ედუარდ შევარდნაძე

პრეზიდენტი: მახსენდება, რომ შევარდნაძეს უკავშირდება სიკვდილით დასჯის გაუქმება

გიორგი მარგველაშვილი და მაკა ჩიჩუა ედუარდ შევარდნაძის დაკრძალვის ცერემონიაზე
facebook.com/Margvelashvili

"დღეს, როდესაც ჩვენ მას ვემშვიდობებით, მახსენდება ის, რომ მის სახელთან არის დაკავშირებული საქართველოში სიკვდილით დასჯის გაუქმება"- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სამების საკათედრო ტაძარში, ედუარდ შევარდნაძის სამოქალაქო პანაშვიდზე განაცხადა და აღნიშნა, რომ "იმ მომენტში, როდესაც ადამიანი რჩება მარტო თავის სულთან, ასეთი გადადგმული ნაბიჯები მნიშვნელოვნად განაპირობებს სიყვარულსაც და პატივისცემაც, ისეთი დიდი პოლიტიკური ფიგურების მიმართაც, როგორიც იყო ედუარდ შევარდნაძე". 

სამების ტაძარში სიტყვით გამოსვლისას, გიორგი მარგველაშვილმა თქვა, რომ "ვწუხვართ და ვგლოვობთ საქართველოს მეორე პრეზიდენტის გარდაცვალების გამო. ამასთან ერთად ჩვენ მადლობას ვეუბნებით იმ ადამიანებს, ვინც დააფასა ბატონი ედუარდი, დააფასა ჩვენი ქვეყანა და ჩამობრძანდა დღეს აქ და ასევე ვინც გამოგვიგზავნა თანაგრძნობის წერილები".

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ედუარდ შევარდნაძის როლს მეოცე საუკუნის ისტორიაში მომავალშიც ღრმად გაიაზრებენ. ის ქვეყნის მეორე პრეზიდენტს დაემშვიდობა მეფე დავით აღმაშენებლის ციტატით, გალობანი სინანულისანიდან.

"მინდა, ბატონ ედუარდს დავემშვიდობო ჩვენი ყველაზე ძლიერი და ამავე დროს სულიერი გზის მაჩვენებელი მეფის სიტყვებით, რომელიც ალბათ ყველა პოლიტიკოსს მიეწერება, მაგრამ განსაკუთრებით ისეთ დიდ მოღვაწეებს, როგორც იყო შევარდნაძე.  "ჟამი რა წუხილთა და ავთა აღმოშვენათა წარსდგეს, ჟამი მეფობისა წახდეს და დიდებაი დაშრტეს, შვებანი იქმნენ, ყვავილობაი დაჭკნეს, სხვამან მიიღოს სკიპტრა, სხვა შეუდგენს სპანი, მაშინ შემიწყალე მსაჯულო ჩემო. ღმერთმა გაანათლოს ბატონი ედუარდის სული", - განაცხადა პრეზიდენტმა. 

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე სამების საკათედრო ტაძრიდან უკვე გამოასვენეს. სამგლოვიარო პროცესია კრწანისის რეზიდენციისკენ მიემართება. ედუარდ შევარდნაძეს რეზიდენციის ეზოში, მეუღლის გვერდით, სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

სამგლოვიარო ცერემონიის ოფიციალურ ნაწილს სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, საერთაშორისო დელეგაციები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ედუარდ შევარდნაძე 7 ივლისს, 86 წლის ასაკში გარდაიცვალა.

კომენტარები