ვიზა ლიბერალიზაცია

პრემიერი: ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა შორეული პერსპექტივა არ არის

"ჩვენ ვიზა ლიბერალიზაციის გეგმასაც ვასრულებთ. ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა საქართველოს მოქალაქეებისათვის შორეული პერსპექტივა არ არის", - განაცხადა საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბათუმში, კონფერენციაზე - "საქართველოს ევროპული გზა" - სიტყვით გამოსვლისას და აღნიშნა, რომ ვიზა ლიბერალიზაციას საქართველოსთვის პოლიტიკური დატვირთვაც აქვს.

"აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობისათვის - ჩვენი აფხაზი და ოსი ძმებისთვის ჩვენი პასპორტები მომხიბვლელი გახდება", - თქვა ღარიბაშვილმა.

მისივე განცხადებით, ხელისუფლება ძალ-ღონეს არ დაიშურებს ყველა იმ რეფორმის გასატარებლად, რომლებიც საქართველოს ევროპასთან დააახლოებს.

"ჩვენ გვაქვს შთამბეჭდავი შედეგები ბევრ სხვადასხვა სფეროში, რაც არჩევნებზე კარგად წარმოჩინდა. ჩვენ უზრუნველვყოფთ სიტყვისა და მედიის თავისუფლებას, ასევე ბევრ სხვადასხვა უფლებასა და თავისუფლებას, რომელსაც სახელმწიფო მოკლებული იყო. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სასამართლოს ხალხის ნდობა და პატივისცემა უბრუნდება. ეს საჭიროა იმისთვის, რომ ჩვენ დამოუკიდებელი და სამართლიანი სასამართლო სისტემა ავაგოთ. კანონის წინაშე ყველა აბსოლუტურად თანაბარი იქნება. მინდა ხაზი გავუსვა ადამიანის უფლებათა კონცეფციას და ანტიდისკრიმინაციულ კანონს, რომელიც ჩვენი უცხოელი მრჩევლების რეკომენდაციების გათვალისწინებით გაკეთდა", - განაცხადა საქართველოს პრემიერმა.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის ელჩის საქართველოში ფილიპ დიმიტროვის განცხადებით, თუ ხელისუფლება ევროკავშირის განცხადებებს მეტ ყურადღებას დაუთმობს, "შესაძლოა თავიდან აიცილოს ის, რაც სხვა შემთხვევაში არასასიამოვნო სიურპრიზი შეიძლება აღმოჩნდეს". მისივე თქმით, ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა სხვა დანარჩენის, მათ შორის, ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის გარანტიებს არ ნიშნავს. ევროკავშირის ელჩმა ამ კონტექსტში გიგი უგულავას დაკავება და მისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების შემდეგ, სასამართლოსთან მომხდარი დაპირისპირება შეაფასა.

ბათუმში კონფერენცია "საქართველოს ევროპული გზა" მიმდინარეობს. მას საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან ერთდ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები და პოლიტიკისა და ეკონომიკის სპეციალისტები, ასეევ საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის წევრები და სახალხო დამცველი ესწრებიან. კონფერენცია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ალექსი პეტრიაშვილმა გახსნა. შემდეგ კი ფორუმის მონაწილეებს სიტყვით საქართველოს პრემიერმინისტრმა მიმართა. 

კომენტარები