ბოკერია: ახლა მთავარია ხმების დაცვა, რადგან პროცესი დასრულებული არ არის

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობათა მდივნის გიგა ბოკერიას განცხადებით, ახლა ენმ-ის მთავარი პრიორიტეტი საარჩევნო ხმების დაცვაა. მისივე შეფასებით, "ხელისუფლებამ არადემოკრატიული საარჩევნო გარემოს ბოლოს, საარჩევნო დღესაც კი ვერ გაუძლო ცდუნებას და კვლავ მიმართა ძალადობრივ და უკანონო მოქმედებებს ამომრჩევლების და დამკვირვებლების წინააღმდეგ". ბოკერიას თქმით, ეს ქმნის მძიმე - არადემოკრატიული და არათავისუფალი არჩევნების ფონს.

"ძალიან სამწუხაროა, რომ აბსოლუტურად არათავისუფალი და არადემოკრატიული წინასაარჩევნო გარემოს ბოლოს, იმ წინასაარჩევნო გარემოსი, როცა არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, აბსოლუტურად უსაფუძვლოდ და უკანონოდ დააკავეს ჩვენი საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, როცა ჩვენი რამდენიმე კანდიდატი ციხიდან აწარმოებდა კამპანიას, ერთ-ერთი მათგანი ხონში ბატონი ჯიბუხაია დღესაც იბრძვის გამარჯვებისთვის. როცა დაუსჯელი ძალადობა იქცა ყოველდღიურობად, თავდასხმა ჩვენს ოფისებზე, შეხვედრებზე, აქტივისტებზე და მრავალი კანდიდატი ზეწოლის ქვეშ გამოეთიშა კონკურენციას. ამ ყველაფრის ბოლოს, საარჩევნო დღესაც კი, ხელისუფლებამ ცდუნებას ვერ გაუძლო, კვლავ მიმართა ძალადობრივი და უკანონო მოქმედებებს ამომრჩევლების და დამკვირვებლების წინააღმდეგ. ეს ქმნის მძიმე ფონს. არადემოკრატიული და არათავისუფალი არჩევნების ფონს. მიუხედავად ამისა, ჩვენ, როგორც დემოკრატიული ოპოზიცია მთავარი ყურადღებას ვაქცევთ ახლა ამ პროცესის ბოლო მნიშვნელოვან ფაზას - ხმების დათვლას და თითოეული ჩვენი ხმის დაცვას" - განაცხადა ბოკერიამ და აღნიშნა, რომ ეს არის პირველი პრეცედენტი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, როცა ციხიდან აწარმოებდნენ კამპანიას ოპოზიციის კანდიდატები. მისივე თქმით, ენმ-ის კანდიდატების მიმართ წაყენებული ბრალდებები იყო აბსურდული, მაშინ როდესაც, ისინი ვინც საარჩევნო უბნები დააზიანეს, გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

"ეს არის დემონსტრირება იმისა, როგორ იბრძოლა ხელისუფლებამ და რა მეთოდებით მიუდგა ოპოზიციას, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ახლა მთავარია, ხმების დაცვა, რადგან პროცესი დასრულებული არ არის" - აღნიშნა ბოკერიამ.

კომენტარები