ნარმანიამ საარჩევნო პროგრამის ეკონომიკური და სოციალური ასპექტები წარადგინა

ქართული ოცნების თბილისის მერობის კანდიდატმა საარჩევნო პროგრამის ეკონომიკური და სოციალური ასპექტები ექსპერტებსა და მედიას წარუდგინა. მერად არჩევის შემთხვევაში, დავით ნარმანია საშუალო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობისთვის 100 მილიონი ლარის გამოყოფას აპირებს. ნარმანია ე.წ. ხრუშჩოვკების რეაბილიტაციას და მათი ჩანაცვლებისთვის ინვესტორების მოწვევასაც გეგმავს. მის ერთ-ერთ მთავარ დაპირებას კი, სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გაუქმება წარმოადგენს.

"ჩემი პროგრამის მიხედვით, თბილისი გახდება რეგიონის ეკონომიკური, პოლიტიკური, კულტურული და ტურისტული ცენტრი, რაც ადამიანის დასაქმებაზე და მათ შემოსავლებზე აისახება. ასევე, თბილისი უნდა გახდეს ჯანსაღი, ეკოლოგიურად სუფთა და ახალგაზრდული ქალაქი. ჩვენი პროგრამა ორიენტირებულია დღეს არსებული პრობლემების მოგვარებაზე, მეორე მხრივ კი, ქალაქის განვითარებაზე", - განაცხადა ნარმანიამ.

საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია და განხილვა ეკონომიკური კვლევის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა. ხვალ მსგავსი შეხვედრა ნაციონალური მოძრაობის თბილისის მერობის კანდიდატთანაც გაიმართება. 

კომენტარები