ბათუმის საკრებულო

ბათუმის ახლადარჩეული საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჭეიშვილი გახდა

ajara.gov.ge

ბათუმის ახლადარჩეული საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჭეიშვილი გახდა. საკრებულოს 25 დეპუტატიდან ირაკლი ჭეიშვილს მხარი დაუჭირა 21-მა, მოწინააღმდეგე იყო ერთი დეპუტატი, ხოლო სამმა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.

ირაკლი ჭეიშვილი ქართული ოცნების საარჩევნო სიის პირველი ნომერი იყო.

ირაკლი ჭეიშვილი 2012 წლის არჩევნების შემდეგ აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იყო. მანამდე, ირაკლი ჭეიშვილი აჭარის მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელის ლევან ვარშალომიძის აპარატში პრესსამსახურის უფროსად მუშაობდა.

რაც შეეხებ ქუთაისის ახალი მოწვევის საკრებულოს, მისი თავმჯდომარე ხმათა უმრავლესობით დავით დვალი გახდა. დავით დვალი ახალ საკრებულოში ქართული ოცნების სიით მოხვდა. ახალი თავმჯდომარე წინა მოწვევის საკრებულოს წევრი იყო, მაშინ ის საკრებულოში ქრისტიან დემოკრატების ფრაქციას ხელმძღვანელობდა.

დღესვე საკრებულო თავმჯდომარის მოადგილეებსა და კომისიების თავმჯდომარეებსაც აირჩევს. გარდა ამისა, ქუთაისის ახალი მერი შოთა მურღულია საკრებულოს დღეს თვითმმართველობის რეორგანიზაციის ახალ გეგმას წარუდგენს.

ქუთაისის ახალ საკრებულოში 25 დეპუტატია. მმართველ პარტიას 18 დეპუტატი ხოლო დანარჩენები კი ოპოზიციურ პარტიებს წარმოადგენენ.

ფოთში საკრებულოს თავმჯდომარე დამოუკიდებელი დეპუტატი ოთარ ხარჩილავა გახდა.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ ქართული ოცნების დეპუტატი გოგი ხელაძე აირჩიეს.

ბოლნისში საკრებულოს თავმჯდომარე ქართული ოცნების წევრი თამაზ ჟორჟოლიანი გახდა, ხოლო დმანისში ასევე ქართული ოცნების წარმომადგენელი ლერი ბერუაშვილი.

კომენტარები