გერმანია-აშშ-ის ურთიერთობა

გერმანიამ CIA-ის ბერლინის ოფისის უფროსს ქვეყნის დატოვება მოსთხოვა

ანგელა მერკელი
JOHANNES EISELE / AFP

გერმანია ბერლინში ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს უფროსს ქვეყნის დატოვებას სთხოვს.

გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის გაღიზიანება ორი ამერიკელი სავარაუდო აგენტის გამოაშკარავებამ გამოიწვია.

”ცივი ომის დროს, შესაძლოა, ზოგადად, უნდობლობა იყო. დღეს ჩვენ 21-ე საუკუნეში ვცხოვრობთ, დღეს სრულიად ახალი საფრთხეების წინაშე ვართ”, - განაცხადა კანცლერმა.

ოთხშაბათს, ბერლინმა განაცხადა, რომ ქვეყნის თავდაცვის სამინისტროში ამერიკელი აგენტი ”აღმოაჩინეს.” ერთი დღით ადრე კი გერმანიის დაზვერვის სამსახურის თანამშრომელი დააკავეს, რომელიც ამერიკისათვის დოკუმენტების გადაცემაშია ეჭვმიტანილი.

ეს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ გერმანიაში CIA-ის ოფისი დაიხურება, რომელსაც გერმანიის დაზვერვასთან მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა. ირანის ბირთვულ საფრთხესა და ტერორისტების შესაძლო თავდასხმებზე ინფორმაციის გაცვლა ბევრად გართულდება.  

”მე ვერ ვიხსენებ შემთხვევას, როდესაც ქვეყანა უარს ამბობს თავაზიან მომსახურებასა და დახმარებაზე. გერმანელების ამ ნაბიჯს ალბათ პოლიტიკური მიზეზები აქვს. რა თქმა უნდა, მათ შეეძლოთ თავიანთი უკმაყოფილება გამოეხატათ, ასეთი მკაცრი და ღია ნაბიჯის გადადგმის გარეშე”, - ამის შესახებ ჯონ ა. რიცომ განაცხადა, რომელიც 30 წელზე მეტია CIA-ში მუშაობს და ახლა გენერალური მრჩევლის პოსტი უკავია.

შეგახსენებთ, რომ 2013 წლის მაისში ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ყოფილმა თანამშრომელმა ედვარდ სნოუდენმა ამერიკის სადაზვერვო სამსახურების საქმიანობის შესახებ საიდუმლო დოკუმენტები გამოაქვეყნა, სადაც ერთ-ერთი დოკუმენტი იუწყებოდა, რომ აშშ გერმანიის კანცლერს, ანგელა მერკელსაც უსმენს. 

კომენტარები