პრემიერის ინტერვიუ

პრემიერი: ვალდებულნი ვართ, რუსეთთან კონსტრუქციული დიალოგი ვაწარმოოთ

ირაკლი ღარიბაშვილმა CNN-ზე რიჩარდ ქუესტის საავტორო გადაცემაში საქართველოსა და რეგიონის წინაშე მდგარ გამოწვევებზე ისაუბრა. ინტერვიუს ტიტრად გასდევდა, რომ საქართველომ "ოქროს შუალედი" იპოვა რუსეთსა და ევროკავშირს შორის. 

ჟურნალისტის კითხვაზე, უკრაინასთან დაკავშირებით, პრემიერმა უპასუხა, რომ მისი საქმე არ არის, უკარნახოს უკრაინელებს, რომელ გზას დაადგეს, მაგრამ ამავდროულად, საქართველოს მაგალითზე მიუთითა. 

"ჩვენ შევქმენით პრეცედენტი, ჩვენ მაგალითი ვართ იმისა, თუ როგორ უნდა ვიმოძრაოთ ევროკავშირის მიმართულებით, ჩვენ ასოცირების ხელშეკრულებას მოვაწერეთ ხელი 27 ივნისს და ამით ევროპული კურსი შეუქცევადი გავხადეთ, ამავდროულად ჩვენ ვცდილობთ რუსეთთან კონსტრუქციულ, ნორმალურ ურთიერთობას. რუსეთი ჩვენი მეზობელია და პრაგმატულად, პრაქტიკულად, ჩვენ ვალდებულნი ვართ რუსეთთან კონსტრუქციული დიალოგი ვაწარმოოთ."

რიჩარდ ქუესტმა შენიშნა, რომ თუ პუტინი არ მოისურვებს საქართველოს სახით ევროკავშირთან ხიდი გადოს, საქართველოს მეტი სირთულე შეექმნება ვიდრე დღეს აქვს. რის პასუხადაც, პრემიერმა თქვა, რომ რუსეთი დაინტერესებული უნდა იყოს მშვიდობითა და სტაბილურობით ჩვენს რეგიონში.

"ჩვენ დავადასტურეთ, რომ კონსტრუქციული მთავრობა ვართ და ნორმალური დიალოგი გვსურს ყველასთან, მათ შორის რუსეთთანაც. რუსეთმა თანდათან გამოასწორა ... გახსნა ბაზარი სასოფლო სამეურნეო პროდუქცისთვის, ღვინისა და სხვა პროდუქტებისთვის. ვიტყოდი, რომ ჩვენ ვაუმჯობესებთ ტექნიკურ ურთიერთობას რუსეთთან" - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა და დაადასტურა, რომ ევროკავშირი არის საქართველოს საბოლოო მიზანი და ის დარწმუნებულია, რომ ამ მიზანს რუსეთთან სტაბილური ურთიერთობის პარალელურად მიაღწევს. 

ჟურნალისტის კითხვაზე, მზადაა თუ არა რუსეთსა და უკრაინას შორის შუამავლის ფუნქცია იკისროს, პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ მას არ აქვს პირდაპირი ურთიერთობა პრეზიდენტ პუტინთან და ის ამას ვერ შეძლებს. აღნიშნა ისიც, რომ საქართველოს რუსეთთან მოუგვარებელი პრობლემები რჩება.

კომენტარები