ალბერ კამიუ

იყავი რეალისტი - მოითხოვე შეუძლებელი

ნატალია გიორგობიანი
0 კომენტარი

ალბერ კამიუს ესეი „მეამბოხე ადამიანი" 1951 წელს გამოქვეყნდა. კამიუ აქ ამბოხის ცნებას კარტეზიანულ cogito-ს ადარებს, შედარების გარდა, შეიძლება ითქვას, რომ უთანაბრებს კიდეც მას და დეკარტეს ცნობილ მტკიცებას „ვაზროვნებ, მაშასადამე ვარსებობ" ახალ ფორმულირებას უკეთებს. ფორმულირება კი შემდეგია: „ვაპროტესტებ, მაშასადამე ჩვენ ვარსებობთ".

კამიუმ ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი გადასვლა გააკეთა. თუ დეკარტესთვის აზროვნება არსებობის ერთადერთი დამადასტურებელი მტკიცებულება იყო და ზემოთ ნახსენები ფრაზა პირველსაწყისი ჭეშმარიტება, რომელშიც დაეჭვება აღარ შეიძლებოდა, კამიუსთვის აზროვნება პროტესტმა, ამბოხმა ჩაანაცვლა და ეს ამბოხი არა მხოლოდ იმის მტკიცებულებაა, რომ მეამბოხე არსებობს, არამედ იმისა, რომ, როგორც კამიუ ამბობს, „ჩვენ ვარსებობთ".

ესეიში ამბოხი მორალური დადგენილების მსგავსია, რომელსაც აქვს ძალა, ახალ ღირებულებებს ჩაუყაროს საფუძველი. რა თქმა უნდა, კამიუ ეგზისტენციალურ საკითხებსაც ეხება: მარტოობას, კრიზისს, აბსურდულობას და შეიძლება ვიფიქროთ, რომ აქ, ასეთ მოცემულობაში, ამბოხი უბრალოდ ზედმეტი, არაფრისმომტანია. მაგრამ კამიუსთვის ამბოხი არის იმის შემამოწმებელი, ვართ თუ არა თავისუფალნი, შეგვიძლია თუ არა წინააღმდეგობის გაწევა. ხოლო იმის მიხედვით, თუ რის წინააღმდეგ შეიძლება იბრძოდეს ადამიანი, კამიუ ამბოხის სამ სახეობას გამოჰყოფს. ესენია: მეტაფიზიკური, ისტორიული და შემოქმედებითი ამბოხი.

1950-იან წლებს შეგვიძლია სულ ერთი ათწლეულით გავცდეთ და გადავინაცვლოთ 60-იანებში. 1965 წელს ბრიტანული ჯგუფის The Who სინგლი გამოვიდა, სახელწოდებით "My Generation". მოგვიანებით კი ეს სიმღერა ერთ-ერთ შოუში ცოცხლად შეასრულეს ჯგუფის წევრებმა. ეს იყო დამანგრეველი, დესტრუქციული გამოსვლა, ოღონდ პირდაპირი გაგებით, რადგან ჯგუფის წევრებმა სიმღერის დასრულების შემდეგ ინსტრუმენტები დაამტვრიეს: გიტარებს ძირს ახეთქებდნენ, დრამი კი ააფეთქეს. ჯგუფის მხოლოდ ერთი წევრი, ჯონ ენტვისტლი იდგა განზე, თავისი ბასგიტარა ვერაფრით დათმო.

გამოხატვის ასეთი ფორმა შეიძლება მისაღები არ იყოს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, გასაგებია. ყველაზე მნიშვნელოვანი აქ ისაა, თუ რატომ მოხდა ამ ფორმით გამოსვლის დასრულება, რისთვის იყო ეს ერთი შეხედვით სცენისთვის არაბუნებრივი ქცევა საჭირო. საქმე თვითონ სიმღერის შინაარსს ეხება. სათაურიდანაც ადვილი მისახვედრია, რომ სიმღერა იმდროინდელ ახალგაზრდა თაობაზეა. თაობაზე, რომელსაც, როგორც ტექსტშია ნათქვამია, ამცირებენ იმის გამო, რომ ისინი ცდილობენ თავიანთი ცხოვრებით იცხოვრონ და ნელ-ნელა ცნობილებიც ხდებიან.

მათ იდეებს და ქცევას ძველი თაობა ძალიან ცივად უპირისპირდება. ყველაზე მნიშვნელოვანი ფრაზა კი, ჩემი აზრით, ტექსტში შემდეგია: "I hope I die before I get old". ეს ფრაზა ალბათ არა მხოლოდ ჯგუფის, არამედ მთელი 60-იანების ახალგაზრდობისთვის მნიშვნელოვანი უნდა ყოფილიყო. და აქ სიტყვაში "old" არ იგულისხმება რაღაც კონკრეტული ასაკი, უბრალოდ, ახალგაზრდებს არ უნდათ იმ დროს მოესწრონ, როდესაც გახდებიან ისეთები, როგორებიც მშობლები არიან. როდესაც ინდივიდუალიზმს დაკარგავენ და აღარ მოუნდებათ არაფრის შეცვლა, გახდებიან მუშათა კლასის მორიგი გმირები და აღარ იქნებიან მეამბოხეები. არ უნდათ მოესწრონ დროს, როდესაც ისინი უბრალოდ გაჰყვებიან მოცემულ გზას.

„წიგნები და როკ-ნ-როლი ეს ის იყო, რითაც 1961 წელს ახალგაზრდები თავს შველოდნენ და მეც ასე ვიქცეოდი", – წერს პატი სმითი წიგნში „უბრალოდ ბავშვები". წიგნი პატის მოგონებებს ეხება 60-იანი წლების ნიუ იორკზე, იმ ეპოქის ახალგაზრდების და ცნობილი ადამიანების ცხოვრების სტილზე: ელექტროგიტარასა და მიკროფონზე, როგორც მთავარ იარაღზე. შეიძლება ისინი და მთელი მათი თაობა უბრალოდ ბავშვები იყვნენ. ზღვარსგადასული რომანტიზმითა და ინფანტილური წარმოდგენებით იმაზე, თუ როგორია მსოფლიო და როგორი შეიძლება იყოს. მაგრამ ფაქტია, რომ ამ უბრალოდ ბავშვებმა ბევრი რამ შეცვალეს ამერიკაში, ბრიტანეთსა და საფრანგეთში, 1968 წლის მაისის გამოსვლებით. მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინეს დასავლური სამყაროს ცნობიერებაზე.

ახლა შეგვიძლია კამიუს დაყოფას მივუბრუნდეთ ამბოხების ტიპების თვალსაზრისით. იგი გამოჰყოფდა მეტაფიზიკურ, ისტორიულ და შემოქმედებით ამბოხს. მეტაფიზიკური ამბოხი გულისხმობს აბსოლუტური ღირებულებების ეჭვქვეშ დაყენებას და მიზნად ისახავს ნამდვილი იდეალების ძიებას. ისტორიული ამბოხი მიმართულია არსებული სოციალური წესების წინააღმდეგ. შემოქმედებითი კი ხელოვნების სფეროში ამბოხს ნიშნავს, რომელიც არსებული, ხელოვნებაში დამკვიდრებული ტრადიციებისა და კანონების დარღვევას გულისხმობს. შეიძლება ითქვას, რომ 60-იანების ამბოხმა ეს სამივე ეტაპი გაირა, რამდენად წარმატებულად, ეს უკვე სხვა საკითხია.

ეს უკვე მოხდა. ვეღარაფერს შევცვლით. რაც ახლა უნდა გვაინტერესებდეს, ისაა, რა დონით არის ჩვენი დროის ახალგაზრდა ადამიანი მეამბოხე და საერთოდ არის თუ არა ასეთი. ხშირად გაგვიგია ასეთი ფრაზები: ახალგაზრდული რადიკალიზმი, ახალგაზრდული მაქსიმალიზმი. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ეს თვისებები ყოველი ახალი თაობისთვის დამახასიათებელი იყოს. თითქოს, რადგან ახალგაზრდა ხარ, ამიტომ მეამბოხე და რადიკალი უნდა იყო. მაგრამ მუდმივად რადიკალად დარჩენა მაინც და მაინც მოსაწონი საქციელი არ არის ხოლმე, როგორც წესი. რაღაც ასაკის შემდეგ ახალგაზრდად აღარ ითვლები და, შესაბამისად, ეს რადიკალიზმიც აღარ მოგეთხოვება. ახლა შენ ხდები ის, ვისაც უნდა დაუპირისპირდნენ. ეს რაღაც ზოგადი წესივითაა, ტრადიციასავით. მაგრამ შეიძლება ჩვენს ეპოქაში ეს ტრადიცია დაიკარგა.

ჯგუფ The Who-ს კონცერტი. 1965
ამერიკელი ჟურნალისტი დევიდ ბრუქსი თავის ერთ-ერთ სტატიაში სწორედ ამ თემას ეხება. მან ერთგვარი კვლევა ჩაატარა, ესტუმრა სხვადასხვა ელიტურ უნივერსიტეტებს, ხვდებოდა ახალგაზრდებს და აკვირდებოდა სტუდენტურ ცხოვრებას. მისი დაკვირვებები საბოლოო ჯამში იმაზე მიუთითებს, რომ ეს ახალგაზრდები არ არიან მეამბოხეები, არ აქვთ მკვეთრად გამოხატული ინდივიდუალიზმის შეგრძნება და უფრო მეტად ჯგუფში მოთამაშეები არიან. პატივს სცემენ კანონებს, წესრიგს და ძალიან აღიზიანებთ, როდესაც ვინმე არღვევს მათ. ისინი არიან ძალიან შრომისმოყვარეები და ბრუქსი ამ და კიდევ მრავალი სხვა თვისების გამო მათ პროფესიონალ სტუდენტებს უწოდებს. რაც ყველაზე მნიშვნელოვნად მომეჩვენა, ისაა, რომ ეს ახალგაზრდები ავტორიტეტებს დიდ პატივს სცემენ და ძალიან იშვიათად თუ დააყენებენ მათ ფიგურებს ეჭვქვეშ. სინამდვილეში კი საიდან ჩნდება განსხვავებული აზრი, საიდან იწყება ამბოხება? ამ ყველაფრის საფუძველი ეჭვის შეტანაა. საფუძველი არის მუდმივად დასმა კითხვისა: ჭეშმარიტია ეს თუ მცდარი?

და თუ პარალელს გავავლებთ საქართველოსთან, არა მგონია, ამ თვალსაზრისით დღევანდელი ახალგაზრდობა ბრუქსის მიერ აღწერილი სტუდენტებისაგან დიდად განსხვავდებოდეს. მიუხედავად იმისა, რომ ზემოთ ნახსენები სტატიის ავტორი ძირითადად ელიტურ უნივერსიტეტებს სტუმრობდა, ის ამბობს, რომ სურათი, რაც იქ ნახა, არ არის მხოლოდ ამ ტიპის უნივერსიტეტების სტუდენტებისთვის დამახასიათებელი. ამბობს, რომ ასეთია ზოგადი მდგომარეობაც.

საერთოდ, ჩვენს ეპოქაში პროტესტის გამოხატვამ სხვა ფორმა მიიღო და სოციალური ქსელების სივრცეში გადმოინაცვლა. და ისიც საინტერესოა, ადამიანისთვის რა უფრო მნიშვნელოვანია: უბრალოდ პროტესტის გამოხატვა რაიმეს მიმართ თუ გამოხატვა და შედეგის მიღწევაც. შედეგის მიღწევა კი, ყველამ ვიცით, სოციალური ქსელის მეშვეობით ცოტათი რთული იქნება. ამისთვის ორგანიზებაა საჭირო, ჩამოყალიბება იმისა, თუ რას აპროტესტებ კონკრეტულად, თანამოაზრეების მხარდაჭერა და კიდევ მრავალი სხვა რამ. მაგრამ ერთი საკითხია აქ მნიშვნელოვანი: სად გადის ის ზღვარი, სადამდეც იდეისთვის შეგიძლია იბრძოლო? რისი გაღება, რისი დათმობა შეგიძლია? მაგრამ სანამ ზღვარის გავლებაზე დავიწყებდეთ საუბარს, იქამდე ხომ არ ჯობია იმაზე დავფიქრდეთ, რა შეიძლება იყოს ის იდეა, რის გარშემოც ქართველი სტუდენტები შეიძლება გაერთიანდნენ; ან საერთოდ არსებობს კი ასეთი იდეა? რეალურად ახალგაზრდებს ერთმანეთთან არც არაფერი აკავშირებთ. არ არსებობს წერტილი, რაც მათ წარსულში კრებს და შესაძლოა ამიტომაცაა, რომ ახლა, აწმყოშიც რთულია ასეთი წერტილის პოვნა. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ პროტესტის გრძნობა იკარგება და აღარ გამოიხატება. გამოიხატება, ზოგჯერ უფრო აქტიურად, ზოგჯერაც პასიურად, მაგრამ ეს არის ფრთხილი პროტესტი, ფრთხილი ამბოხება. ეს რეალისტების პროტესტია, რომლებიც არა შეუძლებელს, არამედ შესაძლებელს ითხოვენ.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მიშა მშვილდაძე

კომენტარები