ენმ: ქართული ოცნების აქტივისტებმა საარჩევნო უბანზე ფიზიკურ ძალადობას მიმართეს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადებით, "თბილისში, ნაძალადევის მე-9 საარჩევნო ოლქში, მე-7 საჯარო სკოლის შენობაში განთავსებულ საარჩევნო უბანზე ქართული ოცნების აქტივისტებმა ფიზიკურ ძალადობას მიმართეს". ენმ-ის ინფორმაციით, ისინი ქართული ოცნების მაისურებით შევიდნენ უბანზე, რის გამოც შენიშვნა მიიღეს არასამთავრობო ორგანიზაციის დამკვირვებლისგან.

"მათი კანონსაწინააღმდეგო ქმედება ფიქსირდებოდა ვიდეოკამერით. კანონდამრღვევებმა მათი სახეების ვიდეოკამერით ჩაწერა გააპროტესტეს და ფიზიკურ ძალადობას მიმართეს იმ პირის მიმართ, ვინც ჩაწერას ახორციელებდა. საარჩევნო უბნის შესასვლელში მომხდარ ჩხუბს პატრულის გამოძახება მოყვა, თუმცა პოლიციას არავის დაუკავებია. მნიშვნელოვანია, რომ ვიდეოჩანაწერებზე თავდამსხმელები დაფიქსირებულნი არიან. გვინდა, გავაფრთხილოთ ქართული ოცნების ყველა აქტივისტი, რომელიც საარჩევნო უბნების შესასვლელებში დგას და მზადაა, ანალოგიურ ქმედებას მიმართოს: ყველა საარჩევნო უბანზე ვიდეოკამერით ფიქსირდება ყველა დარღვევა" - აცხადებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა.

საპარლამენტო ოპოზიციის შეფასებით, "აშკარაა, რომ ხელისუფლება არათუ არ აპირებს საკუთარი აქტივისტების კანონის მიხედვით დასჯას, არამედ პრემიერი ღარიბაშვილი თავად არის ამ ძალადობის წამახალისებელი. სამაგიეროდ, ყველა მოძალადე ფიქსირდება და ისინი აუცილებლად აგებენ პასუხს კანონის წინაშე".

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური რვა ქალაქსა და ცამეტ მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს.

კომენტარები