ჟვანია: საქართველოს ისტორიაში ყველაზე კომპლექსური და რთული არჩევნები ჩატარდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თამარ ჟვანიას შეფასებით, საქართველოს არჩევნების ისტორიაში ყველაზე კომპლექსური და საორგანიზაციო თვალსაზრისით რთული არჩევნები ჩატარდა. როგორც დღევანდელ ბრიფინგზე ჟვანიამ თქვა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ორივე ტურმა მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე ჩაიარა. 

"დღეს, 13 ივლისს, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის დასრულების შემდეგ შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ საქართველოს არჩევნების ისტორიაში ყველაზე კომპლექსური და საორგანიზაციო თვალსაზრისით ყველაზე რთული არჩევნები ჩაატარა. საარჩევნო ადმინისტრაციამ ყველა დონეზე ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში დაუღალავად იმუშავა იმისთვის, რომ ამომრჩევლებს თავისუფლად განეხორციელებინათ საკუთარი საარჩევნო უფლება და გაეკეთებინათ ინფორმირებული არჩევანი. კენჭისყრის დღემ, როგორც პირველ, ისე მეორე ტურში მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე ჩაიარა. საარჩევნო ადმინისტრაცია გაანალიზებს არჩევნების ყველა ეტაპს, შეისწავლის საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიების რეკომენდაციებს, რათა უფრო გაუმჯობესდეს საარჩევნო პროცესები ჩვენ ქვეყანაში", - განაცხადა ჟვანიამ. 

გუშინ საქართველოს რვა თვითმმართველ ქალაქსა და ცამეტ თვითმმართველ თემში მერის და გამგებლის არჩევნების მეორე ტური ჩატარდა. წინასწარი მონაცემებით, ყველა ოლქში ქართული ოცნების კანდიდატები ლიდერობენ.

კომენტარები