საბანკო სექტორი

0%-იანი განვადება არ არსებობს - SAB-ი საბანკო სექტორში მითებს ამსხვრევს

.businesskorea.co.kr

0%-იანი განვადება არ არსებობს - ამასთან დაკავშირებით კვლევას არასამთავრობო ორგანიზაცია საზოგადოება და ბანკები (SAB) აქვეყნებს. 

SAB-მ პროექტი ბანკომეტრი დაიწყო, რომლის ფარგლებშიც ხდება მოკვლევა და საბანკო სექტორის გარშემო არსებული მითების დადასტურება ან უარყოფა. 

დღეს საქართველოში უპროცენტო განვადება ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საბანკო პროდუქტია, რომლის მიხედვითაც მომხმარებელი დარწმუნებულია, რომ შეძენილ პროდუქციაში მხოლოდ სავაჭრო ქსელის საწყის ფასს იხდის, რადგან საპროცენტო განაკვეთი ნულია - განმარტებულია კვლევაში.

საზოგადოებაში დამკვიდრებული აზრის გადასამოწმებლად ორგანიზაციამ კომერციული ბანკების უპროცენტო განვადების პირობები გამოიკვლია. 

ირკვევა, რომ 0%-იანი განვადების პირობები არათუ ყველა ბანკს, არამედ თითოეულ ბანკს სხვადასხვა სავაჭრო ქსელში სხვადასხვა აქვს.

უპროცენტო განვადებისას მართალია საპროცენტო განაკვეთი ნულია, თუმცა პროდუქციის შეძენისას მომხმარებელს გაცემის/დამტკიცების საკომისიოს და ასევე ფასნამატის გადახდა უწევს. ეს ხარჯები კი პროდუქციის საწყის სავაჭრო ფასს გარკვეული ოდენობით აძვირებს. უპროცენტო განვადების სესხის ვადა მეტწილად ყველა ბანკის შემთხვევაში 3-36 თვის და სესხის მოცულობა კი 100-5000 ლარის ფარგლებშია - აჩვენებს კვლევა. 

კვლევის დასკვნაში ნათქვამია, რომ გაცემის/დამტკიცების საკომისიოს, თანამონაწილეობის პროცენტის, სესხის მოცულობის და ვადის მრავალი კომბინაცია შეიძლება გაკეთდეს, ეს კი ბანკზე და კონკრეტულ სავაჭრო ქსელზეა დამოკიდებული. შესაბამისად, უპროცენტო განვადებისას ყველანაირ შემთხვევაში, მომხმარებელი პროდუქციის საწყის სავაჭრო ღირებულებაზე მეტს იხდის, რაც ფასნამატში და გაცემის/დამტკიცების საკომისიოში გამოიხატება.

კვლევიდან გამომდინარეობს, რომ 0%-იანი განვადება არ არსებობს და მომხმარებელს ამა თუ იმ სახით უწევს განვადების საფასურის კომპენსირება. 

კომენტარები