ეკონომიკა

ეკონომიკური ზრდის პროგნოზი

რეალობაა თუ არაპროფესიონალიზმის მორიგი გამოვლინება?

საქართველოს მთავრობისა და მმართველი პარტიის კოალიციის წევრებში ერთგვარი ეიფორიაა შექმნილი საქართველოს მაკროეკონომიკურ პარამეტრებთან დაკავშირებით. იანვარ-თებერვალში დაფიქსირებული 7.5%-იანი ეკონომიკური ზრდა ქმნის დიდ მოლოდინებს, რომ ეკონომიკური ზრდის წლიური მაჩვენებელი არ ჩამოსცდება დაგეგმილ 5%-ს. ფინანსთა სამინისტრო საკუთარ არგუმენტებს ამყარებს 2014 წლის პირველ კვარტალში ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლებით, კერძოდ, 18331,2 მლნ ლარით, რაც 2013 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 78.1 მლნ ლარით აღემატება. იანვარ-თებერვალში, პერიოდში, რომელიც ტრადიციულად ითვლება მკვდარ თვეებად საქართველოში, აღინიშნებოდა ეკონომიკური სექტორის გამოცოცხლების ტენდენციები. დღგ-ის ბრუნვებმა 2013 წლის ანალოგიურ მაჩვენებლებთან შედარებით საგრძნობლად მოიმატა. ერთი შეხედვით, ასეთი კარგი დებიუტი თითქოს უნდა ქმნიდეს ოპტიმიზმის საფუძვლებს, რომ, როგორც იქნა, ეკონომიკამ თავი დააღწია პოლიტიკური ძალაუფლების ცვლილებით გამოწვეულ გაუგებარ 2-წლიან ჩავარდნას და ფინანსთა მინისტრის შარშანდელ ზაფხულს გაკეთებულ განცხადებასაც თუ მოვიშველიებთ, „დაიწყო საქართველოს ეკონომიკის ზრდის შეუქცევადი პროცესი".

თუმცა, სინამდვილეში, არც ისე მარტივად არის საქმე, როგორც ეს ზედაპირულად ჩანს. საშუალოსტატისტიკური ადამიანისთვის, რომელმაც არ იცის, თუ როგორ ფუნქციონირებს ეკონომიკა, ციფრები დამაბნეველია. ციფრებს შეუძლია სიცრუის ტირაჟირებაც და რეალობის წარმოჩენაც. ოცნების და ნაციონალების „ფალავნები" რომ დასხდებიან პირდაპირ ეთერში და დიდი შემართებით იწყებენ ეკონომიკურ რეალიებზე ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავი აზრების განვითარებას, მსჯელობის გასამყარებლად სწორედ სხვადასხვა სტატისტიკურ მასალას თუ ემპირიულ მონაცემებს იშველიებენ ეკონომიკური ზრდის, დასაქმების, ექსპორტ-იმპორტის, ინვესტიციების, ბიუჯეტის შესრულების, საგარეო ვალის თუ სხვა მაჩვენებლების შესახებ. ერთი ამტკიცებს, რომ ვითარება უმჯობესდება, ხოლო მეორე ამტკიცებს, რომ ეკონომიკა მცირდება. ლოგიკურია, ერთ-ერთის მსჯელობა სიმართლეს არ შეესაბამება, ხოლო მოყვანილი ციფრებით ხდება სიცრუის ტირაჟირება არა იმიტომ, რომ ციფრები მოგონილია, არამედ კონტექსტიდან არის ამოვარდნილი და არაფერი აქვს საერთო (ან არ არის საკმარისი) იმ დასკვნებთან, რომლის მიწოდებაც ასე დამაჯერებლად სურთ საზოგადოებისთვის. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მიზეზ-შედეგობრივი კავშირები არასწორია.

რა ხდება სინამდვილეში? მართლაც უნდა გვქონდეს ასეთი ოპტიმიზმი? მართლა დაიწყო ეკონომიკური ზრდის შეუქცევადი პროცესი საქართველოში? პირველ რიგში, დაფიქრება გვმართებს იმაზე, რომ ყველაფერი შედარებითია. როგორც წესი, კაპიტალი კლებადი უკუგებით ხასიათდება. როდესაც დანაზოგების რაოდენობა იზრდება, კაპიტალის დამატებით რაოდენობაზე დამატებით წარმოებული პროდუქციის სიდიდე მცირდება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მაღალი დანაზოგების პირობებში, დამატებითი კაპიტალის ერთი ერთეული მწარმოებლურობის დონეს ნაკლებად ზრდის. ამდენად, როდესაც დანაზოგები იზრდება, დამატებითი კაპიტალიდან მიღებული სარგებლობა მცირდება და ამიტომ ეკონომიკური ზრდაც ნელდება. შესაბამისად, ქვეყნის ეკონომიკა უფრო სწრაფად უნდა გაიზარდოს, თუ საწყისი წერტილი დაბალი დანაზოგები და სიღარიბეა. ასე რომ, გამონათქვამი – საქართველოს ეკონომიკა უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე დასავლეთ ევროპის და აშშ-ის – დამაბნეველი და არაფრის მომცემია.

მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დასადგენად, გვჭირდება მწარმოებლურობის მაჩვენებელი. კერძოდ, როგორ იყენებს ყოველი მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციას საშუალოსტატისტიკური ქართველი ევროპელთან ან ამერიკელთან შედარებით? მწარმოებლურობის მაჩვენებელს ბევრი სხვა ცვლადი განსაზღვრავს, რომელთა შორის უმთავრესია განათლების დონე. ამდენად, თუ ყველა ამ ფაქტორს მხედველობაში მივიღებთ, დავრწმუნდებით, რომ დაგეგმილი 5% დიდი მიღწევაა აშშ-ის, ევროპის და იაპონიის ეკონომიკისთვის, თვით ჩინეთისთვისაც კი ნორმალური შედეგია, მაგრამ საქართველოსთვის, ისევე როგორც სომხეთის, უკრაინისა და მსგავსი კაპიტალის მოცულობის მქონე სხვა ქვეყნებისთვის, ეს წარუმატებლობაა, ხოლო ინვესტორისათვის არაფრის მთქმელია. შესაბამისად, თუ წლის ბოლოს, საქართველოში, მართლაც დაფიქსირდება 5%-იანი ზრდის ტემპი, ეს ფაქტი ეკონომიკურ მიღწევად ვერ ჩაითვლება.

აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ხშირად, ხელისუფლების წარმომადგენლები ეკონომიკის სფეროში განვითარებულ დადებით ტენდენციებს საკუთარ დამსახურებად მიიჩნევენ, ხოლო უარყოფით შედეგებს აბრალებენ წინა ხელისუფლებას ან იდუმალ საერთაშორისო ძალებს. ბუნებრივია, ხელისუფლების ქმედებებსა და ეკონომიკის ფუნქციონირებას შორის კორელაცია ნამდვილად არსებობს, რადგან სახელმწიფო თავისი ფისკალური და მონეტარული ინსტრუმენტებით, რეგულაციებით და სხვა უამრავი მეთოდის გამოყენებით ზეგავლენას ახდენს ეკონომიკური გარიგებების შინაარსზე და თავადაც ერთვება ამ გარიგებებში. თუმცა, დაფიქრება ასევე გვმართებს იმაზეც, რომ მიზეზსა და შედეგს ერთმანეთთან აკავშირებს დროის ფაქტორი და დამოკიდებულების ხარისხი.

პოლიტიკური გადაწყვეტილებები ეკონომიკაზე ზემოქმედებენ დაგვიანებით. მაგალითად, 2004 წელს საქართველოში წარმოებული ეკონომიკური რეფორმები 2006-2007 წლების 10%-იან ეკონომიკურ ზრდაში აისახა. თუმცა რუსეთ-საქართველოს ომმა, გლობალურმა ეკონომიკურმა კრიზისმა, პოლიტიკური ძალაუფლების ცვლილებამ და კერძო საკუთრების დაცვის საკითხებში წარმოქმნილმა პრობლემებმა უარყოფითი ზეგავლენა მოახდინა 2009-2013 წლების ეკონომიკაზე. ამდენად, ის, რაც დღეს ხდება, უმეტესწილად არის წარსულში მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილებების შედეგი, ხოლო 2012-2013 წლებში განხორციელებული პოლიტიკის სრული შედეგები გამოვლინდება 2-3 წლის შემდეგ.

გარდა ამისა, მხედველობაში უნდა მივიღოთ კიდევ ერთი და ყველაზე მთავარი ფაქტორი – თამაშის არსებული წესების მიხედვით, ხელისუფლების მონაწილეობა ეკონომიკაში შეზღუდულია. სახელმწიფოს მხოლოდ მშპ-ის 25%-ის გადანაწილება შეუძლია. ასე რომ, თუ ეკონომიკა იზრდება, აქ ლომის წილი მწარმოებლურობაზე მოდის. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ყველა თანაბარ პირობებში, ურთიერთსარგებლიანი ეკონომიკური გარიგებების შინაარსი იხვეწება, რომელშიც ჩართულია საზოგადოების ყველა წევრი ინვესტორითა და მეწარმით დაწყებული და დამლაგებლით დასრულებული. ანუ, მეწარმე უფრო საინტერესო პროექტების განვითარებას ახერხებს, ხოლო დამლაგებელი – დროის ერთეულში უფრო მეტი ფართობის დასუფთავებას.

ამდენად, მხედველობაში აუცილებლად უნდა მივიღოთ კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც გამომდინარეობს აღნიშნული მსჯელობიდან, რომ ხელისუფლებას ეკონომიკაზე დამანგრეველი გავლენის მოხდენა შეუძლია, მაგრამ ეკონომიკის ზრდის საკითხში მისი როლი უმნიშვნელოა. როდესაც ლაპარაკობენ ეკონომიკის ზრდაზე, იქ ხელისუფლების მიღწევებზე ნაკლებად საუბრობენ. მაშინ, როდესაც ეკონომიკის ზრდის დაჩქარებაში ძალზე უმნიშვნელო როლს თამაშობს, მთავრობის პასუხისმგებლობას ნამდვილად წარმოადგენს ეკონომიკური მაჩვენებლების სწორი პროგნოზირება. მის განკარგულებაშია ყველა საჭირო და მათ შორის კომერციული საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია იმისთვის, რომ გარკვეულ დიაპაზონში მაინც, ზუსტად დაადგინოს, თუ რა მიმართულებით წავა ეკონომიკა უახლოესი წლების განმავლობაში.

2013 წლის დასაწყისში გაცხადებულმა 6%-ის წინასწარმეტყველებამ არ გაამართლა და ბიუჯეტიც 700 მლნ ლარით გაირღვა, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობის მაღალი თანამდებობის პირები ჯერ კიდევ აგვისტოს თვეში არაფრად აგდებდნენ საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის მოკრძალებულ 4%-ს და გვარწმუნებდნენ, რომ დაგეგმილი პარამეტრები სრულდებოდა. რბილად რომ ვთქვათ, ეს არაპროფესიონალიზმის დემონსტრირების საუკეთესო მაგალითი იყო. იმით დათრგუნული, რომ საზოგადოება უცოდინრობაში სდებდა ბრალს, მთავრობა ისე შეაგულიანა იანვარ-თებერვლის 7.4%-ის ეკონომიკური ზრდის აჟიოტაჟმა და 2013 წლის ანალოგიურ მაჩვენებლებთან შედარებით ბიუჯეტის შესრულების საშემოსავლო ნაწილის 78.1 მლნ ლარით გადაჭარბებამ, რომ 5%-იანი ფსონი 6%-მდე გაზარდა. თუმცა, აპრილის თვეში მოკრძალებულმა 2.7%-მა ზოგიერთი თანამდებობის პირი იმდენად დააბნია, რომ ყველაფერი კაზინოებში დახარჯული ფულის კლებას დააბრალა (ფინანსთა მინისტრის განცხადება). იმისთვის, რომ იანვარ-თებერვლის 7.4% კარგად გავიაზროთ, აუცილებლად უნდა გავაანალიზოთ ის „ფოკუს-მოკუსი", რომელიც ხელისუფლებამ საზოგადოებას 2013 წლის ნოემბერ-დეკემბერში შესთავაზა.

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 2011 წლის ნოემბერთან შედარებით, თითქმის 3%-ით შეამცირა. ეროვნული ბანკის პოლიტიკა ემსახურებოდა ერთობლივი მოთხოვნის გაზრდას. შედეგად, გამოყენებულ იქნა მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტები, რასაც უნდა ებიძგა ფულის მიწოდების ზრდისკენ ნომინალური საპროცენტო განაკვეთის შემცირების ხარჯზე. ყველაზე საყურადღებო კი ის არის, რომ სახელმწიფომ გასული წლის ბოლოს წინასწარ გასწია უპრეცედენტოდ მაღალი ხარჯები, მათ შორის ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც. ხოლო შედეგად, ყველასათვის მოულოდნელად, გასული წლის ბოლო თვეებში ლარის მასა საგრძნობლად გაიზარდა.

ფული ლიკვიდური აქტივია და როდესაც ფულის მოცულობა ნებისმიერი კერძო ფირმის აქტივის ღირებულებაში იზრდება, ეს არის იმის ნიშანი, რომ კომპანიის მოგება იზრდება, ან რაიმე აქტივი ფულზე იცვლება, ან/და ხდება დამატებით კაპიტალის მოზიდვა. ამ დროს, როგორც წესი, ფულის ხარჯვაც შესაბამისად იზრდება (მაგ. დივიდენდების, პრემიების გაცემა, რეინვესტირება და სხვა). მაშასადამე, აქტივის ღირებულება უცვლელია ან იზრდება ვალდებულების ან/და საკუთარი კაპიტალის ზრდის ხარჯზე. თუმცა, როდესაც ეკონომიკაში ფულის მასა იზრდება არაეკონომიკური ზრდის მოტივებით, აქტივის საერთო ღირებულება უცვლელი რჩება არა იმიტომ, რომ სხვა აქტივის დათმობა ხდება ფულის სანაცვლოდ, არამედ იმიტომ, რომ დანარჩენი აქტივების საერთო ღირებულება მცირდება. ეს რომ ასე არ იყოს, საბალანსო წონასწორობა ვერ დამყარდება.

ფულის გაბევრებას შეუძლია დროებითი აჟიოტაჟის შექმნა, მაგრამ ეკონომიკის საერთო მდგომარეობა ამით არ იცვლება. დასაწყისში, როდესაც დიდი ფულის მასა მიაწვება ბაზარს, უფრო მეტი ფული იხარჯება და მეტი შესყიდვები ხორციელდება, ვიდრე ეს მანამდე ხდებოდა, მაგრამ როდესაც აღმოჩნდება, რომ დანარჩენი აქტივების საერთო ღირებულება შემცირდა, ეიფორიულ ძალას მოჰყვება პროპორციული უკუძალა, რადგან „მისი უდიდებულესობა" საბალანსო წონასწორობა არ იცვლება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენ ვსაუბრობთ იმ სიტუაციაზე, როდესაც პოლიტიკური გადაწყვეტილებების შედეგები ეკონომიკის საერთო მდგომარეობაზე მოგვიანებით აისახება. თუმცა, მანამდე იქმნება ე.წ. მოჩვენებითი ეკონომიკური ზრდა (ეიფორია). პრინციპში, მაკროეკონომიკური სურათი საბოლოო ჯამში არ იცვლება, მაგრამ ეს ფაქტორი თავის უარყოფით გავლენას გარდაუვლად ახდენს მომავალ ბიზნესგარიგებებზე და, მაშასადამე, თითოეული ადამიანის მომავალ კეთილდღეობაზეც. პირველი კვარტლის 7.4% რომ არის ფულის მასის ზრდით მიღებული „ფოკუს-მოკუსი", ამას შემდეგი მსჯელობაც ადასტურებს:

1. ლარი ბოლო ოთხი თვის განმავლობაში თითქმის 0.1 პუნქტით გაუფასურდა. მარტივად რომ ავხსნათ, ლარსა და სხვა ვალუტას შორის გაცვლით კურსს განაპირობებს ეკონომიკაში არსებული ეროვნული და უცხოური ვალუტების რაოდენობა. მოულოდნელად ლარის მიწოდება გაიზარდა და ამიტომაც გაუფასურდა;

2. აპრილში 3,4 პროცენტით გაიზარდა სამომხმარებლო ფასები, სურსათზე ფასების საერთო დონემ 8,2 პროცენტით მოიმატა. მცირე მატება დაფიქსირდა ბენზინსა და დიზელის საწვავზე;

3. საგარეო სექტორში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 5,6 პროცენტით გაუარესდა წმინდა ექსპორტის სიდიდე. ექსპორტი კი გაიზარდა, მაგრამ იმპორტმა კიდევ უფრო მეტად მოიმატა;

4. აღსანიაშნავია, რომ 30%-ით არის შემცირებული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტი. ეს ძალზე დამაფიქრებელი ინდიკატორია;

5. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის ცვლილება, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით: თუ მარტის თვეში დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა 19,6 პროცენტით გაიზარდა, ეს მონაცემი აპრილში 4,8 პროცენტამდე შემცირდა.

6. მხოლოდ ბიზნესსექტორში, 2014 წლის პირველ კვარტალში 2013 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით, დასაქმებულთა რიცხვი 23,332 ადამიანით შემცირდა. რამდენად რელევანტურია ეს მაჩვენებელი 7.4%-იან ეკონომიკურ ზრდასთან თუ არა ჩვენ მიერ უკვე გაანალიზებულ „ფოკუს-მოკუსთან"?

დაბოლოს, სტატიის დასაწყისში მოტანილი ციფრები გადავიყვანოთ აშშ დოლარებში შესაბამისი პერიოდების კურსით და ადვილად დავრწმუნდებით, რომ არანაირ 5%-ს და მით უფრო 6%-ს 2014 წელს არ უნდა ველოდოთ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ პირველ კვარტალში 7.4%-იანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა და ნომინალურმა საბიუჯეტო შემოსავლებმაც 2013 წლის ანალოგიურ მაჩვენებლებთან შედარებით მოიმატა.

კომენტარები