ექსპერტი

ვის შეიძლება ერქვას ექსპერტი?

ექსპერტი რომ ადამიანს მხოლოდ მისი სატელევიზიო შოუებში სხვადასხვა საკითხზე მსჯელობის გამო არ უნდა ეწოდოს, ამას ნებისმიერი რაციონალური ადამიანი მიხვდება. მაგრამ რა მახასიათებლები უნდა ჰქონდეს ამგვარი სტატუსის მქონე ადამიანს, ადვილი აღსაწერი არ არის.

პოპულარული განმარტებით, რომელიც არამხოლოდ საქართველოშია გავრცელებული, ექსპერტი ის ადამიანია, რომელსაც მისი ექსპერტიზის სფეროში დასმულ ნებისმიერ შეკითხვას შეუძლია უპასუხოს. ექსპერტისგან ელიან, რომ მას მოვლენების არა მხოლოდ შეფასება შეუძლია, არამედ მათი წინასწარმეტყველებაც. ექსპერტს აქებენ მაშინ, თუ ის კონტექსტის შესაბამისი ფაქტების, მოვლენების ან ანალოგიების ცოდნას გამოაჩენს. ამგვარი აღწერა შესაძლოა არაადეკვატურ მოლოდინებს აჩენდეს ექსპერტების მიმართ, რაც ხშირად მათ მიმართ იმედგაცრუებაში შეიძლება გადაიზარდოს.

საექსპერტო ცოდნის ბუნების დასადგენად მხოლოდ ლოგიკა ან საზოგადოებრივი განწყობები საკმარისი არ არის. უკეთესია, თუ ფსიქოლოგიის ან სოციოლოგიის მეშვეობით ექსპერტების ინდივიდუალური თუ ჯგუფური მახასიათებლების შესახებ დაგროვილ ცოდნას გავიზიარებთ. ამ შემთხვევაში ჩვენი მოლოდინები ექსპერტების მიმართ, ზემოაღწერილისგან განსხვავებით, მნიშვნელოვნად უფრო დახვეწილი იქნება.

ფსიქოლოგიური ექსპერიმენტები ცხადყოფს, რომ ექსპერტებს დამწყებებისგან მნიშვნელოვნად განასხვავებს ცოდნა და ამ ცოდნის გამოყენების ფორმები. როდესაც აღიარებული მოჭადრაკეების მოქმედებებს შედარებით ახალბედებისას ადარებენ, ჩანს, რომ მათ შორის დიდი განსხვავება იმ პოზიციების რაოდენობაში არ არის, რომელთა წინასწარ განჭვრეტაც თითოეულს შეუძლია. მთავარი განსხვავება ის არის, რომ ექსპერტებს მეტი პოზიციის შესახებ აქვთ წინასწარი ინფორმაცია, რაც მათ უკვე ნაცნობი კანონზომიერებების დანახვის საშუალებას აძლევს. ეს კი, არსებულ გამოცდილებაზე დაფუძნებულ, სტრატეგიული და ტაქტიკური დაგეგმვის უპირატესობად გარდაიქმნება.

მოჭადრაკეების ექსპერტიზის კვლევები მეორე საგულისხმო დასკვნის გაკეთების შესაძლებლობასაც იძლევა. საექსპერტო ცოდნა მნიშვნელოვნად არის განპირობებული კონტექსტუალური ცოდნით. ბავშვმა მოჭადრაკეებმა ერთ-ერთი კვლევის მიხედვით ბევრად მეტი საჭადრაკო პოზიციის დამახსოვრება შეძლეს, ვიდრე კოლეჯის სტუდენტებმა, რომლებსაც ჭადრაკში ვარჯიშის გამოცდილება არ ჰქონდათ. სამაგიეროდ, როდესაც საქმე მათემატიკური ფორმით წარმოდგენილი სხვაგვარი ინფორმაციის დამახსოვრებასთან ჰქონდათ, აქ სტუდენტები მნიშვნელოვან უპირატესობას ფლობდნენ. ეს მაგალითი ცხადყოფს, რომ მოჭადრაკეებს დამახსოვრების უნარები ზოგადად კი არ აქვთ განვითარებული, არამედ მხოლოდ კონკრეტული კონტექსტის ფარგლებში.

ფსიქოლოგების განმარტებით, საექსპერტო ცოდნას გარკვეულ კონტექსტში ყველა ჩვენგანი ფლობს. ეს ისეთი ცოდნაა, რომლის გამოყენებისას ჩვენ დაუფიქრებლად და, ამავდროულად, წარმატებით ვმოქმედებთ. დამწყებები, ექსპერტებისგან განსხვავებით, შესაბამისი მოქმედების დროს ხშირად ფიქრობენ იმ წესების შესახებ, რომლებიც წარმატების მისაღწევად უნდა გამოიყენონ. მაგალითად, როდესაც თქვენ ველოსიპედის ტარებას სწავლობთ, იცით, რომ მნიშვნელოვანია ერთდროულად ბალანსის დაცვა, პედლების ტრიალი, წინ ყურება და საჭის მიმართულების შეცვლა. გარკვეული გამოცდილების მიღების შემდეგ, თქვენ გადადიხართ იმ დონეზე, როდესაც უკვე ხვდებით, თუ რას აკეთებთ წარმატებულად და, შესაბამისად, ხვეწთ თქვენს მოქმედებებს. როდესაც ექსპერტად ყალიბდებით, თქვენი ქცევა ამ კონტექსტში სულ უფრო ინტუიციური და ავტომატიზებული ხდება.

ერთ-ერთი გადამწყვეტი პროცესი, რასაც ექსპერტობისკენ მივყავართ, ხანგრძლივი ვარჯიშია. მუსიკოსების, გამომგონებლების, მხატვრების, სპორტსმენების, მეცნიერებისა და სხვების ბიოგრაფიების შესწავლა აჩვენებს, რომ მათი წარმატება შეუძლებელი იქნებოდა, რომ არა მრავალი წლის განმავლობაში საკუთარი შესაძლებლობების დახვეწაზე ზრუნვა. ზოგიერთი მეცნიერის აზრით, გენიოსებიც კი განსაკუთრებულ წარმატებას საშუალოდ 10,000 საათის ვარჯიშის შემდეგ აღწევენ.

ზოგიერთი მიმართულებით საექსპერტო ცოდნის გასავითარებლად ნაკლები დროც საკმარისია. მაგალითად, ცნობილია, რომ ქალაქის ქუჩების გასაცნობად, ლონდონში, ტაქსისტისთვის საშუალოდ სამი წელი, ანუ დაახლოებით 5,000 სამუშაო საათია საკმარისი.

იმისთვის, რომ უფრო ადვილი გასაგები გახდეს, თუ რა ხანგრძლივობისაა დროის ეს მონაკვეთი, შეიძლება ის, მაგალითად, სასკოლო განათლების სისტემას შევადაროთ. საქართველოში, ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, სკოლებში, მოსწავლეებისთვის თორმეტი კლასის განმავლობაში ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილებისთვის საშუალოდ 2100 საათი, ხოლო უცხო ენის, კერძოდ კი ინგლისურის შესასწავლად, დაახლოებით 1000 საათია დათმობილი.

მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რომ ხანგრძლივობა, საექსპერტო ცოდნის წარმატებით შეძენისთვის აუცილებელი ვარჯიშის მხოლოდ ერთი და არასაკმარისი მახასიათებელია. წარმატების მომტანი ვარჯიში, მექანიკურად განმეორებადი მოქმედებებისგან განსხვავებით, გაცნობიერებულ საგანმანათლებლო პროცესს წარმოადგენს. ასეთ დროს ვარჯიშში ჩართული ადამიანი მოტივირებულია, აქტიურად აკვირდება საკუთარი სწავლის ძლიერ და სუსტ მხარეებს და მუდმივად, გაცნობიერებულად აუმჯობესებს საკუთარ შედეგებს. ამ პროცესს აღწერს ნახევრადსახუმარო გამონათქვამი, რომლის თანახმად ექსპერტები ის ადამიანები არიან, რომლებსაც თავიანთ სფეროში უკვე ყველა შესაძლო შეცდომა აქვთ დაშვებული.

თუ საექსპერტო ცოდნის შექმნას სოციოლოგიის პერსპექტივიდან შევხედავთ, მაშინ ცხადი გახდება, რომ ექსპერტებად ჩამოყალიბება უპირატესად სხვა ადამიანებთან ურთიერთობის საფუძველზე ხდება. პროფესიულ გარემოში ექსპერტები იშვიათად მარტო და უმეტესად სხვადასხვა ფუნქციის მქონე ადამიანებთან თანამშრომლობით მოქმედებენ. მაგალითად, მეცნიერების უმეტესობა იმ ქსელის წევრია,სადაც ცოდნის შექმნასა და დახვეწაში მათ გარდა სხვადასხვა ადმინისტრაციული პერსონალი, ლაბორატორიული ასისტენტები, სამეცნიერო ჟურნალების გამომცემლობები, მედიის წარმომადგენლები და სტუდენტები თანამონაწილეობენ.

მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რომ საექსპერტო ცოდნა ხშირად არაპროფესიონალების გამოცდილების საფუძველზეც ყალიბდება. ასეთი განვითარების მაგალითია ანონიმურ ალკოჰოლიკთა ამერიკული ასოციაცია. დღეს იშვიათად თუ უარყოფს ვინმე, რომ ამ საზოგადოების ფარგლებში განვითარებული მიდგომები და დაგროვებული ცოდნა არანაკლებ შედეგიანია, ვიდრე მედიცინის თუ ფსიქოთერაპიის ფარგლებში შექმნილი ალტერნატიული მეთოდები.

სოციოლოგია სხვადასხვა განათლებისა და გამოცდილების მქონე ადამიანების ინტერაქციის საფუძველზე საექსპერტო ცოდნის წარმოქმნის თავისებურებებსაც შეისწავლის. მაგალითად, ზოგიერთ შემთხვევაში, როდესაც ექიმი პაციენტს მისი ჩივილების შესახებ ესაუბრება, კონკრეტული სამედიცინო მდგომარეობის შესახებ საექსპერტო ცოდნას რეალურად თავად ეს პიროვნება ფლობს. ხშირად მხოლოდ პაციენტმა იცის თუ რა სტკივა, რა შემთხვევაში აწუხებს უძილობა, რა გარემოებების გამო აქვს დაზიანებული კონკრეტული სახსარი და ა.შ.

მედიცინა სხვა მნიშვნელოვან მაგალითსაც გვთავაზობს საექსპერტო ცოდნის განაწილების შესახებ. ამ სფეროში სულ უფრო ხშირად გამოიყენება ე.წ. საექსპერტო სისტემები, რომლებიც დახვეწილ მონაცემთა ბაზებს წარმოადგენენ და რთული დიაგნოზის დასმის შესაძლებლობა აქვთ. ამ სისტემების შეფასებისას ექსპერტიზის მკვლევრები სწორად აღნიშნავენ, რომ ამ კონტექსტში მათი გამოყენების დროს კომპიუტერი მნიშვნელოვნად განსხვავდება სხვა სამედიცინო აპარატურისგან, მაგალითად, რენტგენისგან. ამ ვითარებაში, ის, ვისაც კითხვებზე პასუხების გაცემა შეუძლია, რეალურად მანქანაა და არა ადამიანი. განაწილებული ექსპერტიზის მაგალითები საფინანსო სფეროშიც მოიძებნება, სადაც რთული ალგორითმების და დიდი მოცულობის ინფორმაციის საფუძველზე ავტომატიზებულ სისტემებს ისეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიზანშეწონილობის დადგენა შეუძლიათ, რასაც ვერცერთი ცალკე აღებული პიროვნება კონკრეტულ ვითარებაში ვერ შეძლებს.

ამ მსჯელობის საფუძველზე ორი დასკვნის გაკეთება შეგვიძლია. პირველი, სფეროს ექსპერტი შეიძლება ეწოდოს ადამიანს, რომელიც თავისი პროფესიის ან სხვა რაიმე საქმიანობის ფარგლებში მნიშვნელოვანი გამოცდილების და გაცნობიერებული ვარჯიშის ფარგლებში დაგროვებულ ცოდნასა და განვითარებულ უნარებს ეყრდნობა. ეს ის ადამიანია, ვისაც ფართო კანონზომიერებების ამოცნობა შეუძლია. მას, დამწყებებისგან განსხვავებით, ინტუიციურად, ავტომატურ რეჟიმში პრობლემების გადაჭრისთვის საჭირო რთული სტრატეგიების გამოყენების უნარი ახასიათებს.

მეორე, არ უნდა გვიკვირდეს, თუ საექსპერტო ცოდნა ზოგიერთ სფეროში ერთი კონკრეტული ადამიანის თავში არ იქნება კონცენტრირებული. ექსპერტიზა დღეს ხშირად გაზიარებულია ადამიანის ჯგუფების შიგნით და ადამიანებსა და მანქანებს შორის.

დაბოლოს, თუ ექსპერტს რომელიმე სფეროში ყველა მნიშვნელოვან კითხვაზე პასუხის გაცემა შეუძლია, ეს მხოლოდ ამ სფეროს შეზღუდულობაზე მეტყველებს და არა ამ პიროვნების მიერ განსაკუთრებული უნარების ან ცოდნის ფლობაზე. ექსპერტი უფრო მეტად ის ადამიანია, რომელსაც, როგორც ერთი მახვილგონივრული გამონათქვამი გვეუბნება, იმ კითხვების შესახებ ეკითხებიან აზრს, რომლებსაც კომპლექსურობიდან გამომდინარე, შეუძლებელია ცალსახა და ამავდროულად ჭეშმარიტი პასუხი ჰქონდეს.