ქალთა უფლებები

ომბუდსმენი GDS-ის გადაცემაზე: შეწყვიტეთ სექსიზმის ტირაჟირება

უჩა ნანუაშვილი

სახალხო დამცველი შეშფოთებას გამოთქვამს ტელეკომპანია GDS-ის გადაცემა ბინა 18-ის იმ გადაცემის გამო, სადაც მუსიკალური ჯგუფის წევრი ქალის სხეულს მუსიკალურ ინსტრუმენტად იყენებს. ომბუდსმენის თქმით, "ქალის სხეულის მუსიკალურ ინსტრუმენტთან გაიგივება შეურაცხმყოფელი და ღირსების შემლახველია არა მხოლოდ მონაწილე ქალების, არამედ მთლიანად საზოგადოებისათვის". უჩა ნანუაშვილი აღნიშნავს, რომ ქალის შეფასება მისი გარეგნული, ბიოლოგიური მახასიათებლებით, მისი ობიექტივიზაცია და „ნივთად წარმოჩენა“ წარმოადგენს სექსიზმს, რომელსაც დამანგრეველი შედეგების მოტანა შეუძლია ქალთა უფლებრივი მდგომარეობისათვის საქართველოში.

"დღეს, როდესაც საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობის მაღალი მაჩვენებელია, ქალები ყოველდღიურად განიცდიან ჩაგვრასა და უთანასწორო მოპყრობას ცხოვრების სხვადასხვა სფეროში, ხდებიან საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპული, სექსისტური შეხედულებების მსხვერპლნი, უჭირთ დაარღვიონ დუმილი და ისაუბრონ ძალადობაზე, შიშსა და დისკრიმინაციაზე, რომელსაც ისინი განიცდიან, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს არსებული მიდგომების ცვლილებას და არა მათ განმტკიცებას, რაშიც განუზომელია მედია საშუალებებისა და სამოქალაქო საზოგადოების როლი. ტელევიზია ინფორმაციის მთავარი და პირველადი წყაროა მოსახლეობის თითქმის ყველა ფენისთვის. შესაბამისად, მედია საშუალებების უზარმაზარი გავლენისა და როლის გათვალისწინებით საზოგადოებრივი ცნობიერების ჩამოყალიბებისა და ინფორმაციის გავრცელების პროცესში, მნიშვნელოვანია გავრცელებული ინფორმაცია არ იწვევდეს საზოგადოებაში სტერეოტიპების გაძლიერებას და არ შეიცავდეს ძალადობის წამახალისებელი და ქალის ობიექტივიზაციისაკენ მოწოდებებს. პირიქით, უკვე აშკარაა მედიის დიდი როლი ქალთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების საქმეში, და მნიშვნელოვანია მათი მხრიდან გამოყენებული იქნას ყველა საშუალება ამ პასუხისმგებლობის რეალური განხორციელებისათვის", - აცხადებს ომბუდსმენი და აღნიშნავს, რომ აუცილებელია, მედიასაშუალებებმა ხელი შეუწყონ ქალის როლის წარმოჩინებას მისი შემოქმედებითი პოტენციალის გათვალისწინებით. გამოხატონ პატივისცემა იმ საქმიანობისა და განუზომელი წვლილისათვის, რომელიც ქალებს შეაქვთ სახელმწიფოს დემოკრატიული განვითარების, სამართლიანობისა და თანასწორობის პრინციპების დამკვიდრების საკითხში.

"სახალხო დამცველი მოუწოდებს ყველა მედიასაშუალებას, გაითვალისწინონ საქართველოში ქალთა უფლებრივი მდგომარეობის კუთხით არსებული მდგომარეობა, ქალთა მიმართ ძალადობის მაღალი მაჩვენებელი და უთანასწორო მოპყრობა ცხოვრების სხვადასხვა სფეროში და ხელი შეუწყონ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, საზოგადოებაში ნულოვანი ტოლერანტობის ჩამოყალიბებას ქალთა შეურაცხმყოფელი კუთხით წარმოჩინების, ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე და შეწყვიტონ სექსიზმის ტირაჟირება", - ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში. 

კომენტარები