ფილიპ კოკუ, იბრაჰიმ აფელაი, ჯეფერსონ ფარფანი და PSV ეინდჰოვენის სხვა მოთამაშეები მოედნის საკუთარ ნახევარზე იდგნენ და თამაშის დაწყებას ელოდნენ. მათ პირისპირ, გელზენკირხენური პუბლიკის 11 ყველაზე საყვარელი ფეხბურთელი იდგა. შალკეს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ეინდჰოვენთან სტუმრად მატჩი მინიმალური სხვაობით ჰქონდა წაგებული, ამიტომ, ჯგუფის ფავორიტი მილანის შემდეგ მასაც რომ შერჩენოდა მერვედფინალში გასვლის ამბიცია, ამ თამაშში აუცილებლად გამარჯვება სჭირდებოდა.
რვას რომ თხუთმეტი დააკლდა, ლიუბოშ მიხელმა ჩასტვინა და თამაშიც დაიწყო. მერე მოხდა ის, რაც ქართული ფეხბურთის ისტორიაში სამუდამოდ ჩაიწერა: ამ მატჩში ქართველმა ფეხბურთელმა ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში პირველად შეასრულა ჰეთ-თრიკი. თუმცა, ამაზე მოგვიანებით. იქამდე კი, კობის ფენომენალური კარიერა წლების წინ თბილისში, არც ისე იმედისმომცემად იწყებოდა.
6-7 წლის ვიყავი, როდესაც მშობლებმა ცნობილ ავაზას საფეხბურთო სკოლაში მიმიყვანეს. გამორჩეული არასოდეს ვყოფილვარ. ხომ არიან გუნდებში ისეთი ბავშვები, მაგრად რომ თამაშობენ და დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ, მე ასეთი არ ვიყავი, ჩვეულებრივ, რიგით მოთამაშედ მივიჩნეოდი. ამის მიუხედავად, პატარაობიდანვე მქონდა ძალიან მტკიცე სურვილი, გავმხდარიყავი პროფესიონალი ფეხბურთელი და ბევრისთვის მიმეღწია. გამორიცხული იყო, ვარჯიში გამეცდინა. ავადმყოფობა, ცუდი ამინდი, სწავლა – ეს ყველაფერი ჩემთვის არაფერს ნიშნავდა, ფეხბურთს ყველაზე წინ ვაყენებდი.
ყველაფერი მაშინ შეიცვალა, როდესაც ავაზაში თამაშისას რევაზ ძოძუაშვილმა შემამჩნია. მაშინ ძალიან პატარა, თუ არ ვცდები, 15 წლის ვიყავი. ბატონი რეზო მაშინ თბილისის დინამოს წვრთნიდა და მეორე გუნდში მიმიყვანა. იქ ყოფნა დიდხანს არ მომიწია, რამდენჯერმე პირველ გუნდთან ერთადაც კი ვივარჯიშე, მაგრამ შემდეგ ძოძუაშვილი გუნდიდან გაუშვეს და ხელმძღვანელობამ განშორება ჩემთანაც გადაწყვიტა. ეს ფაქტიც ადასტურებს იმას, რომ ჩემი თამაში იმ დროს ბევრს არ აღაფრთოვანებდა.
დინამოდან წამოსულს, ძოძუაშვილი ისევ დამიკავშირდა და თავის ახალ გუნდში – რუსთავის მეტალურგში თამაში შემომთავაზა. აი, აქედან დაიწყო ჩემი, როგორც პროფესიონალი ფეხბურთელის ისტორია. 16-17 წლის ბიჭი უმაღლეს ლიგაში ვთამაშობდი, რაშიც უდიდესი წვლილი მიუძღვოდა ერთადერთ მწვრთნელს, ვინც ჩემში პოტენციალი დაინახა და შანსი მომცა – რევაზ ძოძუაშვილს.
კობიაშვილის და თბილისის დინამოს გზები მალე კვლავ გადაიკვეთა. თბილისურ კლუბში, ახალი გუნდის ჩამოყალიბება ჰქონდათ გადაწყვეტილი, რისთვისაც 1995 წლის ზაფხულში, სინჯებზე ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი მიიწვიეს, მათ შორის აღმოჩნდა ლევან კობიაშვილი. რამდენიმე ვარჯიშის შემდეგ, დინამოში ნახევარმცველთან კონტრაქტის გაფორმება გადაწყვიტეს, რაც დიდწილად გუნდის მთავარი მწვრთნელის, დავით ყიფიანის სურვილით მოხდა. დინამოში კობი დიდხანს არ გაჩერებულა და სულ მალე ვლადიკავკაზის ალანიაში გადაბარგდა, სადაც ცნობილი სპეციალისტი ვალერი გაზაევი დახვდა.
დინამოში წელიწად-ნახევარი გავჩერდი, რის შემდეგაც ალანიაში გამანათხოვრეს. ჩემი ტრანსფერის დეტალების მოსაგვარებლად, გაზაევი თბილისში თავად ჩამოვიდა. დინამოს მომდევნო წელს ჩემპიონთა ლიგაში სურდა თამაში და ამიტომ მხოლოდ განათხოვრებას დათანხმდნენ – სეზონის შემდეგ, კლუბის დასახმარებლად თბილისში უნდა დავბრუნებულიყავი.
ძალიან პატარა ასაკში, რუსეთის პრემიერლიგაში სათამაშოდ გადაბარგება და თან არც ისე ურიგო გუნდში, როგორიც მაშინ ალანია იყო, ადვილი არ ყოფილა. ამის მიუხედავად, რუსეთში ძალიან მაგარი სეზონი მქონდა. ბოლოსკენ ტრავმა მივიღე და ამიტომ სულ 21 მატჩში ვითამაშე, თუმცა გოლებიც გავიტანე, მათ შორის უეფას თასზეც და წლის ბოლოს, ერთბაშად ლიგის საუკეთესო დებიუტანტად, ახალგაზრდა ფეხბურთელად და ლეგიონერად დამასახელეს.
ვხვდებოდი, რომ ალანიადან უნდა წამოვსულიყავი, იქ დარჩენა ჩემი კარიერისთვის კარგი არ იქნებოდა. მახსოვს, ტრავმასაც ძალიან ცუდად მკურნალობდნენ და, საბოლოოდ, მიუხედავად მათი დიდი სურვილისა, ოსური კლუბიდან წამოსვლის გადაწყვეტილება მივიღე.
იმ დროს ევროპაში რამდენიმე ქართველი ფეხბურთელი თამაშობდა. მურთაზ შელია, ძმები არველაძეები, თემურ ქეცბაია, მიხეილ ყაველაშვილი, გიორგი ქინქლაძე... 1997 წელს, საფრანგეთის საზღვართან მდებარე გერმანიის ქალაქ ფრაიბურგის ამავე სახელწოდების გუნდის შემადგენლობაში ალექსანდრე იაშვილი ჩაირიცხა. სულ მცირე ხანში, კლუბში კიდევ ერთი ქართველი, ჯერ კიდევ ყველასათვის უცნობი ნახევარმცველი მივიდა. ამ დროს ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ფრაიბურგს მოგვიანებით მცირე საქართველოს ნაკრებს უწოდებდნენ და გუნდში ქართველები წამყვან პოზიციებზე იქნებოდნენ.
ფრაიბურგისგან დაინტერესების შესახებ, მგონი, ყველაზე გვიან მე გავიგე. თურმე ფინკე საქართველოში ხშირად ჩამოდიოდა და ნაკრების თამაშებს ესწრებოდა. ეროვნულ გუნდში დებიუტი 1996 წელს მქონდა, შემდეგ წელსაც ვითამაშე რამდენიმე შეხვედრაში და გერმანელთა ინტერესიც სწორედ ერთ-ერთი სანაკრებო მატჩზე დაკვირვებისას გაჩენილა.
ფრაიბურგი არ იყო ჩემპიონობისთვის ან საპრიზო ადგილებისთვის მებრძოლი გუნდი. ერთადერთხელ გავედით ბუნდესლიგაში მეხუთე პოზიციაზე, უეფას თასის საგზური მოვიპოვეთ და ეს ჩვენთვის დიდი წარმატება იყო. შეიძლება ვინმეს გაუკვირდეს, მაგრამ ვფიქრობ, ეს ყველაფერი ძალიან გვეხმარებოდა. მედიის და გულშემატკივრებისგან ზეწოლა ნაკლებად იყო, შეიძლებოდა 3-4 თამაში წაგვეგო, მაგრამ კრიტიკის ქარცეცხლში არ გავეტარებინეთ. ასეთ პირობებში თამაში ძალიან კომფორტული იყო, მით უმეტეს ჩვენთვის, ახალგაზრდებისთვის. თუმცა, უნდა ითქვას, რომ საქმეს უდიდესი პასუხისმგებლობით ვეკიდებოდით, კარგი გუნდი გვყავდა, საკმაოდ სანახაობრივ ფეხბურთს ვთამაშობდით და, საბოლოო ჯამში ეს პერიოდი პროფესიული ზრდისთვის ძალიან წამადგა. გერმანიაში დღესაც ძალიან კარგად ახსოვთ ის ფრაიბურგი.
გავიდა დრო, კობი გერმანულ ლიგას გაუშინაურდა და არაერთი დასამახსოვრებელი შეხვედრა ჩაატარა. მისი პროგრესი შეუმჩნეველი არ დარჩენილა და სულ მალე უკეთეს კლუბში თამაშის შესაძლებლობაც მიეცა. გელზენკირხენის შალკე იმ დროს ბუნდესლიგის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი იყო, რომელიც ევროტურნირებშიც რეგულარულად მონაწილეობდა. კობიმ გამოწვევა მიიღო და მალე ახალ კლუბშიც შეუცვლელ ფიგურად იქცა.
ფრაიბურგში ხუთწელიწად-ნახევარი გავატარე. თავიდან, როდესაც ახალგაზრდა ვიყავი, ყველაფერი კარგად იყო, საშემსრულებლო ოსტატობას ვანვითარებდი, მაგრამ დადგა მომენტი, როცა მივხვდი – იქ მეტხანს გაჩერება სარგებელს არ მომიტანდა. სხვა დონეზე გადასვლა მჭირდებოდა და 2002 წელს, ერთი სეზონით ადრე, სანამ გუნდიდან წავიდოდი, ფრაიბურგის ხელმძღვანელობას განვუცხადე – შემდეგ სეზონში უნდა წავიდე და კონტრაქტის გახანგრძლივებაზე არც დამელაპარაკოთ-მეთქი. არ სურდათ ჩვემი გაშვება, მაგრამ რას გააწყობდნენ...
მაშინ ცსკა მაგარი გუნდი იყო, შემდეგ წელს უეფას თასიც კი მოიგო. მისი ხელმძღვანელობა გაზაევთან ერთად ფრაიბურგში ჩამოვიდა, კონტრაქტი შემომთავაზეს, მაგრამ უარი ვუთხარი. მოგვიანებით, სხვა ვარიანტებიც გამოჩნდა, რომელთაგან გელზენკირხენის შალკე 04 ავარჩიე და იქ გადავედი.
შალკეში გარდამავალი პერიოდი იყო, გუნდს გამოცდილი ფეხბურთელები ტოვებდნენ და ახალი სისხლით ივსებოდა. ჩემი პირველი მწვრთნელი გელზენკირხენში იუპ ჰაინკესი იყო. დასაწყისში ძირითადში დავიწყე თამაში და ასე იყო წლების განმავლობაში, გუნდის შეუცვლელ ფეხბურთელად ჩამოვყალიბდი, რაც ძალიან მახარებდა. კლუბის ხელმძღვანელობა, ისტორია, სტადიონი, გულშემატკივარი, ამბიციები – აქ ფრაიბურგისგან სრულიად განსხვავებული სიტუაცია დამხვდა. მიუნხენის ბაიერნის შემდეგ, შალკე გერმანიაში ყველაზე ძლიერ გუნდად ითვლებოდა. ახლა, კარიერას რომ გადავხედავ, ბევრი დასამახსოვრებელი დღე მაგონდება, მათ შორის ერთი ისეთია, სიცოცხლის ბოლომდე განსაკუთრებულად რომ მემახსოვრება.
მახსოვს, დილით ბავშვი მეუღლის მანქანით სკოლაში წავიყვანე. სახლში ვბრუნდებოდი, რათა ჩემი ავტომობილი გამომეყვანა და ვარჯიშზე წავსულიყავი. საღამოს შალკეს უმნიშვნელოვანესი თამაში ჰქონდა. ერთ-ერთ ვიწრო ქუჩაზე შუქნიშანთან გავჩერდი, როდესაც მწვანე აინთო, მანქანის დაძრა ვცადე, მაგრამ ამაოდ. გაცხარებული მძღოლები მისიგნალებდნენ, მე კი ვერაფერს ვახერხებდი – საწვავი გათავდა. სირცხვილისაგან ვიწვოდი, მანქანიდან გადმოსვლა მერიდებოდა, უხერხულ მდგომარეობაში ჩავვარდი, თან ვარჯიშზე მაგვიანდებოდა. თამაშამდე რამდენიმე საათით ადრე ეს მინდოდა?! მეუღლეს დავურეკე, სასწრაფოდ გამომიარე-მეთქი, ვარჯიშზე აფორიაქებული მივედი.
იმ საღამოს, ჩემპიონთა ლიგის მატჩში შალკემ PSV ეინდჰოვენი 3:0 დაამარცხა და სამივე გოლი მე გავიტანე. უბედნიერესი დღე იყო ჩემს ცხოვრებაში, რომელიც არასოდეს დამავიწყდება. საშინელი დილის შემდეგ, მოვლენების ასეთ განვითარებას ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი. ამის შემდეგ, როდესაც მანქანას მათხოვებდა, მეუღლე სულ ცდილობდა შიგნით ცოტა ბენზინი ყოფილიყო. ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით...
Kobi – როგორც მას გერმანიაში უწოდებენ, მუდამ სარგებლობდა პროფესიონალის სახელით, წლების განმავლობაში იყო საოცრად სტაბილური მოთამაშე და ამიტომაცაა, რომ ბუნდესლიგაში მთლიანობაში 351 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ამ მაჩვენებლით, კობიაშვილი უმაღლეს გერმანულ საფეხბურთო ლიგაში მოთამაშე ლეგიონერებს შორის, კლაუდიო პიზაროს შემდეგ, მეორე ადგილს იკავებს. კობიმ გერმანიაში 16 სეზონი გაატარა, გარკვეული პერიოდი რანგით დაბალ – მეორე ბუნდესლიგაშიც. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, გასაკვირი არ არის, რომ მისი გადაბირებით სხვადასხვა დროს არაერთი სახელოვანი გუნდი იყო დაინტერესებული.
ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ალანიაში ვთამაშობდი, ნიუკასლში გადასვლის ვარიანტი მქონდა. ფრაიბურგში ყოფნისას ინტერის ინტერესი იმდენად სერიოზული იყო, რომ მოსალაპარაკებლად მილანშიც კი ვიყავი ჩასული. მიუნხენის ბაიერნი ორჯერ მიწვევდა. პირველად, ფრაიბურგის პერიოდში დამიკავშირდნენ, მაშინ იქ ლიზარაზუ თამაშობდა და მე მის შემცვლელად მომიაზრებდნენ. შემდგომში, როდესაც შალკეში წარმატებული პერიოდი მქონდა, ბავარიას იმდროინდელი მთავარი მწვრთნელი, ფელიქს მაგათი შემეხმიანა. ვისაუბრეთ, გამზადებული კონტრაქტი მომცეს, ული ჰიონესის სახლშიც კი ვიყავი, ყველაფერი შევათანხმეთ, მაგრამ ბოლოს არ წავედი... რატომ? კარიერის ყველა პერიოდში ვგრძნობდი, იმ დროს რა იქნებოდა ჩემთვის კარგი. შალკეში ძალიან მაფასებდნენ, სჯეროდათ ჩემი, მნიშვნელოვანი როლი მეკავა და გადავწყვიტე, ამაზე უარი არ მეთქვა. შესაძლოა ბაიერნში ტიტულები მომეგო, მეტი მედალი მქონოდა, მაგრამ ასე ჩავთვალე სწორად და კონტრაქტზე ხელის მოწერაზე ბოლო მომენტში ვთქვი უარი.
შალკეს შემდეგ ბერილინის ჰერტაში გადავედი და ვთვლი, რომ ესეც სწორი გადაწყვეტილება იყო. პატარა ბიჭი აღარ ვიყავი, დედაქალაქელებმა კარგი პირობები შემომთავაზეს და ცხოვრების გადახალისება გადავწყვიტე. ჰერტას სულ სხვა ამოცანები ჰქონდა, გუნდი ბუნდესლიგიდან გავარდა და მიზნად ელიტაში დაბრუნებას ისახავდა. საბოლოოდ ასეც მოხდა და მიხარია, რომ ამ ყველაფერში ჩემი წვლილიც შევიტანე.
36 წლის ასაკში რთულია ძველებურ კონდიციებში ყოფნა, მაგრამ შრომისმოყვარეობასა და დისციპლინაზე უარი არასოდეს მითქვამს, ფორმას ვინარჩუნებდი და თამაშიც მიწევდა. გასულ სეზონში რამდენიმე დასამახსოვრებელი შეხვედრა ჩავატარეთ, მათ შორის დორტმუნდის ბორუსიასთან, სადაც ლევანდოვსკის მეურვეობა დამევალა. ტურის ფეხბურთელად დამასახელეს, რამდენჯერმე სიმბოლურ ნაკრებშიც მოვხვდი, მაგრამ ამის მიუხედავად, კარიერის დასრულება გადავწყვიტე. ფეხბურთმა მომცა ყველაფერი, რაც გამაჩნია და მის გარეშე ცხოვრება ძალიან რთულია, მაგრამ ყველაფერს აქვს დასასრული.
ვიცი, ბევრს აინტერესებს, მივიღებ თუ არა მონაწილეობას ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში. სულ მალე, ჩემი სამომავლო გეგმების შესახებ საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება. ერთს კი ახლაც გეტყვით, რომ ქართული ფეხბურთისგან განზე გადგომას არ ვაპირებ. დიდი სურვილი მაქვს, დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება ჩემს ქვეყანას მოვახმარო.
2011 წლის 11 ოქტომბერს, კობიმ საქართველოს ნაკრებში მეასედ ითამაშა და ამ მაჩვენებლით დღემდე რეკორდსმენია. ალბათ მაშინ ცოტა თუ იფიქრებდა, რომ დიდი ხნის განმავლობაში ჯვაროსნების შეუცვლელი ფეხბურთელისთვის ეს სანაკრებო კარიერაში ბოლო შეხვედრა იქნებოდა. კობიაშვილისთვის ეროვნული გუნდი ყოველთვის ბევრს ნიშნავდა, ზოგის მსგავსად შეკრებაზე ჩამოსვლა არასოდეს დაზარებია და ნაკრების წარუმატებლობასაც განსაკუთრებით განიცდიდა. მიუხედავად ამისა, ხსენებული დღის შემდეგ, თემურ ქეცბაიას ეროვნულ გუნდში ალექსანდრე იაშვილთან ერთად, ლევან კობიაშვილიც აღარ გამოუძახებია, მიზეზად კი ნაკრების გაახალგაზრდავების სურვილი დაასახელა. პარალელურად, ოცდაათ წელს გადაცილებული კობი ბუნდესლიგაში თამაშს განაგრძობდა და თან საკმაოდ კარგადაც. დღეს კობიაშვილი ნაკრებზე ნაღვლიანად საუბრობს...
არ ვიცი, რატომ ვერ ვაღწევდით წარმატებას. ალბათ დისციპლინის პრობლემაც იყო ცალკეულ შემთხვევებში, ჟინიც გვაკლდა და თავდადებაც. პირადად, ყოველთვის ვიცოდი, თუნდაც მაშინ, როდესაც დინამოში პირველად მივედი, რომ დღეს ნორმალურად, თუნდაც კარგად ყოფნით არ უნდა დავკმაყოფილებულიყავი. მაგალითად, ძალიან მიხაროდა, 18 წლის ასაკში მანქანა რომ მყავდა, მაგრამ საკუთარ თავს რაღაც ზომას ვუწესებდი, რისთვისაც არ უნდა გადამებიჯებინა. არ ვაპირებ ჩემი ფილოსოფიური თეზისების ვიღაცებისთვის მოხვევას, მაგრამ თუ ვინმე ამ ჩემს ისტორიას წაიკითხავს და გამოცდილებას გაიზიარებს, გამიხარდება.
ძალიან მწყინს, ნაკრების მთავარ მწვრთნელსა და ფეხბურთელებს შორის რომ ამდენი კონფლიქტური სიტუაციაა. ვთვლი, რომ ზურაბ ხიზანიშვილისა და ალეკო ამისულაშვილის გამოცდილება გუნდს ძალიან წაადგებოდა. ასევე არ მესმის ლევან ყენიასთან მიმართებით რაც მოხდა. ბოდიში მომითხოვია, მაგრამ ვისი რა საქმეა ქორწილში ვის დაპატიჟებს? ან რა მწვრთნელის საქმეა, ფეხბურთელი წვერს ატარებს თუ სვირინგი აქვს გაკეთებული? ორივე მხრიდან კეთდებოდა მიუღებელი განცხადებები, რაც ძალიან სამწუხაროა და საბოლოოდ ქართული ფეხბურთისთვისაა საზიანო.
მე და თემური ერთად ვთამაშობდით, უდიდეს პატივს ვცემდი და ახლაც ვცემ. არ ვარ ის ადამიანი, მის მიმართ აგრესიით განვეწყო, უბრალოდ ერთია – გულდაწყვეტილი ნამდვილად ვარ. თვითონ ის ფაქტი, რომ ამდენი ხნის შემდეგ ეს თემა კვლავ აქტუალურია, ბევრ რამეზე მეტყველებს. მერწმუნეთ, რომ დავმსხდარიყავით, გვესაუბრა და ეს გადაწყვეტილება ერთად მიგვეღო, რა თქმა უნდა, ჩემთვის მტკივნეული იქნებოდა, მაგრამ მალე გადამივლიდა. ფორმა იყო არასასიამოვნო და ვთვლი, რომ მეტ პატივისცემას ვიმსახურებდი.
ზუსტი თარიღი ჯერ არ ვიცი, მაგრამ ქართველ გულშემატკივარს აუცილებლად გამოვემშვიდობები. გამოსათხოვარ მატჩს თავად, ჩემივე ფინანსებით გავაკეთებ. მასში მონაწილეობას ის ფეხბურთელები მიიღებენ, ვისთან ერთადაც სხვადასხვა დროს მითამაშია.