სანდრა რულოვსი

სანდრა ელისაბედ რულოვსი

10 წელი თითის წვერებზე ვიარე

რამდენიმე თვის წინ, ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი და მისი 8 წლის ვაჟი ნიკოლოზი, Free Birds-ის ნახვით მიღებულ შთაბეჭდილებებს უზიარებდნენ ერთმანეთს. ანიმაციურ კომედიაში რამდენიმე ინდაური წარსულში დაბრუნდება იმ მიზნით, რომ ინდაური გააქროს მადლიერების დღის მენიუდან. სანდრამ ნიკოლოზს ჰკითხა, სად წავიდოდა, დროის მანქანა რომ ჰქონდეს და შეეძლოს ფარაონების ეგვიპტეში ან მეფე არტურის მრგვალი მაგიდის რაინდებთან ერთად მოგზაურობა. ნიკოლოზმა 10 წლით უკან დაბრუნება არჩია – „მამა რომ ისევ პრეზიდენტი იყოს. 10 წლის შემდეგ, ისევ 10 წლით უკან დავბრუნდებოდი".

რთული დასაჯერებელია, რომ ყოფილი პირველი ლედი საქართველოში დარჩა და თბილისის ცენტრში, მოკრძალებულ ბინაში ცხოვრობს. ერთადერთი განსხვავება მის და რიგითი მოქალაქის ბინას შორის, სახლთან მდგომი სახელმწიფო დაცვის ორი-სამი თანამშრომელია. საქართველოს კონსტიტუციით ასეა განსაზღვრული.

„ხალხს უკვირს როცა მხედავენ, ჰგონიათ, წასული ვარ, – ამბობს პირველი ლედი სიცილით, – იბნევიან, არ იციან – ფოტო გადაიღონ, გამამხნეონ, კითხვები დამისვან, შემაქონ, რომ მამაცურად დავრჩი, მადლობა გადამიხადონ ყველაფრისთვის, რაც წლების განმავლობაში ვაკეთე, თუ უბრალოდ დაინტერესდნენ, რატომ არ „მივეთრევი აქედან". ამ ემოციებს შორის არიან გაჭედილნი და ეს მათ სახეებზე იოლად იკითხება".

ამის მიუხედავად, სანდრას სჯერა, რომ ხალხისთვის კარგია, როდესაც მას ქუჩაში ხედავენ და აცნობიერებენ, რომ არსად გარბის. „კმაყოფილი ვარ, რომ ასე მოვიქეცი, გარკვეულწილად მეამაყება კიდეც, თუმცა მადლიერიც ვარ, რომ ასე მოქცევის შესაძლებლობა მაქვს". მადლიერია იმიტომ, რომ მისი ქმრისთვის ქუჩაში სიარული ისეთი იოლი არ არის, როგორიც მისთვის.

სანდრა მიიჩნევს, რომ მასსა და დღეს ქვეყნის სათავეში მყოფებს შორის ერთ-ერთი განსხვავება ისაა, რომ თავად მზად იყო ხელისუფლებაში მოსვლისთვის – „რა თქმა უნდა, გამიკვირდა, რომ უცბად საქართველოს პირველი ლედი გავხდი, მაგრამ, მეორე მხრივ, მზად ვიყავი – იმ თვალსაზრისით, რომ გამოცდილება მქონდა. მანამდე საკუთარი თავი ბიზნესშიც ვცადე, ვიყავი დიპლომატიურ სამსახურში, ვმუშაობდი ჰუმანიტარულ ორგანიზაციებში".

დღეს სანდრას აღარ უწევს პირველი ლედის რანგში საუბარი. ის, როგორც სანდრა, ისე საუბრობს და გასაოცრად პირდაპირია. „10 წელი თითის წვერებზე ვიარე. ყოველთვის მზად უნდა ვყოფილიყავი, 24 საათის განმავლობაში. უნდა მოვრგებოდი ყველაფერს, იმიტომ რომ ჩემი ქმარი ძალიან სპონტანური იყო, ბოლო წუთს შეეძლო მიეღო ან შეეცვალა გადაწყვეტილება".

ყოფილ პრეზიდენტს დიდად არ უხარია, რომ მისი მეუღლე იმ ქვეყანაში ცხოვრობს, სადაც მას ჩასვლა არ შეუძლია. საქართველო და რუსეთი – ეს ის ქვეყნებია, სადაც სააკაშვილს ჩასვლის შემთხვევაში დააპატიმრებენ. მაგრამ ეს გადაწყვეტილება უმცროსი ვაჟის, ნიკოლოზის გამო მიიღეს.

„8 წლის ნიკუშასთვის მნიშვნელოვანია, რომ თინეიჯერობის წლები საქართველოში გაატაროს და აღიზარდოს ისე, როგორც რიგითი ქართველი", – მიყვება სანდრა, თან ნიკოლოზის მიერ ვიოლინოზე შესრულებულ მოკლე კომპოზიციას ვუსმენთ, მანამ, სანამ „მევიოლინე" რაგბის ვარჯიშზე წავა.

„ძალიან მუსიკალური ოჯახი ვართ", – ამბობს სანდრა და ნიკოლოზზე თხრობას აგრძელებს, რომელიც სპორტისა და მუსიკის გარდა, უცხო ენებსაც ეუფლება. „ტვინში ენისა და მუსიკის არეები ერთსა და იმავე ნახევარსფეროში არ არის, მაგრამ ერთმანეთის გვერდითაა". მე მინდა ვუთხრა, რომ მისი შვილი ვერასოდეს იქნება „რიგითი ქართველი" და ეს მისი არჩევანი არ არის – მამამისი პოლიტიკური დევნილია საკუთარ ქვეყანაში და გმირი უკრაინაში. ეს ფაქტი ნიკუშას „რიგითობას" გამორიცხავს.

„ვფიქრობ, ნიკოლოზისთვის კატასტროფა იქნება, უცებ რომ მოუწიოს სხვა ქვეყანაში გადაბარგება, სხვა სკოლაში სწავლა, მეგობრებთან კავშირის გაწყვეტა". სანდრა ფიქრობს, რომ მისი შვილი იმსახურებს, გაიზარდოს ქართველად და არავის მისცემს უფლებას, მის შვილს ეს შესაძლებლობა წაართვას, მიუხედავად იმისა, რომ ყოფილი პირველი ლედისთვის საქართველოში ცხოვრება მარტივი არ არის.

დღეს სანდრა ქართველებს უფრო მეტად უყვართ, ვიდრე მისი ქმარი. ის პოპულარულია. გასაკვირი არ არის, რომ საქართველოს მთავრობას ურჩევნია სანდრაც გადაიხვეწოს, თუმცა ის ჯერ არ გამხდარა პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდების ან წნეხის მსხვერპლი. მთავარი მიზეზი ალბათ ისაა, რომ ხალხის დიდი უმრავლესობა ვერც კი ხვდება, რაში შეიძლება მისი დადანაშაულება, არათუ დაპატიმრება.

იმავეს ვერ ვიტყვით მის ქმარზე, რომლის დაკითხვაც პროკურატურას სისხლის სამართლის 10 საქმეზე სურს. სააკაშვილმა პროკურატურის მოთხოვნას პოლიტიკურად მოტივირებული ინტრიგა უწოდა და დაკითხვაზე უარი განაცხადა.

ამ ყველაფრის მიუხედავად, რაც უნდა გასაკვირი იყოს, პირველი ლედი გამწარებული არ არის. ის არ ამართლებს ხელისუფლების გადაწყვეტილებებს, მაგრამ ბრაზზე მეტად გულისტკივილს გამოხატავს – სურს, რომ ძალაუფლებაში მყოფებმა ისეთი გადაწყვეტილებები არ მიიღონ, რაც ქვეყნის ინტერესებს დააზარალებს. „აქ ცხოვრება ჩემთვის პრობლემა არ არის, თუმცა არც იოლია. 10 წელი რომ ხელისუფლებასთან მჭიდრო კავშირში ხარ, პროცესები ხელისგულზე გაქვს, ზემოდან ხედავ, იცი, როგორ რეფორმირდება ესა თუ ის სფერო. ხედავ იმას, რის შესახებაც რამდენიმე წლით ადრე არაფერი იცოდი. დღეს ვუყურებ და რთული შესამჩნევი არ არის, რომ ის მიმართულებები, რაც მაინტერესებდა, ისე აღარ ვითარდება, როგორც ადრე. ბევრი რამ გზას აცდა, კონტროლს აღარ ექვემდებარება. მაგრამ იმედი მაქვს, რომ საბოლოო ჯამში ხელისუფლება იპოვის საკუთარ გზას".

სანდრა რულოვსი, როგორც ადამიანი და არა პირველი ლედი, ახერხებს, რომ პოლიტიკის მიღმა დარჩეს. მიუხედავად იმისა, რომ დაქორწინებულია კაცზე, ვინც ბოლო ათი წლის განმავლობაში წარმოადგენდა არა მხოლოდ ქართული პოლიტიკის, არამედ პოსტსაბჭოთა რეფორმების ერთგვარ სიმბოლოს. მას გულით სურს საუკეთესო მომავალი საქართველოსთვის. მიუხედავად იმისა, ვინ არის ხელისუფლებაში, წარმატებებს უსურვებს. მაგრამ, ამავდროულად, ხედავს იმ გამოწვევებს, რომელთა წინაშეც ქართველი ხალხი დგას და პროგრესის ნაკლებობა აღელვებს.

„ყველაზე რთული ახალი მთავრობის ბევრი წევრისთვის, ჩემი გადმოსახედიდან, ის არის, რომ მათი დიდი ნაწილი მოულოდნელად აღმოჩნდა მაღალ თანამდებობებზე. უცაბედი ნახტომი გამოუვიდათ. როგორც წესი, თანამდებობას შეჩვევა სჭირდება, კავშირები, ცოდნა, ნდობა. ცხადია, ეტაპობრივი ზრდა უკეთესია. ჯერ ხელისუფლების რომელიმე სტრუქტურაში მუშაობ, აგროვებ გამოცდილებას, შემდეგ დეპარტამენტის უფროსი ხდები, მერე მინისტრი და ა. შ. ამ შემთხვევაში მთავრობის ყველა წევრი არა, მაგრამ მათი დიდი ნაწილი უცბად აღმოჩნდა სამთავრობო თანამდებობებზე და ძალიან რთული გადაწყვეტილებების მიღებაც უწევთ. რთული რეფორმების გატარება. როგორც უკვე ვთქვი, ეს ძალიან ძნელია, მაგრამ შეუძლებელი არ არის. იმედია, ისწავლიან და იპოვიან გზას, როგორ მოიქცნენ. ამის შემდეგ იქნება რეფორმებიც. თუმცა ამას დრო სჭირდება და სანამ დრო გადის, იმ ადამიანების ინტერესები ზარალდება, რომლებიც ახლა ხელისუფლების ქმედებებზე არიან დამოკიდებულნი.

უკვე თითქმის ორი წელია, თითქოს ყველაფერი ჰაერშია გამოკიდებული. გაურკვეველია, საით მივდივართ – მარჯვნივ, მარცხნივ, წინ, უკან. არავინ იცის.

ძალიან ბევრი მეგობარი დავკარგე. ბევრისგან არ ველოდი, რომ იმას იტყოდნენ, რაც საჯაროდ თქვეს. ბევრმა ადამიანმა მაჩვენა თავისი რეალური სახე, ზოგ შემთხვევაში მე ჩამოვხსენი ნიღაბი, ზოგჯერ თავად ჩამოიხსნეს. არსებობენ ისეთი ადამიანებიც, რომლებიც უცებ დადუმდნენ, არც მეილი, არც ზარი, არც დღესასწაულის მოლოცვა. როგორც მამაჩემმა მითხრა, ისინი პირველი ლედის მეგობრები იყვნენ და არა ჩემი.

განვითარებული მოვლენები უცაბედ ცვლილებას წარმოადგენდა წევრთა დიდი უმრავლესობის კარიერაში, უცაბედ ნახტომს. რაღაც ტენდენციები არსებობს, მაგრამ ძირითადად გაურკვევლობაა. ამ გაურკვევლობაში ხალხი იტანჯება.

გასაგებია, რომ ყველა ახალ მთავრობას ძალაუფლების მორგებისთვის დრო სჭირდება, მაგრამ დრო ქართველებს ცოტა აქვთ. მათ სწრაფი განვითარება სჭირდებათ, სწრაფი მოქმედებები არ ჩანს და ეს ძალიან სამწუხაროა".

ის ხალხი, ვინც სანდრას დანახვით გამოწვეულ დაბნეულობას უმკლავდება, ძირითადად ორ კითხვაზე სთხოვს პასუხს – გახდება თუ არა სააკაშვილი უკრაინის ახალი პრეზიდენტის გუნდის წევრი და თავად თუ უფიქრია პოლიტიკაში მოსვლაზე.

ყოფილი პირველი ლედი თვლის, რომ მიშა თავად არ იქნება უკრაინაში ოფიციალურ პოსტზე, თუმცა მისი გუნდის წევრები იმუშავებენ კონსულტანტებად და მრჩევლებად. „მე ჩემი ქმარი ყოველთვის საერთაშორისო მასშტაბის პოლიტიკოსად მიმაჩნდა – არ მიკვირს, რომ უკრაინის პრეზიდენტს მისი რჩევები აინტერესებს. მეორე მხრივ, ოკეანის მიღმაც ბევრი საქმე აქვს. თუმცა, რასაც უნდა აკეთებდეს, პირდაპირ ან არაპირდაპირ ყოველთვის საქართველოსთან იქნება კავშირში".

რაც შეეხება სანდრას პოლიტიკოსობას, ყოფილი პირველი ლედი მეუბნება, რომ სხვებს უფიქრიათ ამაზე, თუმცა თვითონ უარზეა. „ზოგიერთი ძალიან სერიოზულად ცდილობდა ჩემს დარწმუნებას, მაგრამ არ გამოუვიდათ. ოდნავაც არ მიორჭოფია. პოლიტიკა ჩემში არ არის. მისი უარყოფითი მხარეები საკმარისზე მეტად ვნახე. ჩემთვის პოლიტიკა მოკლევადიან ხედვას მოითხოვს. მე უფრო საშუალო ან გრძელ მანძილზე ყურება მირჩევნია. როცა პოლიტიკოსი ხარ, ხშირად სწრაფი არჩევანია გასაკეთებელი ცუდს კი არა, უარესს და კიდევ უფრო უარესს შორის. მე, როგორც ადამიანი, ამას ვერ გავუძლებდი. ჩემი თავის გვერდზე გადადება და მხოლოდ შედეგების გათვლაზე ორიენტაცია, რეიტინგებისა და პოლიტიკური ტენდენციების მხედველობაში მიღება დამჭირდებოდა. ასე აუცილებლად ჩემს თავს დავკარგავდი. ანუ, მე შემიძლია პოლიტიკაში ვიყო, მაგრამ რაც ვარ, ის ვერ ვიქნები – ამად კი ნამდვილად არ მიღირს".

„აი, ჩემი ქმარი თვითონაა პოლიტიკა, – აგრძელებს სიცილით, – მას ახალი გამოწვევები აქვს, საერთაშორისო პოლიტიკური კარიერა. ბევრს მოგზაურობს, განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპაში, ლექციებს კითხულობს ამერიკაში. ვიცი, რომ წერასაც აპირებს. ვფიქრობ, ის თავისუფალი აღმოსავლეთ ევროპის სიმბოლო გახდა და შუქურას როლს ასრულებს ბევრი აზიური და ცენტრალურევროპული სახელმწიფოსთვის. მათთვის, ვინც საქართველოს უყურებს, როგორც წარმატებული რეფორმების მაგალითს და გამოცდილების გაზიარება სურთ. მიშას შორსმიმავალი გეგმები აქვს. პოლიტიკოსი არ იქნებოდა, ასე რომ არ იყოს. მისი მისია ნამდვილად გაგრძელდება, არ ვიცი რა ფორმით, მაგრამ გაგრძელდება. მისი ცხოვრების პროექტია საქართველოს თავისუფლება და განვითარება, ამაზე უარს არასდროს იტყვის და ყველაფერს იზამს, რომ ჩანაფიქრი აასრულოს".

ყოფილი პირველი ლედი მიიჩნევს, რომ ყველაზე მთავარია ადამიანებმა დაინახონ, რომ მიშამ გაკვეთილი ისწავლა. „მან უნდა აჩვენოს ყველას, რომ უკეთ შეუძლია თავი გაართვას ყველაფერს. ეს, რა თქმა უნდა, გამოწვევაა, ამისთვის დროა საჭირო და დროს კარგად იყენებს. აანალიზებს, სწავლობს... იყურება როგორც უკან, ისე წინ".

სესილია სარკოზი და სანდრა რულოვსი. პარიზი 2007
სანდრა ამბობს, რომ ყოფილი პრეზიდენტი აქტიურად თანამშრომლობს თავის პარტიასთან და უცხოეთიდან ყურადღებით ადევნებს თვალს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს – „ეს მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდია, შორიდან განსხვავებულად ხედავ ყველაფერს. ამაში მაშინ დავრწმუნდი, როდესაც თვრამეტი წლისამ ნიდერლანდები დავტოვე და ბელგიაში წავედი სასწავლებლად ოთხი წლით. მუშაობა ბელგიაშივე გავაგრძელე, შემდეგ ამერიკაში გადავედი. მეჩვენება, რომ რაც უფრო ხშირად გადიხარ საზღვრებს გარეთ, მით უკეთ სწავლობ შენს ქვეყანას, იმიტომ რომ შედარების შესაძლებლობა გეძლევა, ნებისმიერი ახალი გამოცდილებიდან შეიძლება ისწავლო ბევრი შენი სამშობლოსა და ფესვების შესახებ".

ყოფილი პირველი ლედი ამბობს, რომ მისთვის ყველაზე გულსატკენი არა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში განცდილი პოლიტიკური მარცხი, არამედ პერსონალური იმედგაცრუებაა. „არ ვიცი, შეიძლება გარედან ჩანს, რომ ძლიერი ვარ, მაგრამ, რა თქმა უნდა, მეც მაქვს ჩემი სუსტი წერტილები. ძალიან ბევრი მეგობარი დავკარგე. ბევრისგან არ ველოდი, რომ იმას იტყოდნენ, რაც საჯაროდ თქვეს. ბევრმა ადამიანმა მაჩვენა თავისი რეალური სახე, ზოგ შემთხვევაში მე ჩამოვხსენი ნიღაბი, ზოგჯერ თავად ჩამოიხსნეს. არსებობენ ისეთი ადამიანებიც, რომლებიც უცებ დადუმდნენ, არც მეილი, არც ზარი, არც დღესასწაულის მოლოცვა. როგორც მამაჩემმა მითხრა, ისინი პირველი ლედის მეგობრები იყვნენ და არა ჩემი. ბევრი მათგანი გაქრა. შევეგუე, მაგრამ მტკივნეულია, იმიტომ რომ მეგონა, გულწრფელი მეგობრები იყვნენ, გულწრფელად უჭერდნენ მხარს ჩემს პროექტებს, ჩემს ოჯახს და ჩვენს ამბიციებს საქართველოსთან დაკავშირებით. ზოგიერთი პოლიტიკაში მოვიდა და სხვა მხარეს აღმოჩნდა".

პირველი ლედი ცდილობს, ამაში პოზიტიური მხარეც დაინახოს, ახალ ამბებს უყურებს და აცნობიერებს, რომ ის ადამიანები, ვინც მას წირავენ, არც არასდროს ყოფილან მისი მეგობრები.

„თუ ნამდვილი მეგობარი ხარ, ოჯახის გულწრფელი მეგობარი და პოლიტიკაში ერთვები, რატომ არ მოდიხარ და პირდაპირ არ მიზიარებ შენს შეხედულებებს? ეს უფრო სწორი არ არის, ვიდრე პირდაპირ ტელევიზიით გამოჩენა და ჩემი ქმრის და მისი ხელისუფლების დადანაშაულება? ეს მტკივნეულია. ეს იყო ყველაზე რთული. აქედან ვისწავლე ბევრი რამ საკუთარი თავის შესახებ – ალბათ ძალიან მიმნდობი ვიყავი, რადგან მეგონა, რომ ეს ყველაფერი სანდრასთან უფრო იყო დაკავშირებული, ვიდრე პირველ ლედისთან. ასეთ ადამიანებს საქართველოში მედროვეებს ვეძახით".

როგორც ჩანს, ამაზე ხშირად ფიქრობს – „ნეტავ არ იციან ადამიანებმა, რომ დროსთან ერთად შესაძლოა ყველაფერი შეიცვალოს?". ის ყველაფერს თავისი ხასიათის სისუსტეს უკავშირებს. ამბობს, რომ ისეთი „მეგობრებიც" ჰყავს, რომლებიც სთხოვენ, გვიანობამდე არ ეწვიოს, მეზობლებს რომ არ მოხვდეს თვალში. „არ ვხუმრობ, მაგრამ ჩემი ქმრის შემთხვევაში ასჯერ უარესია ვითარება... მისთვის ძალიან რთულია".

თუმცა სააკაშვილი ამისთვის მზად იყო, როდესაც ბრძოლა დაიწყო, უფრო ადრე, ვიდრე 2003 წლის ვარდების რევოლუცია მოხდებოდა. აღნიშვნის ღირსია ისიც, რომ ბევრმა მხოლოდ რამდენიმე თვის წინ შეიტყო ამ ბრძოლის არსი – მაშინ, როდესაც რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა. ბევრი დასავლეთში მაშინ მიხვდა, რისთვის იბრძოდა მიშა.

როგორც სანდრა ამბობს, უკრაინა მიშასთვის ახალი გამოწვევაა. „უკრაინის კრიზისი საქართველოსთან მიმართებით ახალ პერსპექტივას აჩენს. ამან საქართველოს ახალი მთავრობაც კი აიძულა, რუსეთთან დაკავშირებით რიტორიკა შეეცვალა. ყოველ შემთხვევაში, მათ შეწყვიტეს იმის ძახილი, რომ ომი ჩვენ დავიწყეთ". სანდრა იღიმის და თავმდაბლად ამატებს – „ალბათ მეც მებრძოლი ვარ, ოღონდ ჩემებურად".
ცოტა ახერხებს, ძალაუფლებასთან ახლოს ყოფნა სიკეთის თესვისთვის გამოიყენოს. სანდრამ ეს შეძლო. ყოფილ პრეზიდენტს ხშირად აკრიტიკებენ ჯანდაცვის სისტემისთვის არასაკმარისი ყურადღების დათმობის გამო, თუმცა მისმა მეუღლემ საკუთარი კარიერა ჯანდაცვის გაუმჯობესებას მიუძღვნა.

ვიზიტი ვატიკანში, ბენედიქტ XVI და სანდრა რულოვსი. 2010
სანდრა რულოვსი 10 წლის განმავლობაში გლობალური ფონდის ეროვნული კოორდინაციის მექანიზმის, ინფექციურ დაავადებათა საბჭოს საქართველოს თავმჯდომარის რანგში ებრძოდა შიდსს, ტუბერკულოზს და მალარიას. მისი ზედამხედველობისას ჯანდაცვის სამინისტრომ გლობალური ფონდისგან 101 მილიონი დოლარი მიიღო დახმარების სახით. 10 წელია, ის მკერდისა და საშვილოსნოს კიბოს ებრძვის წინასწარი სკრინინგის ხელშეწყობით და მხარს უჭერს რეპროდუქციული განაყოფიერების განვითარებას. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით რთული საკითხია – რელიგიური მოსაზრებების გამო. სანდრა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის კეთილი ნების ელჩი იყო და 16 წლის განმავლობაში მართავდა საქველმოქმედო ფონდ SOCO-ს, რომელიც თავადვე დააარსა.

მისთვის ჯანდაცვა ისეთივე ახლოა, როგორც უცხო ენები – შვიდ ენაზე საუბრობს, მათ შორის პოლონურად, რომელიც ბოლო დროს შეისწავლა. 2012 წელს გლობალური ჯანდაცვის პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამის ათვისება დაიწყო ლონდონის ჰიგიენისა და ტროპიკული მედიკამენტების სკოლაში, რომელსაც 2015 წელს დაასრულებს. სამაგისტრო ნაშრომი გლობალური ჯანდაცვის დიპლომატიას ეხება. როგორც თავად ამბობს, „ეს ლოგიკური გაგრძელებაა იმ პრაქტიკული მუშაობის, რასაც 10 წლის განმავლობაში ვეწეოდი, ყოველთვის ხელთ მაქვს კონკრეტული მაგალითები".

თანამედროვე სამედიცინო საზოგადოება დიდ დროს უთმობს არაგადამდები დაავადებების შესწავლას – წონის სიჭარბე, გულის დაავადებები, დიაბეტი. თუმცა ქალბატონი რულოვსი ფიქრობს, რომ „მომავალი ვირუსისაა". ამის მაგალითად ის საქართველოში გაჩენილ ვირუსულ მენინგიტს ასახელებს, რის გამოც საშუალო სკოლები დაიკეტა. რულოვსი შიშობს, რომ კაცობრიობის უდიდესი პრობლემა ინფექციური დაავადებების სახით კვლავ დაბრუნდება.

სანდრა მტკიცე ოპტიმიზმს ასხივებს. მისი რწმენა კაცობრიობისადმი გადამდებია. ის, როგორც წინა ხელისუფლების მრავალი წარმომადგენელი, გზაჯვარედინზეა. გზაჯვარედინზეა ყოფილი პრეზიდენტიც. სააკაშვილმა შეძლო, შეექმნა მთავრობა, რომელმაც დაძლია დაუძლეველი და რომელმაც მარცხი განიცადა იმიტომ, რომ ვერ შეძლო გაეაზრებინა ის წინაღობები, რომელიც მანვე შექმნა საკუთარი თავისთვის და საკუთარ თავში. ვფიქრობ, ამ გზაჯვარედინზე ყოფილი პრეზიდენტისთვის საკუთარ ცოლზე უკეთესი მაგალითი არ არსებობს. ის წარსულით არ ცხოვრობს, რაც უნდა გასაკვირი იყოს, მისთვის დღევანდელი მდგომარეობა არის არა მარცხი, არამედ შესაძლებლობა, ისწავლოს ის, რაც უკან მოიტოვეს.

„45 წლის ვარ და თავს 25 წლის სტუდენტივით ვგრძნობ", – ამბობს სანდრა ღიმილით. მე დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ თუ ის შემდეგ 45 წელსაც ისე გაატარებს, როგორც პირველს, არა მხოლოდ საქართველო, არამედ მსოფლიო იქნება უკეთესი ადგილი.

ვილ კეთკარტი
The Daily Beast-ის კორესპონდენტი

კომენტარები