ფეხბურთი

ფეხბურთი, რელიგია და ხელისუფლების დანაწილება

იაგო ხვიჩია
0 კომენტარი

„ხუთი დღე უნდა იშრომოთ, ამბობს ბიბლია. მეშვიდე დღე უფალი ღმერთისაა. მეექვსე დღე კი ფეხბურთისაა". ენტონი ბერჯესი

დიდი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც სახელმწიფო ხელისუფლება კონსტიტუციების დონეზე დანაწილდა საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებად. სათაურიდანაც ცხადია, რომ შარლ ლუი მონტესკიეს ტრაქტატზე საუბარს არ ვაპირებ, ამაზე ბევრი დაწერილა და ჩემი სტატიისთვის განკუთვნილი სამი გვერდის ფარგლებში რაიმე ახლის თქმა, ჩემს შესაძლებლობებს აღემატება.

ზემოთქმულისაგან განსხვავებით, იმაზე, თუ როგორაა ხელისუფლება დანაწილებული საფეხბურთო სამყაროში, ცალსახა პასუხი არ არსებობს.

არის ხალხი, რომელიც ფეხბურთის ძირითად შემადგენელ ნაწილებად ფეხბურთელებს და გულშემატკივრებს მიიჩნევს – არ გაემტყუნებათ, მაგრამ ეს დანაწილება დაახლოებით ისევე არასრულყოფილი იქნება, როგორც ჯონ ლოკის მიერ შემოთავაზებული – ხელისუფლების დანაწილება საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებად.

არასრულყოფილი იმიტომ, რომ ფეხბურთი (ისევე როგორც სახელმწიფო) უფრო მეტია, ვიდრე ფეხბურთელის და გულშემატკივრის ურთიერთობა, ფეხბურთი ცალკე „სახელმწიფოა", რომელსაც ყველა ის ინსტიტუცია გააჩნია, რაც ჩვეულებრივ საპარლამენტო სახელმწიფოს უნდა გააჩნდეს.

the Shangri-La Casino and the Patriarchate of Georgia (red arrow)
მე შევეცდები, სათითაოდ ჩამოვთვალო ფეხბურთის და სახელმწიფოს საერთო მახასიათებელი ნიშნები:

1. ამომრჩეველი – გულშემატკივარი, რომელიც იმავე სიხშირით არ იხდის თავის „მოქალაქეობრივ ვალს" და არ ირჩევს საყვარელ გუნდს, რა სიხშირითაც რიგითი მოქალაქე არ მიდის არჩევნებზე. მართალია, ამაზე არანაირი კვლევა არ არსებობს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ვინმე მონდომებულმა რომ შეამოწმოს, ფეხბურთის და არჩევნების მიმართ გულგრილ ადამიანთა რიცხვი საეჭვოდ დაემთხვევა ერთმანეთს (ჩემს ამ ვარაუდს ამყარებს მეგობრებზე ჩატარებული დაკვირვება).

2. საკანონმდებლო ხელისუფლება – ფიფა (Fédération Internationale de Football Association), რომელიც აწესებს გარკვეულ რეგულირებებს, ძირითადად მავნებლურს (ამაში საოცარი მსგავსებაა საქართველოს ყველა მოწვევის პარლამენტთან) და სურს, არავინ არ ჩაერიოს მის საქმიანობაში (არც პარლამენტის საქმიანობაში არ „მოსულა" ჩარევა). ფიფა ასევე ითავსებს გარკვეულ რელიგიურ კომპონენტსაც, რაზედაც ქვემოთ დაწვრილებით მოგახსენებთ, მაგრამ მანამდე შეგახსენებთ, რომ ზოგიერთი ქვეყნის პარლამენტიც (მაგალითად, ირანი) დატვირთულია ამ ფუნქციით.

ფიფას აქვს საკუთარი იდეოლოგია, რომელიც წარმოადგენს შუალედურ ვარიანტს საქართველოს კონსერვატიული პარტიის და საქართველოს ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობის პოლიტიკურ იდეოლოგიებს შორის.
3. აღმასრულებელი ხელისუფლება – ფეხბურთელები, კლუბები, ნაკრებები, რომლებიც მიჰყვებიან ფიფას მიერ დადგენილ წესებს, ხშირად არ მოსწონთ მის მიერ შემოღებული წესები, ითხოვენ ცვლილებებს, მაგრამ ფიფას, ტრადიციათა სიწმინდის დაცვის თვალსაზრისით, ყოველთვის აქვს რაიმე არგუმენტი.

4. სუვერენიტეტი – საფეხბურთო სფეროში ჩარევა დაუშვებელია და მსგავსი ქმედება ისეთივე დარღვევად ითვლება, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის ანექსია.

5. სასამართლო ხელისუფლება – მსაჯთა კორპუსი, ისინი კონტროლს უწევენ ფიფას მიერ შემოღებული წესების სტადიონზე აღსრულებას და ამისთვის იყენებენ ჯარიმის დაკისრების, სხვადასხვა ფერის ბარათებით გაფრთხილების მეთოდებს, ასევე საფეხბურთო მმართველობა მოედანზე ხორციელდება სტვენით, რომლის ანალოგადაც სახელმწიფო მმართველობაში შეგვიძლია ადმინისტრაციული აქტები ჩავთვალოთ.

6. რელიგია – ფეხბურთში საკმაოდ დიდია რელიგიური კომპონენტი, ფეხბურთს აურაცხელი მრევლი ჰყავს, შესაბამისად, ყველაზე დიდი მსგავსება სახელმწიფოს და ფეხბურთს შორის ამ ნაწილშია და ისევე, როგორც ნებისმიერ რელიგიას, მასაც ჰყავს თავისი მენეჯმენტი.

შედარებისათვის ავიღოთ მაგალითები:

ჩვენი სახელმწიფოს რელიგიურ მენეჯმენტს ახორციელებს საქართველოს საპატრიარქო, რომელიც მმართველობის იარაღად იყენებს სხვადასხვა წმინდანებს, „უხრწნელ" ნეშტებს, საეკლესიო ნივთებს, ბაგრატიონთა დინასტიას და ა.შ., აცხადებს ჭეშმარიტების მონოპოლიზების სურვილს, არ უყვარს სიახლეები და ტრადიცების დაცვის მოტივებით, ცდილობს ახალი სიტყვა შეზღუდოს, საპატრიარქოს მისამართით საზოგადოებაში მუსირებს ოფიციალურად დაუდასტურებელი აზრი, რომ მას საკმაოდ საეჭვო კავშირები აქვს რუსულ სპეცსამსახურებთან.

საფეხბურთო მრევლის მენეჯმენტს ფიფა ახორციელებს, რომელიც მმართველობის იარაღად იყენებს სხვადასხვა ფეხბურთელების და მწვრთნელების ავტორიტეტს, საფეხბურთო ატრიბუტიკას, წარმოადგენს დარგში აბსოლუტურ მონოპოლისტს, დღემდე მსაჯების კვალიფიკაციის იმედად ტოვებს ათასობით ადამიანის შრომას და დაღვრილ ოფლს, 2018 წლის მუნდიალის ჩატარებაში, დაუდასტურებელი ინფორმაციის თანახმად, გაურიგდა რუსულ სპეცსამსახურებს (შეგახსენებთ, მუნდიალის მასპინძლობაზე პრეტენზიას ინგლისი აცხადებდა, რომლის პროექტის პრეზენტატორები, დევიდ ბექემთან ერთად, თვით პრინცი უილიამი და ქვეყნის პრემიერმინისტრი დევიდ კამერონი გახლდნენ).
ახლა კი მთავარ მსგავსებაზე გადავიდეთ...

როგორც ვიცით, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდება ყატარში – სრულიად არასაფეხბურთო ქვეყანაში, რომელსაც იმდენივე კავშირი აქვს ფეხბურთთან, რამდენიც ეკლესიას კომერციულ ბიზნესთან.
თუმცა, ფიფამ გადაწყვიტა, რომ ყატარს უნდა მიეცეს შანსი, გახდეს საფეხბურთო ქვეყანა და ამ მოტივით მას ანდო მუნდიალის მასპინძლობა.

როდესაც ყველაფერთან შეუსაბამო მსგავსი ამბები ხდება, ეჭვი აუცილებლად გაჩნდება და გაჩნდება იქიდან გამომდინარე, რომ დედამიწის ზურგზე ძნელია ისეთი ადამიანის პოვნა, რომელიც სიტყვა „ფეხბურთს" რამენაირად დაუკავშირებს ყატარის სახელმწიფოს, შესაბამისად, უკვე გაისმა ბრალდებებიც კორუფციასთან დაკავშირებით, ამ მიმართულებით განცხადებებს აკეთებენ საფეხბურთო სამყაროს ოფიციალური წარმომადგენლებიც, „თუკი კორუფციის ფაქტი დამტკიცდება, აუცილებელი გახდება ახალი კენჭისყრის გამართვა", – ამბობს უეფას ხელმძღვანელი მიშელ პლატინი. პრესისა და მასმედიის საშუალებები ავრცელებენ სხვადასხვა დოკუმენტაციას, რომელიც, მათი აზრით, წარმოადგენს კორუფციის უტყუარ მტკიცებულებას.

შევადაროთ ეს ადგილობრივი მრევლის სულიერებაზე მზრუნავი დაწესებულების საქციელს.

ალბათ ყველას გახსოვთ „შანგრილას" მშენებლობასთან დაკავშირებული სკანდალი, საპატრიარქოს გვერდით „ეშმაკის ბუნაგის" აშენებით აღტყინებული მრევლი, ქალაქის იერსახის განადგურების ამბები და სხვა.

რაღა დაგიმალოთ და ამ ნაგებობის დიზაინი არც მე მომწონს, ვფიქრობ, უკეთესის მოფიქრება შეიძლებოდა (შენობის დანიშნულებას და მასში განთავსებული მომსახურების სფეროს შინაარსს, რასაკვირველია, ნაკლები მნიშვნელობა აქვს).
გახსოვთ ალბათ, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი ელოდებოდა საპატრიარქოს მკვეთრი განცხადებების გაკეთებას და ამ დაწესებულების დაგმობას.

ჩემი აზრით, არცერთ რელიგიურ ჯგუფს არ აქვს უფლება, ხელი შეუშალოს რაიმე ბიზნესის ფუნქციონირებას, მათ შორის, არც საქართველოს საპატრიარქოს, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენი თანამოქალაქეების ნაწილი ელოდებოდა საპატრიარქოს ჩვეულ, მკვეთრ განცხადებას, მისი შენობის გვერდით არსებული კაზინოს დაგმობის მიზნით, თუმცა ეს ასე არ მოხდა.

ცხადია, დადასტურებით რამის თქმა ძნელია, მაგრამ შეკითხვების დასმას წინ არაფერი უდგას...

2011 წელს გარდაბნის რაიონის სოფლებში აღთაკლიაში, ფონიჭალასა და ყარაჯალაში, საქართველოს საპატრიარქოს სახელმწიფომ გადასცა მიწის ნაკვეთები, სიმბოლურ ფასად, იმ პირობით, რომ არ მოხდებოდა ამ ნაკვეთების რაიმე ფორმით გასხვისება.

2014 წელს უკვე ახალმა მთავრობამ ეს ვალდებულება მოხსნა, რის შემდეგაც საქართველოს საპატრიარქოს ამ ნაკვეთებზე შეუზღუდავი საკუთრების უფლება წარმოეშვა.
თუ მიხვდებით, რა მოხდა ამის მერე?

ეს ქონება აღმოჩნდა შპს კრწანისის პარკის საკუთრებაში...

სხვანაირად რომ ვთქვათ, საპატრიარქომ ეს ქონება, რომელიც მას სიმბოლურ ფასად გადაეცა, შეიტანა ზემოთქმულ კომერციულ ორგანიზაციაში, რის სანაცვლოდაც მიიღო კომპანიის წილი 25%.

ხოლო დანარჩენი 75% ეკუთვნის შპს ემ & სი ჯორჯიან ჰოლდინგს.., რომლის დირექტორიც გახლავთ ბ-ნი დაჩი ღვამბერია, ბატონი დაჩი ასევე წარმოადგენს შპს კრწანისის პარკის დირექტორსაც.

არ გჯერათ?

ვინაიდან ქონების რაოდენობა იმდენად ბევრია, რომ ჩემი სტატიისთვის განკუთვნილი გვერდები არ ეყოფა მხოლოდ მათ ჩამოთვლას, თითო ზემოთქმული სოფლიდან თითო ნაკვეთის კოდს დავწერ, რომელიც შეგიძლიათ გადაამოწმოთ და დანარჩენები უკვე თვითონ მოიძიოთ.

1. 81.06.00.320 – სოფ. აღთაკლია

2. 81.05.13.515 – სოფ. ფონიჭალა

3. 81.06.00.280 – სოფ. ყარაჯალა

გადავიდეთ უფრო საინტერესო ამბებზე, ბ-ნი დაჩი ღვამბერია გახლავთ შპს ქართული კაზინოს ჯგუფის დამფუძნებელი და 25% წილის მფლობელი (დანარჩენი 75% წილის მფლობელია ერთ-ერთი კომპანია, რომელიც ნიდერლანდებშია რეგისტრირებული), ეს კომპანია კი გახლავთ მოიჯარე უძრავი ქონებისა, რომელშიც განთავსებულია კაზინო „შანგრილა".

სამართლებრივად აქ შეიძლება არანაირი პრობლემა არ იყოს, ისევე როგორც სამართლებრივი პრობლემა არ წარმოიშობა ყატარში მუნდიალის ჩატარების გამო, მაგრამ, როდესაც ყატარს აძლევ მუნდიალის ჩატარების უფლებას, პირველი უხერხული შეგრძნების მერე, ვიღაც აუცილებლად დასვამს შეკითხვას კორუფციასთან დაკავშირებით. ისევე, როგორც მე გამიჩნდა შეკითხვა, არა კაზინოსთან ან მის რომელიმე მფლობელთან (ეს აბსოლუტურად ლეგიტიმური და ღირსეული საქმიანობაა), არამედ იმ ორგანიზაციასთან დაკავშირებით, რომელიც აზარტულ თამაშებს მომაკვდინებელ საქმიანობად მიიჩნევს.

და ეს შეკითხვა მხოლოდ მორალური პოზიციებიდან არ გამჩენია (მორალურობა და მისი შინაარსი ადამიანის არჩევანს წარმოადგენს), შეკითხვა სამართლებრივი უხერხულობის გამო მიჩნდება. მსოფლიოში ყველა ქვეყნის კანონმდებლობით, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება კომერციული საქმიანობის განმახორციელებელ სუბიექტს წარმოადგენს, ხოლო საქართველოს პარლამენტის დადგენილება „საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმების დამტკიცების შესახებ", რომელსაც კანონზე მაღალი ძალა აქვს, ამბობს, რომ „ეკლესია უშუალოდ არ ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას" (მუხლი 6).

P.S. დაბოლოს, ორი რამ ნამდვილად მაინტერესებს – ჩამოართმევენ თუ არა ყატარს 2022 წლის მუნდიალის მასპინძლობის უფლებას და რა საქმიანობას ახორციელებს საქართველოს საპატრიარქოს და ზემოხსენებული შპს ემ & სი ჯორჯიან ჰოლდინგის თანაპარტნიორობით შექმნილი შპს კრწანისის პარკი, რომელსაც საკუთრებაში უკვე 30-მდე მიწის ნაკვეთი დაუგროვდა, და ეს მხოლოდ გარდაბნის რაიონში.

 

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია - მღვდელი ლეონ გელოვანი

კომენტარები