მელია: ნარმანიას ვერ მივულოცავ, თუმცა, წარმატებას ვუსურვებ

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგები შეაფასა. მისი თქმით, პატივს სცემს თბილისელების არჩევანს და უკმაყოფილების უფლება არ აქვს. მელიამ აღნიშნა, რომ დიდი სიამოვნებით მიულოცავდა ოპონენტს გამარჯვებას, თუმცა ვერ მიულოცავს კანდიდატს, "რომლის გამარჯვებისთვის საჭირო გახდა პროკურატურის, ფინანსური პოლიციის, სუს-ის ჩარევა, დედაქალაქის წინა მერის დაკავება, მაშინ როცა ამის არავითარი საჭიროება არ არსებობდა".

ნიკა მელიას თქმით, არჩევნების მეორე ტურამდე რვა დღით ადრე ენმ-ის საარჩევნო შტაბის უფროსის დაკავება დავით ნარმანიასთვის ხელსაყრელი პირობების შექმნას ემსახურებოდა.

"მიუხედავად ამისა, ვუსურვებ წარმატებას როგორც ამ ქალაქში მაცხოვრებელი ადამიანი, ვინაიდან არ მინდა ვიხილო გაჩერებული თბილისი. მე, დედაქალაქის მერიის მიღმა ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ერთის მხრივ, ანგარიშვალდებული დავრჩე იმ ამომრჩევლის წინაშე და მიმართ, ვინც მხარი დამიჭირა და ამავდროულად, ჩემი კრიტიკით, ჯანსაღი ოპონირებით დავეხმარო დედაქლაქის მერს, რომ რამენაირად შეძლოს ამ ქალაქის განვითარება. თუმცა ძალიან სამწუხაროა, რომ ამის ვერანაირ წინაპირობას ნამდვილად ვერ ვხედავ და მხოლოდ გული დამწყდება, თუკი ის დაემსგავსება წინა არჩევნებშში გამარჯვებულ პრეზიდენტს, რომელმაც რეალურად ვერაფერი ქმედითი ვერ განახორციელა ქვეყნისთვის.  ყველაფერი მიუთითებს იმისკენ, რომ ამის საფრთხე არის რეალური" - განაცხადა მელიამ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პირველადი მონაცემებით, თბილისის მერის არჩევნებში ქართული ოცნების კანდიდატი დავით ნარმანია ლიდერობს. მას ხმათა 72.7% აქვს. რაც შეეხება მის კონკურენტს, ნიკა მელიას ამომრჩეველთა 27.3%-მა დაუჭირა მხარი. ჯერ-ჯერობით, დათვლილია ბიულეტენების 33.11%.

კომენტარები