ცესკო ხულოს, რუსთავის და ნაძალადევის საარჩევნო ოლქების ინციდენტებზე

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, კომისიის თავმჯდომარის მიერ ბიულეტენების ჩაყრის საკითხის გასარკვევად, ხულოს საარჩევნო ოლქის 36-ე უბანზე საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები ჩავიდნენ. ცესკოს განცხადებით, სამი ბიულეტენის ჩაყრის ფაქტს მხოლოდ მოსარჩელე მხარე და ერთი საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი ადასტურებს.

"რაც შეეხება კომისიის ყველა დანარჩენ წევრს, ისინი წერილობით ახსნა განმარტებებში არ ადასტურებენ აღნიშნულ ფაქტს. საოლქო საარჩევნო კომისია განიხილავს ამ შემთხვევას და მიიიღებს კანონით გათვალისწინებულ ზომებს" - აღნიშნავს ცესკო.

რაც შეეხება რუსთავის საარჩევნო ოლქის 79-ე უბანს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, კენჭისყრის პროცესი  მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

"უბნის გარეთ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, ბრიფინგის დაწყებისას, ჩვენ მოვუწოდეთ საარჩევნო სუბიექტებს და მათ მხარდამჭერებს, რომ ხელი შეუწყონ არჩვენების მშვიდ ვითარებაში ჩატარებას, როგორც უბნის შიგნით, ასევე უბნის გარეთ და მისცენ ამომრჩევლებს საშუალება, თავისუფლად განახორციელონ თავიანთი საარჩევნო უფლება" - განაცხადა საგანგებო ბრიფინგზე ცესკოს სპიკერმა ეკა აზარაშვილმა.

ნაძალადევში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით კი, ცენტრალური საარჩევნო კომისია აღნიშნავს, რომ "საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, ფიზიკურ შეურაცხყოფას საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე დამკვირვებლის მიმართ ადგილი არ ჰქონია". აზარაშვილის თქმით, "თუ რაიმე სახის ფაქტი მოხდა ამასთან დაკავშირებით, უბნის გარეთ, მივმართავთ სამართალდამცავ ორგანოებს, რომ შეისწავლონ და მოახდინონ შესაბამისი რეაგირება".

კომენტარები