითარების გამო შეშფოთება გამოთქვა.

"ძალიან შეშფოთებულები ვართ ისრაელში ურთიერთობის გაუარესების და ძალადობის ესკალაციის გამო, რომელშიც ისრაელის ძალები და ჰამასი არიან ჩართული. რაკეტების გამოყენება ყოვლად მიუღებელია. როგორც პრეზიდენტმა ობამამ და სახელმწიფო მდივანმა კერიმ განაცხადეს, აუცილებელია, ორივე მხარემ უკან დაიხიოს და ვითარების უფრო მეტად დაძაბვას თავი აარიდონ", - განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.

ღაზის სექტორში ისრაელის მიერ წარმოებული სპეცოპერაციის - უძლეველი კლდის ფონზე, თელ-ავივის მიმართულებით, მთელი ღამის განმავლობაში ჰამასის დაჯგუფებამ ღაზიდან 100-ზე მეტი რაკეტა გაუშვა, რომელიც ისრაელის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს. ოფიციალური ისრაელის განცხადებით, ტერორისტების ხელში არსებული რაკეტები საფრთხეს უქმნიან ისრაელის 3,5 მილიონ მოსახლეს, რისთვისაც ჰამასს ფასის გადახდა მოუწევს. ტერორისტებს რაკეტების გაშვება ღაზის სექტორიდან 40-80 მილის დაშორებით შეუძლიათ.

ისრაელი სამხედროების ცნობით, ღაზის სექტორზე სარაკეტო თავდასხმების პასუხად 160 შეტევა განხორციელდა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაღუპულია 25 პალესტინელი, ხოლო 70 დაშავებულია. გარდაცვლილთა შორის 4 ქალი და 3 ბავშვია.

ჰამასის სამხედრო ფრთა ამბობდა, რომ ახლა ყველა ისრაელი სამიზნეშია. ოფიციალურმა ისრაელმა შესაძლო სახმელეთო ოპერაციისთვის 40 000 რეზერვისტი გამოიწვია.

"ბოლო კვირების განმავლობაში ჰამასის დაჯგუფებამ 100-ობით სარაკეტო თავდასხმა განახორციელა. ჩვენ განუწყვეტლივ ვაფრთხილებდით ჰამასს, შეეჩერებინა მოქმედებები. ჩვენი სამხედროები იბრძვიან ახლა, რათა დაასრულონ ეს ერთხელ და სამუდამოდ. უნდა გავათავისუფლოთ ისრაელები სარაკეტო თავდასხმისგან გამოწვეული საფრთხისგან", - განაცხადა ისრაელის პრემიერმინისტრის სპიკერმა მარკ რეგევმა.

ღაზის სექტორში ისრაელის მხრიდან საომარი ოპერაციის დაწყების მიზეზად, მისი სამხრეთი რეგიონების დაბომბვა იქცა. 7 ივლისს, ისრაელის ხელისუფლებამ ნება დართო არმიას, ჰამასის მებრძოლებისთვის საპასუხო ცეცხლი გაეხსნა.

კომენტარები