აბაშიძე-კარასინის შეხვედრა

აბაშიძე: სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება აბსოლუტურად სამართლიანია

ზურაბ აბაშიძე

"გავიხსენე ჩემი პირადი გამოცდილებით დრამა, რაც 2006 წელს მოხდა და აღვნიშნე, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არის აბსოლუტურად სამართლიანი", - ამის შესახებ პრემიერმინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან მოლაპარაკებების საკითხებში ზურაბ აბაშიძემ რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის მოადგილე გრიგორი კარასინთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. 

აბაშიძის თქმითვე, "რუსი კოლეგის პოზიციაა, რომ ახლა სასამართლოში უნდა გაგრძელდეს მუშაობა და ჩვენ ამაში ვერანაირად ვერ ჩავერევით. მათი მხრიდან არის განცდა, რომ ეს პოლიტიკურად დაკავშირებულია იმ ემოციებთან, რაც 2006 წელს იყო. ახლა უნდა გაგრძელდეს მშვიდად მუშაობა, რათა დადგენილება, რაც სტრასბურგის სასამართლომ მიიღო, მათ შორის კომპენსაციასთან დაკავშირებით, საქმიან ვითარებაში აღსრულდეს".

ზურაბ აბაშიძის თქმით, რუსული მხარის წინადადებაა, რომ 15 სექტემბრიდან აღდგეს რეგულარული რეისები თბილისსა და მოსკოვს შორის. 

3 ივლისს, სტრასბურგის სასამართლომ ეთნიკური ქართველების დეპორტაციის გამო რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს საჩივარზე გადაწყვეტილება საქართველოს სასარგებლოდ გამოიტანა. ამით დასრულდა შვიდწლიანი განხილვა სახელმწიფოთაშორის საჩივარზე "საქართველო რუსეთის წინააღმდეგ" . სასამართლოს დიდი პალატის ღია სხდომას ორივე მხარის - საქართველოსა და რუსეთის წარმომადგენლები დაესწრნენ. აღნიშნულ საქმეზე სახელმწიფოს ინტერესებს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს იუსტიციის სამინისტრო იცავდა. 

სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთმა 2006 წელს დაარღვია ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი. გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ რუსეთის მხრიდან ადგილი ჰქონდა კოორდინირებულ პოლიტიკას ქართველების წინააღმდეგ დაკავებისას, დაპატიმრებისას და მასობრივად ქვეყნიდან გამოძევებისას და, შესაბამისად, დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მეოთხე ოქმის მეოთხე მუხლი. დაკავებისა და დაპატიმრების დროს ქართველები დამამცირებელ და არაადამიანურ პირობებში იმყოფებოდნენ, რითაც დაირღვა მე-3 და მე-5 მუხლები.

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის თქმით, "კომპენსაციის ოდენობის გარშემო უნდა შედგეს იუსტიციის ორ სამინისტროს შორის მოლაპარაკებები, რისთვისაც ევროპელმა მოსამართლემ მოგვცა 12-თვიანი ვადა".

საქართველოს მთავრობამ სტრასბურგის სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ სახელმწიფოთაშორისი საჩივარი 2007 წლის 26 მარტს შეიტანა. საჩივარი უკავშირდება რუსეთის მიერ 2006 წლის შემოდგომაზე გატარებულ სადამსჯელო პოლიტიკას, რომელსაც რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მცხოვრები ეთნიკური ქართველების დევნა, შევიწროება და ქვეყნიდან მათი მასობრივი დეპორტაცია მოჰყვა.

კომენტარები