TI: კენჭისყრის დღემ მშვიდ გარემოში ჩაიარა

დამკვირვებლებს საარჩევნო უბნებზე არ დაუფიქსირებიათ სერიოზული დარღვევები. ჩვენი ინფორმაციით, საარჩევნო უბნები უზრუნველყოფილი იყო საარჩევნო დოკუმენტაციით. არჩევნების პირველი ტურისგან განსხვავებით, არ დაფიქსირებულა ბიულეტენების გატაცების ფაქტი - აფასებს 12 ივლისის თვითმმართველობის არჩევნების მიმდინარეობას საერთაშორისო გამჭვირვალეობა საქართველო (TI).

საარჩევნო პროცესის მიმდინარეობის შეჯამებაში აღნიშნულია, რომ მთელი დღის განმავლობაში ორგანიზაციის დამკვირვებლები, ასევე ამოწმებდნენ იმ ინციდენტებს, რომლებიც მედიისა და პოლიტიკური პარტიების საშუალებით ვრცელდებოდა. დაფიქსირდა დაპირისპირების რამდენიმე შემთხვევა, რომლებიც, ძირითადად, უბნის გარეთ პოლიტიკური პარტიების აქტივისტებსა და მხარდამჭერებს შორის ძალადობრივ ქმედებაში გამოიხატა.

ხარვეზების ძირითად ტენდენციებად TI საარჩევნო უბნის გარეთ დაპირისპირებას და პოლიტიკური პარტიების კოორდინატორებისა და აქტივისტების საარჩევნო უბნის გარეთ მობილიზებას გამოყოფს. 

ორგანიზაცია 2014 წლის 12 ივლისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურს 50-მდე ადგილობრივი დამკვირვებლით უწევდა მონიტორინგს. მთელი დღის განმავლობაში ორგანიზაციის დამკვირვებლები 580 უბანზე იმყოფებოდნენ.

კომენტარები