აშშ, დიდი ბრიტანეთი, ჰოლანდია: უგულავას დაკავებამ დაძაბა წინასაარჩევნო გარემო

Gigi Ugulava
Tabula

"არჩევნების დღეს ხმის მიცემა მცირედი დარღვევებით მიმდინარეობდა, თუმცა თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას წინააღმდეგ აღძრულმა სამართლებრივმა ქმედებებმა დაძაბა წინასაარჩევნო გარემო" - ნათქვამია ამერიკის შეერთებული შტატების, ჰოლანდიის და დიდი ბრიტანეთის საელჩოების ერთობლივ განცხადებაში. ისინი თხოვნით მიმართავენ საქართველოს მთავრობას, "შეინარჩუნოს უმაღლესი სტანდარტი პროცედურების წარმოებისას და მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა, რომელიც თავისუფალი იქნება ნებისმიერი სახის პოლიტიკური ჩარევისაგან".

ამასთან, "ჰოლანდია, დიდი ბრიტანეთი და ამერიკის შეერთებული შტატები ულოცავს საქართველოს უმნიშვნელოვანეს არჩევნებს, რომლის დროსაც პირველად, ამომრჩევლებმა პირდაპირი წესით აირჩიეს ყველა მერი და გამგებელი". აშშ-ის საელჩოს ვებგვერდზე გავრცელებული ერთობლივი განცხადების მიხედვით, არჩევნების მეორე ტური ასახავს კონკურენტულ პოლიტიკურ გარემოს.

"ჩვენს ერთობლივ დამკვირვებელთა მისიაში შედიოდა 56 მონიტორი ამერიკის, ბრიტანეთისა და ნიდერლანდების საელჩოებიდან. მათ მოიარეს 10 საარჩევნო ოლქი და 300-ზე მეტი უბანი მოინახულეს. ჩვენ მივესალმებით სხვა საერაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების დამკვირვებელთა ძალისხმევას. მათთან ერთად, ჩვენი დამკვირვებლებიც აღნიშნავენ ზოგადად არსებულ მშვიდ საარჩევნო გარემოს, მათ მიერ მიმოხილულ 1525 უბანზე, მცირე რაოდენობის დარღვევებით. ჩვენ ვულოცავთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მათ პროფესიონალიზმს, რაც აისახა მიმდინარე არჩევნების წარმატებით ადმინისტრირებისას. ახლა, როდესაც უკვე არჩევანი გაკეთებულია, ჩვენ მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ პარტიას თანამშრომლობისკენ, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკის ზრდას, გააძლიერებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს და გაამყარებს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს. ჩევნ ველით თანამშრომლობას საქართველოს მთავრობასთან, ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან, რაც კიდევ ერთხელ გააღრმავებს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას და მიმართული იქნება საქართველოს მომავლისკენ" - ნათქვამია აშშ-ის, ჰოლანდიის და დიდი ბრიტანეთის საელჩოების ერთობლივ განცხადებაში.

გუშინ საქართველოს რვა ქალაქსა და ცამეტ თვითმმართველ თემში არჩევნების მეორე ტური გაიმართა. ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ყველა საარჩევნო ოლქში ქართული ოცნების კანდიდატებმა გაიმარჯვეს.

კომენტარები