NATO-საქართველოს ურთიერთობა

აპატურაი: NATO-ს შეთავაზების მიზანია საქართველოს უსაფრთხოების გაძლიერება

NATO

NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი თავდაცვის მინისტრს ირაკლი ალასანიას შეხვდა და NATO-ს მიერ საქართველოსთვის შეთავაზებული ინდივიდუალური პაკეტი მასთან ერთად განიხილა. ირაკლი ალასანიას თქმით, უელსის სამიტის შემდეგ საქართველო უფრო დაცული და უსაფრთხო იქნება, ამასთან NATO-ს კიდევ ერთი ნაბიჯით დაუახლოვდება. ჯეიმს აპატურაის განცხადებით კი, საქართველოს თავდაცვის მინისტრთან დღევანდელი შეხვედრა გამორჩეული იყო.

"ჩვენ ერთად ვიმსჯელეთ პაკეტის დეტალებზე, რომელიც უელსის სამიტზე დამტკიცდება. შევთანხმდით, რომ ეს პაკეტი იქნება ძალიან საფუძვლიანი, რადგან ის მიზნად ისახავს საქართველოს უსაფრთხოების გაძლიერებას და ითვალისწინებს კონკრეტულ ნაბიჯებს ქვეყნის NATO-ში გაწევრიანების გზაზე. ამ საკითხების განხილვა ბრიუსელშიც მოხდება, თუმცა ძალიან კარგი დასაწყისია, რომ თავდაცვის მინისტრმა მნიშვნელოვანი სამუშაო გასწია ამ მიმართულებით", - თქვა აპატურაიმ.

NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერმინისტრს, ასევე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს შეხვდება.

ჯეიმს აპატურაი საქართველოს 10 ივლისს დატოვებს.

კომენტარები