ედუარდ შევარდნაძე

პრემიერი: შევარდნაძის სახელი დიდხანს დარჩება მსოფლიოს დიდ პოლიტიკოსთა შორის

საქართველოს პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, ედუარდ შევარდნაძე იყო მნიშვნელოვანი წარმომადგენელი მე-20 საუკუნის მსოფლიო პოლიტიკოსთა იმ თაობაში, რომელმაც უდიდესი როლი ითამაშა მსოფლიო წესრიგის დამყარების საქმეში. ამის შესახებ ღარიბაშვილმა სამების საკათედრო ტაძარში, ედუარდ შევარდნაძის სამოქალაქო პანაშვიდზე განაცხადა და აღნიშნა, რომ მოგონებები და შეფასებები მრავალმხრივია, რადგან შევარდნაძის პოლიტიკური მოღვაწეობა დრამატულ და უდიდესი სირთულეებით აღსავსე ეპოქას უკავშირდება.

"ედუარდ შევარდნაძე იყო მნიშვნელოვანი წარმომადგენელი მე-20 საუკუნის მსოფლიო პოლიტიკოსთა იმ თაობისა, რომელმაც უდიდესი როლი ითამაშა ცივი ომის დასრულების, ბერლინის კედლის დანგრევისა და ახალი მსოფლიო წესრიგის დამყარების საქმეში. ამ დღეებში ძალიან ბევრი ადამიანი იხსენებს ედუარდ შევარდნაძეს, მის როლს როგორც საქართველოს, ისე მსოფლიო პოლიტიკურ პროცესებში. მოგონებები და შეფასებები, რა თქმა უნდა, მრავალმხრივია, რადგან ედუარდ შევარდნაძის პოლიტიკური მოღვაწეობა დრამატულ და უდიდესი სირთულეებით აღსავსე ეპოქას უკავშირდება. ახლა, როცა საქართველომ უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადადგა ევროპასთან დაახლოების კუთხით, არ შეიძლება არ გვახსოვდეს ედუარდ შევარდნაძის უდიდესი როლი ამ საქმეში. წლების წინ სწორედ მან ჩაუყარა საფუძველი ამ პროცესს, სწორედ ედუარდ შევარდნაძის სახელს უკავშირდება ჩვენი ქვეყნის პროდასავლური პოლიტიკური კურსის ფორმირება და ინსტიტუციონალიზაცია. ბატონი შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს საქართველო გახდა ევროპის საბჭოს წევრი; მის სახელს უკავშირდება საქართველოს გაწევრიანება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში; უმნიშვნელოვანესი პროექტები - ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი, ბაქო-სუფსა, ბაქო-თბილისი-ერზერუმი; სტამბულის ეუთოს 1999 წლის სამიტი - ისტორიული შეთანხმება რუსული სამხედრო ბაზების საქართველოდან გაყვანის თაობაზე, "წრთვნისა და აღჭურვის" პროგრამა. ედუარდ შევარდნაძის სახელს უკავშირდება პრაღის 2002 წლის ნოემბრის ნატო-ს სამიტზე ოფიციალურად გაცხადებული სურვილი გაწევრიანების თაობაზე. ედუარდ შევარდნაძემ გადადგა ის ნაბიჯები, რომლითაც საქართველოს რეალური დამოუკიდებლობისა და სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბების შესაძლებლობები გაუჩნდა. მინდა, კიდევ ერთხელ პატივი მივაგო მის ხსოვნას. მე მჯერა, რომ ედუარდ შევარდნაძის სახელი დიდხანს დარჩება მსოფლიოს დიდ პოლიტიკოსთა შორის", - განაცხადა ღარიბაშვილმა და უცხოურ დელეგაციებს შევარდნაძის დაკრძალვაზე ჩამოსვლისთვის მადლობა გადაუხადა.

"დღეს ბატონი ედუარდ შევარდნაძის დაკრძალვას ესწრებიან და ჩვენთან ერთად არიან მისი მეგობრები, რომელთა დამსახურებითაც დღეს მსოფლიო სულ სხვა რეალობაში ცხოვრობს. მადლობა მინდა გადავუხადო ყველას ჩამობრძანებისთვის და ბატონი ედუარდ შევარდნაძისთვის პატივის მიგებისთვის", - აღნიშნა პრემიერმა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე სამების საკათედრო ტაძრიდან უკვე გამოასვენეს. სამგლოვიარო პროცესია კრწანისის რეზიდენციისკენ მიემართება. ედუარდ შევარდნაძეს რეზიდენციის ეზოში, მეუღლის გვერდით, სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

სამგლოვიარო ცერემონიის ოფიციალურ ნაწილს სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, საერთაშორისო დელეგაციები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ედუარდ შევარდნაძე 7 ივლისს, 86 წლის ასაკში გარდაიცვალა.

კომენტარები