საიამ 10:00-სთვის ორი საჩივარი დაწერა და ათი შენიშვნა დააფიქსირა

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, დილის 10 საათისთვის კენჭისყრის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. დამკვირვებლებმა ამ დროისთვის ორი საჩივარი დაწერეს და ათი შენიშვნა დააფიქსირეს ჩანაწერთა წიგნში.

როგორც კახა კოჟორიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, პრობლემები ძირითადად წილისყრის პროცედურების ჩატარებასთან, საკონტროლო ფურცელთან და დამკვირვებლის უბანზე შესვლასთან დაკავშირებით დაფიქსირდა. საია აღნიშნავს, რომ რიგ შემთხვევებში, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეებმა გაითვალისწინეს დამკვირვებლების შენიშვნები, რის გამოც მონიტორებმა საჩივრები აღარ წარადგინეს.

საიას ინფორმაციით, თერჯოლის #4 უბანზე დამკვირვებლებს არ უშვებდნენ იმ მიზეზით, რომ მათ დააგვიანდათ და დილის 07:00 საათზე არ გამოცხადდნენ საარჩევნო უბანზე. საიას დამკვირვებლის შენიშვნის შემდეგ პრობლემა აღმოიფხვრა და დამკვირვებლები საარჩევნო უბანზე შეუშვეს.

ორგანიზაციის ცნობითვე, გლდანის #77 უბანზე კომისიის თავმჯდომარემ არ ჩაატარა წილისყრა კომისიის წევრთა ფუნქციების გამოსავლენად და კომისიის წევრებს შორის ფუნქციები თვითნებურად გადანაწილდა. აღნიშნულ დარღვევასთან დაკავშირებით საიას დამკვირვებელმა საჩივარი წარადგინა და დარღვევის აღმოფხვრა მოითხოვა.

საბურთალოს N68 უბანზე კომისიის წევრების მხრიდან დაფიქსირდა წილისყრის შედეგად განსაზღვრული ფუნქციების თვითნებური გადანაწილება. საიას დამკვირვებელმა საუბნო საარჩევნო კომისიის სახელზე დაწერა საჩივარი და მოითხოვა დარღვევის აღმოფხვრა.

კრწანისის N10 უბანზე გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღებმა წილისყრით გამოვლენილმა წევრმა უარი თქვა გადასატანი საარჩევნო ყუთის გაყოლაზე, რის შემდგომაც იგი თვითნებურად ჩანაცვლდა კომისიის სხვა წევრით. საიას დამკვირვებელმა აღნიშნულ დარღვევაზე ზეპირი შენიშვნა დააფიქსირა. საიას მითითების შემდგომ დარღვევა აღმოიფხვრა და წილისყრა განმეორებით ჩატარდა.

საიას დამკვირვებლის ინფორმაციითვე, ისნის #56 უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ საარჩევნო ბლოკის ქართული ოცნების წარმომადგენლები, რომლებიც უბანზე მისულ ამომრჩევლებს აღრიცხავდნენ. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, ფაქტი შესაძლებელია წარმოადგენდეს არაპირდაპირ გავლენას ამომრჩევლის ნებაზე.

კახა კოჟორიძის ცნობითვე, მთაწმინდის #38 უბანზე მოქალაქე ლაშა ხუსკივაძე შეეცადა არჩევნებს დაკვირვებოდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლის სტატუსით. თუმცა, მას შემდეგ, რაც აღმოჩნდა, რომ იმავე უბანზე უკვე იმყოფებოდა ენმ-ის სხვა წარმომადგენელი, კომისიამ ლაშა ხუსკივაძე არ დაუშვა უბანზე. დაახლოებით ერთი საათის შემდეგ, ლაშა ხუსკივაძე კვლავ გამოცხადდა ამავე უბანზე უკვე სადამკვირვებლო ორგანიზაციის კლუბი თავისუფალი ზონის სახელზე გაცემული დამკვირვებლის მოწმობით და შეეცადა არჩევნებზე დაკვირვებას. საიამ აღნიშნული ფაქტის შესწავლის მოთხოვნით ცესკოს მიმართა.

ორგანიზაციის ინფორმაციით, გორის #96 უბანზე საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანმა საარჩევნო ყუთში ერთი საკონტროლო ფურცლის ნაცვლად ორი საკონტროლო ფურცელი ჩააგდო. საიას დამკვირვებლის შენიშვნის შემდგომ დარღვევა აღმოიფხვრა. გაიხსნა საარჩევნო ყუთი და საკონტროლო ფურცელი ყუთიდან ამოიღეს.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები რვა ქალაქსა და ცამეტ მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს.

კომენტარები