0 კომენტარი

ამერიკელი ფსიქოლოგი აბრაჰამ მასლოუ ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ფროიდის სკოლის ფსიქოლოგებისა და ფსიქოანალიტიკოსებისგან განსხვავებით, ფსიქიკურად ჯანსაღი ადამიანების კვლევით დაინტერესდა. „ფროიდმა გაგვაცნო ადამიანის ფსიქიკის ავადმყოფი ნახევარი და ახლა ჩვენი ამოცანაა, სურათი ჯანსაღი ნახევრით შევავსოთ", წერდა მასლოუ. მთავარი, რითიც მასლოუ მეცნიერების ისტორიაში შევიდა, იყო „მოთხოვნილებათა იერარქიის" თეორია, რომელიც მან 1942 წელს გამოქვეყნებულ ნაშრომში „ადამიანური მოტივაციის თეორია" ჩამოაყალიბა. ამ თეორიის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ფსიქიკურად ჯანსაღი ადამიანი მოთხოვნილებებს გარკვეული რიგითობით იკმაყოფილებს, რაც კულმინაციას მის თვითრეალიზაციაში ჰპოვებს.

„მოთხოვნილებათა იერარქიას" პირამიდის სახე აქვს, რის გამოც ეს თეორია პოპულარულ ენაზე „მასლოუს პირამიდის" სახელით არის ცნობილი. პრინციპი ისაა, რომ ჯანსაღ ადამიანებს მოთხოვნილებები არა ერთბაშად, არამედ ეტაპობრივად უჩნდებათ და მათი დაკმაყოფილებაც ეტაპობრივად ხდება. როგორც წესი, მოთხოვნილებების ზედა საფეხურზე მხოლოდ მას შემდეგ ვინაცვლებთ, რაც დავიკმაყოფილებთ შედარებით საბაზისო და „პრიმიტიულ" მოთხოვნილებებს.

პირამიდის ძირში ადამიანის პირველადი, ბიოლოგიური მოთხოვნილებებია მოქცეული – სუნთქვა, საკვები, ძილი, ფიზიოლოგიური მოთხოვნილებები. შემდეგ მოდის უსაფრთხოების, წესრიგის, შემოსავლის, სტაბილურობის განცდის მოთხოვნილება. ეს ორი ეტაპი აუცილებელია ადამიანის ფიზიკური არსებობისა და გადარჩენისთვის. როცა ადამიანებს აქვთ საკვები, საცხოვრებელი და უსაფრთხოება, მათ შეუძლიათ იდარდონ მომდევნო საფეხურზე.

შემდეგი საფეხური უფრო რთული, „შეძენილი" მოთხოვნილებებია – ჯერ სოციალური ხასიათის (სიყვარული, მეგობრობა, მიკუთვნებულობა): როდესაც ადამიანები უზრუნველყოფილი არიან საბაზისო საარსებო პირობებით, მათ უჩნდებათ სოციალიზაციის, სიყვარულის გაცემისა და მიღების მოთხოვნილება, რის შემდეგაც მოდის დაფასება და აღიარება. ეს ეტაპი დგება მაშინ, როდესაც ადამიანები მეტ-ნაკლებად დაკმაყოფილებულად მიიჩნევენ აქამდე დასახელებულ სხვა მოთხოვნილებებს. პირამიდის ამ საფეხურზე ადამიანებს უჩნდებათ მოთხოვნილება, რომ მათი ცხოვრებისეული მიღწევები აღიარებული და დაფასებული იყოს.

სულ ბოლოს, პირამიდის მწვერვალზე, ადამიანებს უჩნდებათ შემოქმედებითი, შემეცნებითი და სულიერი მოთხოვნილებები. ამ ეტაპზე ადამიანი აღწევს თვითრეალიზაციის პიკს, როდესაც ის საკუთარ პოტენციალს მიიჩნევს სრულად რეალიზებულად.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, „მოთხოვნილებათა იერარქიის" მოდელის მიხედვით, ადამიანის მოთხოვნილებები შესაძლებელია მხოლოდ ეტაპობრივად, ზემოთ ჩამოთვლილი რიგითობით დაკმაყოფილდეს. ადამიანებს მხოლოდ მას შემდეგ უჩნდებათ უფრო მაღალ საფეხურზე მდგომი მოთხოვნილებები, რაც მეტ-ნაკლებად დაიკმაყოფილებენ შედარებით დაბალ საფეხურზე მდგომ მოთხოვნილებებს. მასლოუ მიიჩნევდა, რომ თუ მოთხოვნილება დაკმაყოფილებულია, იგი უკვე აღარ არის მოტივატორი და ყურადღება იერარქიის შემდეგ დონეზე გადაინაცვლებს.

გადმოვინაცვლოთ ქართულ რეალობაში. სულ რაღაც ორიოდე წლის წინ, პოპულარული სიბრძნე ღაღადებდა, რომ მასლოუს პირამიდის დაბალ საფეხურებზე მდგომი მოთხოვნილებები 21-ე საუკუნის საქართველოში თავისთავად სიკეთედ უნდა აღიქმებოდეს და რომ ეს მოთხოვნილებები აღარ იყო საქართველოს მოქალაქეთა მამოძრავებელი მოტივატორი. შესაბამისად, მათი დაკმაყოფილება იმდენად ბანალური იყო, რომ აღნიშვნასაც არ იმსახურებდა. სწორედ ამის მანიშნებელი იყო ის სკეპტიკური ირონია, რომლითაც ეგებებოდნენ საუბრებს განვითარებულ ინფრასტრუქტურაზე, უწყვეტ ელექტროენერგიაზე, ყოველდღიურობიდან კორუფციისა და კრიმინალის გაქრობაზე, გაათმაგებულ და დროულად გაცემულ პენსია-ხელფასებზე და სხვა ისეთ დეტალებზე, რომლებიც სულ რამდენიმე წლით ადრე (ასევე 21-ე საუკუნის დასაწყისში), არათუ თავისთავად სიკეთედ, არამედ უტოპიურ სიგიჟედ გვეჩვენებოდა.

უნდა ვაღიაროთ, რომ, გარკვეულწილად, სკეპტიკოსები მართლები იყვნენ: უდავო ფაქტია, რომ იმ „9 წლის" ბოლოსკენ, რომელთან მიმართებითაც დღევანდელ საქართველოში ადამიანთა ნებისმიერი პოლიტიკური და მორალური თვითგანსაზღვრა ხდება, აქტიურ მოქალაქეთა მნიშვნელოვანი ნაწილი მასლოუს პირამიდის ბოლო საფეხურს ეპოტინებოდა. მათ მეტ-ნაკლებად დაკმაყოფილებული ჰქონდათ ფიზიოლოგიური და მატერიალური მოთხოვნილებები და სულიერ თვითრეალიზაციაზე ზრუნავდნენ. მათთვის, მოქალაქეთა ნდობით აღჭურვილი საპატრულო პოლიცია ან რუსი ფეოდალისგან გათავისუფლებული აჭარა კონკრეტული, ლოკალური მიღწევები იყო – მიღწევები, რომლებიც მასლოუს პირამიდაზე საკმაოდ დაბალ საფეხურზე იდგა... ისინი საუბრობდნენ ზნეობაზე, ტრადიციებზე, სამართლიანობასა და უსამართლობაზე, კეთილისა და ბოროტის რაობაზე, პირად ტრაგედიად განიცდიდნენ აბსტრაქტულ, ზოგადსაკაცობრიო თუ კონკრეტულ პირთა პრობლემებს. ერთგვარ პარადოქსთან გვქონდა საქმე: პრობლემები, რომლებიც თავისი შინაარსით ლოკალური ხასიათისა იყო, ამ ადამიანებს გლობალურად ტანჯავდა, ხოლო მიღწევები, რომლებიც თავისი შინაარსით უნივერსალური იყო, მათ ვერანაირ კმაყოფილებას ვერ გვრიდა.

სავარაუდოდ, მიზეზი ამ ადამიანების დაწინაურებული მდებარეობა იყო მასლოუს პირამიდაზე. ალბათ ამითვე აიხსნება ის ფენომენი, რომ ნაციონალური მოძრაობის მიერ ყველაზე „მიხედილმა" ქალაქებმა (ბათუმი, მესტია, მცხეთა) სამ უკანასკნელ არჩევნებში ყველაზე ნაკლები ხმა მისცეს ამ პოლიტიკურ ძალას. ამ ქალაქების მცხოვრებლებს 21-ე საუკუნეში მშენებლობებზე, ინფრასტრუქტურასა და ტურიზმზე საუბარი უკვე მოსაბეზრებლად და არარელევანტურად მიაჩნდათ.

ეს მათთვის უკვე გავლილი ეტაპი იყო, რაც აღარ გამოდგებოდა მოტივატორად. ამასობაში მათ სხვა, გაცილებით მაღალი მოთხოვნილებები გაუჩნდათ...

მალე 2 წელი გახდება, რაც ხელისუფლებაში ქართული ოცნებაა. ბიძინა ივანიშვილმა (მისი მოურავის ენით რომ ვთქვათ, „ამ ბრძენმა კაცმა") ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ადამიანურ მოთხოვნილებათა იერარქიის ახალი მოდელი შესთავაზა ქართულ საზოგადოებას. ვუწოდოთ ამ მოდელს „ივანიშვილის პირამიდა", მის შექმნაში ამ ადამიანის მიერ შეტანილი უნიკალური წვლილის გამო. რაში მდგომარეობს ივანიშვილის პირამიდის არსი?

გარეგნულად ის არაფრით განსხვავდება მასლოუს პირამიდისგან. განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ თუ მასლოუს პირამიდაზე ადამიანები ქვევიდან ზევით მოძრაობენ, ივანიშვილის პირამიდაზე მოძრაობის ვექტორი შებრუნებულია. აქ ადამიანები იწყებენ ზემოდან („ღირსებაზე," „სულიერებაზე" და სხვა მაღალ მატერიებზე ფიქრი), ჩამოდიან სიყვარულისა და თანალმობის აუცილებლობაზე, მოუყვებიან ქვემოთ და ზრუნავენ ყოველდღიურად თავის გატანაზე და ასრულებენ ყოველდღიურობაში დაბრუნებული კრიმინალისგან თავის დაცვაზე ფიქრით... მათ, ვისაც სულ რაღაც 2 წლის წინ „სამართლიანობა" ადარდებდა, ერთი საფეხურით ჩამოინაცვლეს და ახლა პროფესიული მიღწევებით კმაყოფილდებიან.

ისინი, ვინც ადრე პროფესიული მიღწევებით იყო დაინტერესებული, სოციალიზაციას დაუბრუნდა (საქმე ნაკლებია, თავისუფალი დრო – მეტი). პარალელურად, ყველას ერთად გვიპყრობს დაუცველობის განცდა, როცა პოლიცია მოდულის შენობის წინაც კი ვერ ახდენს ბანკებისა თუ აფთიაქების დაყაჩაღების პრევენციას, არ (ან, ადეკვატურად არ) სჯის მოძალადეებს (მათ შორის, რაც ყველაზე საგანგაშოა, პოლიციაზე მოძალადეებს), არ არეგისტრირებს მძიმე დანაშაულებსაც კი, მაგრამ სპეცოპერაციებს ატარებს მარიხუანის მომხმარებელთა გამოსავლენად.

უკანასკნელი სოციოლოგიური გამოკითხვები ადასტურებს, რომ „სულიერმა" მოთხოვნილებებმა ადამიანთა პრიორიტეტების შკალაზე მნიშვნელოვნად ქვემოთ დაიწია, ხოლო წინა პლანზე ისევ „ბანალური" მოთხოვნილებები წამოვიდა (21-ე საუკუნის გარიჟრაჟის მსგავსად). აშკარაა ივანიშვილის პირამიდაზე ადამიანთა მასობრივი მიგრაციის სურათი...

მაგრამ პირამიდის თემა ამით არ იწურება. კაცობრიობა კიდევ რამდენიმე ტიპის პირამიდას იცნობს. ნაგებობებს რა ხანია აღარ აშენებენ (თუ ლუვრის წინ ჩადგმულ, ღმერთო დაგვიფარე და, შუშის პირამიდას არ ჩავთვლით), სამაგიეროდ, ბევრ მკითხველს კარგად ემახსოვრება 90-იანი წლების დასაწყისის (იმ ლაღი ეპოქის, როდესაც ივანიშვილმა თავისი პირველი მილიარდი იშოვა) ფინანსური სქემები, რომლებიც დაფუძნებული იყო ადამიანებისთვის არარეალურ, დაუჯერებლად კარგი დაპირებების გაცემაზე და, ამ გზით, მაქინაციაში მაქსიმალურად დიდი რაოდენობის მონაწილეთა ჩათრევაზე. ყველა მსგავს აფიორას დასასრული ყოველთვის უცვლელი ჰქონდა – ის საპნის ბუშტივით სკდებოდა, შედეგად კი გვრჩებოდა პირამიდის სათავეში მდგარი გაქცეული შარლატანი და მოტყუებულ ადამიანთა დიდი მასა... ძნელია, ივანიშვილის მიერ შეკოწიწებულ კოალიციაში, რომელიც ხელისუფლებაში უტოპიური, იმთავითვე თაღლითური დაპირებებით მოვიდა, ამგვარი პირამიდა არ ამოვიცნოთ. თუმცა, ამ პირამიდაზე – სხვა დროს.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ნინი გოგიჩაიშვილი

კომენტარები